ლონდონის ქართულ ეპარქიაში დაპირისპირებაა. მრევლი მეუფე ზენონ იარაჯულს აუჯანყდა და მის წირვებს არ ესწრება. მიზეზი მეუფის მიერ არქიმანდრიტ დოროთესა და ორი სასულიერო პირისთვის მღვდელმსახურების აკრძალვაა.
მრევლში ამბობენ, რომ მთავარეპისკოპოსს სურს, ეპარქიაში დაამყაროს ერთპიროვნული მმართველობა, ისინი კი ამის წინააღმდეგი არიან. ლონდონის ეპარქიის მრევლს საქართველოს საპატრიარქოსთან კითხვები აქვს. უპირველეს ყოვლისა, ისინი ითხოვენ, პასუხი გაეცეს სუსის კრებსებში მეუფე ზენონის ხსენებას, სადაც მის მამათმავლობაზეა საუბარი.
მრევლის მოთხოვნაა, ასევე, არქიმანდრიტ დოროთეს კვლავ მიეცეს მღვდელმსახურების უფლება და აღდგეს სასულიერო სკოლა, რომელიც მეუფე ზენონმა გააუქმა. მორწმუნეების თქმით, ამ სკოლაში ქართველების შვილები სწავლობდნენ წლების განმავლობაში და არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ, ზენონმა ის დახურა, მიზეზად კი დაასახელა, რომ სკოლა სამართალდარღვევით ფუნქციონირებდა.
ზენონი გამოირჩევა სიძულვილის ენით და მათ სექტას უწოდებს – ამბობენ მის მრევლში.
„ვემზადებით, რომ ეპისკოპოსის წინააღმდეგ დავიწყოთ მოძრაობა, რომელსაც აქვს წერტილი ეპისკოპოსის აქ მოღვაწეობის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვემიჯნებით ფარულ მოსმენებს, მაგრამ გვსურს, მივიღოთ პასუხი კრებსებში არსებულ ინფორმაციაზე ზენონის მამათმავლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მრევლის ერთ-ერთმა წევრმა.
კომენტარები