მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“მე არ მჯერა ცალმხრივობის. საერთოდ არ მჯერა ადამიანის ცალმხრივი შესაძლებლობების და სივრცეში გაფანტული ძალისხმევის. ასე რომ იყოს, იმდენი ძალა მაქვს ჩადებული მუშაობაში და ფიქრში, რომ მილიონერი უნდა ვყოფილიყავი – ის რაც, ვითომ არა, მაგრამ მგონი ყველას გვინდა.
ახლა მე რომ ძალიან მოვინდომო, აი, ძალიან, ძალიან მოვინდომო, ახალი ძარღვებიც რომ ჩავიდგა და ვარჯიშების სუპერ სისტემას მივმართო, ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში ხომ ვერ ვითამაშებ. წარმოიდგინეთ, ნიკოლა იოკიჩის წინ ვდგავარ და ვცდილობ თავზე ბურთი გადავატენო. ხედავთ, წარმოდგენითაც კი ვერ წარმოიდგინეთ.
უფრო მეტიც, ჩემს სხეულზე გამოსული ხორცმეტების შეჩერებასაც კი ვერ ვახერხებ. ექიმმა მითხრა, ეგ კუჭ-მუცლის ბრალია, რომელიც მიუშვიო. არადა, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი კუჭ-მუცელიც არ არის ჩემი. ანუ საერთოდ ვერ ვხვდები, შიგნით რა პროცესი მიმდინარეობს. ხანდახან ექიმთან მივდივარ ხოლმე, მაგრამ არც იმან იცის, რა მოვლენებს აქვს ადგილი ჩემს სტომაქში.
ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები მაქვს. შესაბამისად, როცა მესმის, ვიღაცის ლაპარაკი მთების გადადგმაზე, როცა ჩემ თანდასწრებით ტრაბახობენ, როცა ჭკუას მარიგებენ, როცა მესმის განუხორციელებელი თეზისები და მერე ანტითეზისები, განმარტოების გუნებაზე ვდგები.
თანაც ძალიან მოწყვლადი ვარ. აი, ვდგავარ ჩემს სახლთან გადასასვლელზე და საწინააღმდეგო მხრიდან მოქრის მანქანა: ის პერპენდიკულარულად ჭრის მთელ ქუჩას, ქმნის საშინლად საავარიო სიტუაციას და კინაღამ გვეჯახება… იცით ვის და ვის? მე და პატრულის თანამშრომელს. პატრული ჩემზე უფრო დაბნეულია და უბრალოდ, ხელებს ასავსავებს. მე მეკითხება, დაინახე, რა ქნაო? დააჯარიმე, დააჯარიმე, ვუყვირი მე, რას ელოდები?! სინამდვილეში პოლიციელს ჩემთვის არ შემოუჩივლია, სულ ვკიდივარ, ტრიალდება და მიდის.
წარმოიდგინეთ, ბატკა მახნოს წევრებს ევროპული სახელმწიფოს აშენების სურვილი რომ გასჩენოდათ. ამის შანსი იმდენივე იქნებოდა, რამდენიც მე მექნებოდა, აკვალანგმოკიდებულს წყნარი ოკეანის ფსკერზე რომ მნდომებოდა ფეხით გასეირნება.
შეიძლება დიდი სწავლებების ფუძემდებელი იყო და ავადმყოფობამ გძლიოს, დედამიწაზე ხდება ასეთი რამე. უბრალოდ, მაშინ ვიჭრები და ვიბნევი, როცა თეორიტიკოსს ზვიგენი ჭამს. ასე მგონია, წყალში ეყრება ყველაფერი.
ასეთ დღეში რატომ ვარ-მეთქი, ვკითხე მასწავლებელს. მან კი მიპასუხა, სხვას ვერ დაადანაშაულებ, მაგრამ საკუთარი თავის გაკიცხვაც ამ წუთას ბევრს არაფერს მოგცემს, ხანძრისას არავინ ფიქრობს ხანძრის კერაზე, როცა ცეცხლს ჩააქრობ, ყველაფერი ცხადი იქნება, მაგრამ იმ დროისთვის ეგ შენი ხანძრის კერა საერთოდ აღარ იქნება მნიშვნელოვანიო. ანუ პასიურობისკენ კი არა, აქტიურობისკენ მიმანიშნა, მაგრამ არა ცალმხრივად.
ამიტომ ახლაც ის მამაკაცი მიდგას თვალწინ, ტაძარში ღვთაებასთან მუხლი რომ ჰქონდა მოდრეკილი: ხმას არ იღებდა, ჩუმად იყო, არც ლოცულობდა არც არაფერი, თავი ჰქონდა დახრილი. რას აკეთებს-მეთქი? და ეგ კაცი მიხვდა, რომ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, და სინამდვილეში ახლა არავის არაფერს სთხოვს, უბრალოდ, აი, ასე გამოხატავს თავის სურვილს, რომ მორჩეს ამ ცალმხრივობას და იქნებ, სამყაროს სულს დაუკავშირდეს, ურთიერთობის რაღაც ფორმები იპოვოს მასთან, ცდილობს აღიაროს, რომ მარტოს აღარაფერი გამოსდისო…
ზოგი მას ჭეშმარიტებას უწოდებს, ზოგი აბსოლუტურ გონს, ზოგიც მატრიცას… მაგრამ ის არსებობს.
“
კომენტარები