ადვოკატი, ნინო შავგულიძე:
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან მოყოლებული, ერთ-ერთ ძირეულ პრობლემას ადამიანის უფლებების რღვევის კუთხით, სამართალდამცავი სტრუქტურების „ნორმად დამკვიდრებული“ არაკანონიერი ქმედებები წარმოადგენდა. აღნიშნული განპირობებული იყო საბჭოთა კორუმპირებული სისტემის მემკვიდრეობით, რასაც 90-იან წლებში პოლიციისა და კრიმინალური სამყაროს ერთმანეთში შეზრდა დაემატა, რის შედეგადაც პოლიციელის ასოციაციურ ხატად ღიპიანი, სასტვენიანი, ჭრელ ჯოხიანი და ფულის გამომძალველი ტიპაჟი იქცა, რომელიც კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად უბრალო ადამიანებს ჩაგრავდა.
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულმა საპოლიციო რეფორმამ, სამართალდამცავ უწყებებს მთლიანად ჩამოაცილა კორუფციისა და კრიმინალთან სიმბიოზის ასოციაცია, თუმცა მეორე უკიდურესობაში გადავვარდით. კრიმინალთან გამოცხადებული უკომპრომისო ბრძოლის ფონზე, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათი უფლებები შეუზღუდავი იყო, ნებისმიერი ადამიანისგან დამნაშავეს გამოიყვანდნენ, ყველაფერი შეეძლოთ და პირადი თუ პოლიტიკური ინტერესების სანაცვლოდ არღვევდნენ ადამიანის უფლებებეს, რითაც რეპრესიულ ინსტრუმენტად იქცნენ და გადაიყოლა კიდეც ამ ამბავმა ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლება.
2012 წლიდან, ერთი შეხედვით სამართალდამცავი უწყებების ურთიერთობა მოქალაქეებთან უფრო ლოიალური გახდა, თუმცა მალევე მათ ისევ დაუბრუნდათ კრიმინალთან „თანამშრომლობის“ 90-იანი წლებისეული სურნელი, დარჩათ „ყოვლისშემძლეობის“ განცდა და არც პოლიტიკური თუ პირადი მიზნებით ძალაუფლების გამოყენებაა მათთვის უცხო. დღეის მდგომარეობით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები თავს უფლებას ისევ აძლევენ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე გააჩერონ, დამცინავად, ირონიულად ესაუბრონ მოქალაქეს, სცადონ მოქალაქის „წამოკიდება“, დააკავონ კანონიერი საფუძვლის გარეშე და სასამართლოზე მათი, როგორც მხარის ჩვენება ვიდეო თუ სხვა მტკიცებულებების გარეშე პრიორიტეტულად იქნება მიჩნეული. თუ დაზარალებული ამ ამბავს ბოლომდე მიყვება და მრავალი წელი იბრძოლებს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, კომპენსაციას ბიუჯეტიდან, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით მიიღებს, თავგასული პოლიციელები კი პასუხისმგებლობის გარეშე რჩებიან და ვინმე სხვას ისე გაამწარებენ.
უკანასკნელ წლებში მომხდარი, მეტ ნაკლებად გაშუქებული მოვლენები სიმპტომატურად აღწერს სამართალდამცავ სტრუქტურებში დღეს არსებულ ვითარებას, რომლებიც რეალურ დამნაშაავეებზე მეტად უბრალო, „უზემოთპატრონო“ ადამიანებს ავიწროვებენ. დღეს, რომ პოლიცია გამოიძახო და ქურდობის ან სხვა მძიმე დანაშაულის დაფიქსირება სცადო, პოლიციელი ყველანაირად ეცდება გარემოება შეგამსუბუქებინოს. მსუბუქი ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიებისას, თითქმის შეუძლებელია „გაქცეული“ დამნაშავის ვიდეოკამერებზე პოვნა და მიმდებარე არეალზე კამერები ყოველთვის „გაფუჭებულია“, როცა გარდაცვლილ ლექსო ლაშაქარავას ყოველი ამოსუნთქვა გამოაქვეყნეს და თუ დასჭირდებათ ნებისმიერი ადამიანის მარშუტს დაადგენენ.
როგორ მოვედით აქამდე?!
ნაბიჯ-ნაბიჯ და მერე უცებ, ერთიანად. თავიდან გაგებით მოვეკიდეთ. მიყრუებული ჯურღმულებიდან ნელნელა გამოყვეს თავი კრიმინალებმა, ნელნელა ისევ რომანტიზდა ქურდობა და ქუჩური ცხოვრება.
სხვადასხვა არჩევნებზე, ხელისუფლებამ მოსახლეობის დასაშინებლად და მოსაბილიზებლად მშვენივრად გამოიყენა კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებსაც პოლიცია „არ იმჩნევდა“. ნელნელა შეიქმნა კრიმინალისა და პოლიციის თანამშრომლობის პრეცედენტები.
გახმაურდა შემთხვევა, როცა პოლიციელებმა იჩხუბეს და საქმის „მოსაგვარებლად“ კრიმინალურ ავტორიტეტებთან წავიდნენ.
იყო, არჩევნების შედეგების ციხეებთან ,,მალე სვაბოდა ბრატ”-ის ძახილით აღნიშვნა.
მერე მინისტრმა წულუკიანმა თქვა, რომ ქუთაისი არ უნდა ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელშიო (ქურდული ქალაქიაო) …
ამასობაში კრიმინალური სამყარო ჩვენს საზოგადოებაში დევნილიდან ისევ მდევნელი გახდა. სამართალდამცავი სტრუქტურები კი ფემიციდის საშიშროებაზე, რეალურ კრიმინალსა და დანაშაულზე იქამდე ხუჭავენ თვალს სანამდეც შეუძლიათ.
