2020 წლის 22 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის „სისხლიანი გარჩევა“ მოხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში მოცემულ დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები.
2020 წლის 22 სექტემბერს N8 პენიტენციური დაწესებულების ერთ საკანში მყოფმა ბრალდებულმა გ.დ.-მ და მსჯავრდებულებმა გ.შ.-მ და შ.ჭ.-მ მიიყენეს დაზიანებები წინამხარზე მრავლობითი ჭრილობების სახით.
პატიმრების მოთხოვნა იყო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ჩაისა (დასაყენებელი ჩაის) და სიგარეტის მიწოდება და სწორედ ამ მოტივით მიიყენეს მათ თვითდაზიანებები. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მენიუში შედის ასევე ჩაიც, თუმცა თუ პატიმარს დამატებით სურს ჩაის მიღება, მოცემული პროდუქტი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში უნდა შეიძინოს, ისევე, როგორც სიგარეტი, რომლის პატიმრისთვის მიწოდების ვალდებულება სპეციალური პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია. ამასთან, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის შესაძენად ყველა პატიმარს აქვს საბანკო ბარათი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მოთავსებისთანავე სპეციალურად მზადდება თითოეული პატიმრისთვის.
წულუკიანის უწყება სამივე მსჯავრდებულის პირადი საქმიდან ასაჯაროებს ასევე იმასაც, რომელს რა მუხლი აქვს მისჯილი. თუმცა, როცა მედია ვითხოვთ მსგავსს მონაცემს, მაშინ ან არ გვპასუხობენ, ან გვპასუხობენ, რომ ეს პირადი ინფორმაციაა და ვერ გაასაჯაროებენ, შესაბამისად, განცხადებიდან ეს ნაწილი ამოვიღეთ, მით უფრო, რომ არაფერი საერთო არა აქვს ჩაის დალევას, ოჯახური ძალადობის მუხლით გასამართლებასთან.
უცნაურია, რომ პატიმრები ადმინისტრაციისგან სიგარეტს ითხოვენ, რადგან მათ კარგად იციან, რომ მათ სიგარეტს არავინ მისცემს, მაგრამ, რაც შეეხება ჩაის, პანდემიის დროს, გრიპის მოახლებული სეზონის დროს, პატიმარს ერთის მაგიერ, ორი ჭიქა ჩაი რომ დაალევინოთ, ურიგო არ იქნებოდა, მით უფრო, რომ სამინისტროს 44 საყვავილე ვაზისთვის და “უფროსის სკამებისთვის” აქვს ათასები გადახდილი მხოლოდ წელს.
ქალბატონო მინისტრო, ჩვენ ავაგროვებთ მაგ თანხას. რამდენი შევაგროვოთ, რა თანხა გჭირდებათ, რომ პატიმრებს ჩაი დაალევინოთ, იმდენჯერ, რამდენჯერაც უნდათ?
რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც პატიმრის დედამ გაავრცელა, ის ამბობს, რომ 3-4 პატიმარი დაჭრილია – არ არის დაჭრილი? – კიო, მინისტრმა, 3 პატიმარი დაჭრილიაო, მაშ, რა არის ყალბი ინფორმაცია?
აა, არ უჩხუბიათ, ისე არიან დაჭრილები მრავლობითი ჭრილბებით? ჩაის გამო? – ხოო, უარესი!
რა თქმა უნდა, არავის სჯერა, რომ ჩაის გამო დაიჩეხეს თავი პატიმრებმა და მინისტრის განცხადება, მინიმუმ დაცინვაა, მაგრამ, თუ ჩაის დალევის გამო იკლავენ პატიმრები თავს – დაალევინეთ! თუ ფიქრობთ, რომ ჩაის სხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ, დააყენეთ ჩაი, დაუსხით და ისე დაალევინეთ. მაგრა, რა ჩაი, რის მურაბა, ქალბატონო მინისტრო?
საყვავილე ვაზები და უფროსის სავარძლები დაგიძველდათ, მინისტრო, უკვე რამდენიმე თვის ნაყიდია, ახალის ყიდვა თუ მოგინდეთ, არ მოგერიდოთ.
ალია
კომენტარები