გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მზადდება კანონ-პროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება- აღნიშნულ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზადდება კანონ-პროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. აცრა ნებაყოფლობითია.
იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან.
გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება.- აღნიშნულია განცხადებაში.
პედაგოგების ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, დღეს განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და ის დასამტკიცებლად განიხილება.
კომენტარები