პარლამენტმა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციები დააწესა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება.
კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, ხათუნა სამნიძის, ნიკოლოზ სამხარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივაა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება შესაბამისი მუხლი, რომელიც ასეთი ქმედებისთვის გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კომენტარები