საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ, გორდან გრილიჩ რადმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
„ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან ერთად, მინისტრს ვესაუბრე საქართველოს საშუალოვადიან მიზანზე, რაც გულისხმობს ევროკავშირში ეტაპობრივ ინტეგრაციას, მის ერთიან ბაზარზე მაქსიმალურ წვდომას. ხსენებული საქართველოს და მის მოსახლეობას მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში კონკრეტულ სარგებელს მისცემს და ფაქტობრივად, შესაძლებელი იქნება იმ სიკეთეებით სარგებლობა, რაც ევროკავშირში წევრობას მოაქვს.
ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე საუბრისას შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული განზომილების გასაძლიერებლად. ვისაუბრეთ უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული გარემოების შესახებ რაც კიდევ უფრო დაამძიმა რუსეთის ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ. კოლეგასთან საუბრისას აღვნიშნე ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. კოლეგას გავუზიარე, რომ საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციით, შესაძლებელია რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოთა საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მცდელობის შეჩერება და მშვიდობის უზრუნველყოფა“
კომენტარები