2022 წლის 18-19 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში ორი პირი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების მიმართ. აღნიშნულ საქმეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვინაიდან საზოგადოება შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ დაკავებული პიროვნენები არასრულწლოვან სკოლის მოსწავლეებს ხვდებოდნენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ მათ მიტყუებას ამგვარი ქმედების განხორციელების მიზნით. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს პიროვნებები მსგავს რამეზე შემჩნეულები იყვნენ, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობდა, თუმცა სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბოლო პერიოდში, სასამართლო სისტემა უცნაურად ლმობიერი გახდა კონკრეტულ მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში და იყენებს აღკვეთის ისეთ ღონისძიებებს, რის შემდეგაც დამნაშავე თავისუფალი რჩება და უფრო მძიმე დანაშაულს სჩადის. ზემოთ ხსენებული ამბის გარდა, ამის დასტურად თელავის რაიონული სასამართლოს მიერ პირისთვის შეფარდებული გირაოც გამოდგება, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირმა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მათ დედას ყელი გამოჭრა.
რაც შეეხება ქუთაისში მომხდარი პედოფილიური ქმედებისთვის დაკავებული პირების ამბავს, საინტერესოა არა მხოლოდ უშუალოდ ეს ფაქტი, არამედ საყურადღეობოა იმ მხრივაც, რომ ერთ ერთი დაკავებული დავით ზოსიაშვილი, ფიგურირებს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, როგორც ,,დაზარალებული”. პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები იმ მიზნით, რომ მათთვის სასურველი პიროვნება მიეცათ პასუხისგებაში, ამ პირს იყენებდნენ როგორც „ფარულ აგენტს“ და ცრუ მოწმეს. ზოსიაშვილს ავალებდნენ ნდობა მოეპოვებინა და შესულიყო იმ პიროვნების გარემოცვაში, რომელთა დაჭერაც სურდათ და ,,კერავენ მტკიცებულებებს”.
ერთ-ერთი ასეთია, მძიმე კატოგორიის სისხლის სამართლის დანაშაულზე მსჯავდებულ ირაკლი დანგაძის საქმე, სადაც ზოსიაშვილი წარმოჩენილია დაზარალებულად და მისი ჩვენების საფუძველზე ირაკლი დანგაძეს დაედო მსჯავრი. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული აუდიო მასალა წარადგინა, სადაც დავით ზოსიაშვილი აღიარებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა იგი იძულებული გახადა ირაკლი დანგაძის წინააღმდეგ მიეცა „მამხილებელი ჩვენება“ და ეთანამშომლა პოლიციასთან, სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა დაცვის მხარის სხვა არა ერთი მოწმის ჩვენებებთან და წერილობით მტკიცებულებებთან ერთად და შეასრულა საგამოძიებო ორგანოს/პროკურატურის დაკვეთა. შედეგად, ირაკლი დანგაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჯოხაძემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეში სხვა მტკიცებულებების არ არსებობიდან გამომდინარე, მოსამართლის გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნებოდა მხოლოდ დავით ზოსიაშვილის ჩვენებას, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე აპელირებდა დავით ზოსიაშვილის ჩვენების არასანდოობაზე, მის არასანდო პერსონაზე და ამხელდა მას ცრუ ჩვენების მიცემაში.
სამწუხაროდ, სამართლადამცავი სტრუქტურების მუშაობის მსგავსი არაკანონიერი მეთოდები კარგად აპრობირებულია და ქმნის მახინჯ სისტემას, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების უფლებები ეწირება. გაჯანსაღების ნაცვლად, სასამართლო სისტემა წლიდან წლამდე ჭაობდება, იღებს ალოგიკურ გადაწყვეტილებებს და ასრულებს პროკურატურის დაკვეთას, რის შედეგადაც სამართალდამცავი უწყებები წყვეტენ ვინ იქნება ციხეში და ვინ თავისუფლებაზე. სამართალდამცავ ორგანოებს „სჭირდებათ“ კომპრომატირებული, ამორალური ადამიანები, რომლებსაც დაჭერით შეაშინებენ და სანაცვლოდ ნებისმიერ საქმეს „შეკერავენ“ არასასურველი პირის მიმართ, მათ ხელში არსებული ცრუ მოწმეების გამოყენებით. ეს გახლავთ კარგად შემუშავებული სქემა, რომლითაც საგამოძიებო ორგანოები დანაშაულის გახსნის სტატისტიკას ზრდიან, პასუხისგებაში აძლევენ უდანაშაულო ადამიანებს, ხოლო რეალურ დამნაშავეებს გარეთ ტოვებენ, რათა უფრო მეტი ფსევდოსაქმე გამოაცხადონ გახსნილად ან გამოუძიებელი დანაშაულის ტვირთი სხვა უდანაშაულოს აჰკიდონ.
სწორედ ამიტომ, საქართველოში დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო გვჭირდება ჩვენ და არა ევროკავშირს, ვინაიდან მის გარეშე ვერ ავაშენებთ თავისუფალ, ცივილიზებულ საზოგადოებას და უბრალოდ ადამიანები ვერ იპოვიან სამართალს. თავისუფალ, ცივილიზებულ საზოგადოებას ვერ ავაშენებთ მანამ, სანამ სამართალდამცავი სტრუქტურების ისეთი რეფორმა არ განხორციელდება, სადაც სამართალდამცველი საზოგადოების რიგითი წევრის მეგობარი იქნება და მას „ზემოდან“, გამომწვევად და დამცინავად არ დაუწყებს ყურებას.
“ალია” კი შეგახსენებთ საქმეს, რომელშიც, გამოძიების “ოქროს მოწმე” სწორედ ის პირია, რომელიც ცოტა ხნის წინ ქუთაისში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (სკოლის ტერიტორიასთან) დააკავეს:
კომენტარები