უკვე კარგა ხანია ავტობუსზე და მეტროზე საუბარი არ წყდება, საზოგადოება ითხოვს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არც თბილისის მერიაა დიდად წინააღმდეგი, როგორც ჩანს, უკვე მერამდენე კვირაა, კალაძე მშვიდად, მაგრამ მყარად იმეორებს, რომ თბილსის მერიაა მზადაა ტრანსპორტის ასამუშავებლად და მითითებებს ელოდება “ზემოდან”…
პრემიერი ამბობს, რომ ის არ არის ეპიდემიოლოგი და ამიტომ ეპიდემიოლოგ ამირან გამყრელიძის რჩევას უსმენს – არადა, 8 მაისს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ის არ არის პროფესიით ეპიდემიოლოგი და ამიტომ მის ეპიდემიოლოგ თანამშრომლებს ეკითხება რჩევას.
მოკლედ, ასეა თუ ისე, როგორღაც, “გაფუჭებული ტელეფონის” პრინციპით – პრემიერი ასკვნის, რომ ავტობუსი და მეტრო საფრთხის შემცვლელია.
მთავრობის სხდომებზე პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი ამბობენ, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უნდა დააკმაყოფილოს ის ნორმები, რომლებიც მიაწოდეს!
ქალაქის მერი კი პასუხობს, რომ არანაირი მითითება არ მიუღია…
ეს უკვე კარგა ხანია გრძელდება, კალაძე არ ახსენებს პირდაპირ პრემიერს, მაგრამ ხაზგასმით ამბობს, რომ მითითებები მთავრობამ უნდა მისცეს და ჯერ კიდევ არ აძლევს.
დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ, პრემიერმა თქვა, რომ ტრანსპორტის ამუშავება რისკის შემცვლელია, ჯანდაცვის მინისტრმა კი თქვა, რომ ჯერ კიდევ არ დაუდგენია დასაშვები ავტობუსების ოდენობა და ავტობუსში დასაშვები მგზავრების ოდენობა.
საქმე იმაშია, რომ ქალაქში დასაშვები ავტობუსების ოდენობას ჯანდაცვის მინისტრი ვერ დაადგენს, მხოლოდ ქალაქის მერიას შეუძლია იმის თქმა, მაქსიმუმ რამდენი ავტობუსი უნდა გამოუშვას ქალაქში, რომ არ გადატვირთოს ქალაქი.
რაც შეეხება მგზავრებს – არსებობს უკვე მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის რეკომენდაცია, ახლა კი არაა, თვეებია უკვე არსებობს გეგმა, როგორ უნდა განალაგო ავტობუსში მგზავრები.
დღეს მინისტრმა ისევ განაცხადა, რომ “როგორც გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დააკმაყოფილოს ყველა ის საჭირო ნორმა, რომელიც არის ჩვენი მხრიდან მოწოდებული, შესაძლებელია გადაწყვეტილება დაჩქარდეს”
ტიკარაძემ მიაწოდა თბილისის მერიას საჭირო ნორმების ჩამონათვალი, როგორც ამბობს და ელოდება რომ ყველა ეს ნორმა დააკმაყოფილოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.
კალაძე კი ისევ ისე მშვიდად პასუხობს: – “ველოდებით მითითებებს. ჯერ არანაირი მითითება არ არის, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას.”
კალაძე ამბობს, რომ არათუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის წესები არ მიუწოდებია არავის, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს, ისიც არ უთქვამთ – და დასძენს, რომ ის მზადაა….
ვინ არის, აბა, მოუმზადებელი?
ვინ ვერ შეასრულა დავალება?
გამყრელიძემ, ტიკარაძემ, თუ გახარიამ?
დასხედით, ორიანი!
ეს ამბავი იმას მახსენებს, მინისტრი რომ იძახდა ექიმები უკვე გადავამზადეო და სინამდვილეში 17 მარტს ჯერ კიდევ ხელმოწერილიც რომ არ ჰქონდა ექიმების გადასამზადებელი გაიდლაინების დამტკიცებაზე ხელი…
ხელისუფლება ჯერ ამბობდა, რომ შეზღუდვების დროულად შემოღებით შეაჩერა ვირუსი, მერე დაგვპირდა, რომ აღდგომისწინა ეპიდემიოლოგიური ისტერიით შეაჩერებდა ვირუსს, მაგრამ ეკლესიის კლასტერის ვერ აღმოჩენის შემდეგ, ამ გეგმაზეც უარის თქმა მოუწია – ახლა ამბობს, რომ ავტობუსისა და მეტროს გაჩერებით შეაჩერა ვირუსი – ხოდა, ვერ დაკარგავს ბოლო კოზირს, ამასობაში კი განრისხებული მოქალაქეების წყევლა და რისხვა კახა კალაძეზე ტყდება.
“ქართული ოცნების” მომხრეებიც კი, კახა კალაძეს აბრალებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას და დღე არ გავა, უამრავმა მოქალაქემ არ დარეკოს მერიაში.
მერიის და გამგეობის თანამშრომლები პირად საუბარში თავადაც ვეღარ მალავენ უკვე გაღიზიანებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გამო, ცოტაც და ღიად დაიწყებენ, ალბათ, თავადაც ამაზე საუბარს.
მანამდე კი:
პრემიერმა თქვა…
ჯანდაცვის მინისტრმა თქვა…
ქალაქის მერმა თქვა…
არც ერთი არ ახსენებს მეორეს – მივეცი, არ მოუცია, მოვთხოვე, არ მოუთხოვია, მზად არ არის, მზად ვარ – ჯერ ფარული ომია მხოლოდ, საინტერესოა, როდის გაუწყდება კალაძეს ბოლო ძაფი და როდის დაადებს ხელს გაჭრილად პრემიერს – მანამდე, კი, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, მთავრობა გულს იქავრებს მოქალაქეების მიერ კალაძის ლანძღვის მოსმენით….
შეგახსენებთ, დღეს კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ მას ჯერ მითითებებიც კი არ მიუღია და არც იმას ამბობს, ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის უბრალოდ აფრთხილებს მთავრობას და დროს აძლევს მას ივნისის დასაწყისამდე – მანამდე კი, ავტობუსისა და მეტროს დაკეტვისთვის კალაძის ლანძღვაზე მწვანეა!
მოკლედ, ამ გაჭირვების დროს, ვერაფერი კარგი საყურებელი ვერ არის ქალაქის მერისა და პრემიერის სიტყვების ომი, პური უნდა გვქონდეს, სანახაობას რომ ჩავუსხდეთ. სანამ თქვენ ერთმანეთზე სტეხთ ჯოხს, მოსახლეობა ვზარალდებით!!!
ამასობაში, სასურსათო მაღაზიებში კლიენტთა რაოდენობა შეზღუდული აღარაა და იმდენ ადამიანს უშვებენ, რამდენიც მივა…
ამასობაში, სომხეთი ბრალს გვდებს რომ მონაცემებს ვაყალბებთ და ამბობს რომ არაერთ ქართველ მძღოლს აღმოუჩინა ვირუსი და სვამს კითხვას, როგორ გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი ინფიცირებულმა მძღოლებმა – მიუხედავად ამისა, საქართელოს მხარე ისევ არ ასაჯაროებს ინფორმაციას, საქართველოს რამდენ მოქალაქეს დაუდასტურდა სომხეთში კორონავირუსი და რაღაც ეჭვებზე საუბრობს, არადა ეჭვების გასაფანტად – უბრალოდ ციფრი დავასახელოთ, რამდენ ქართველს აღმოუჩინა სომხეთმა კორონავირუსი? დავასახელოთ ეს ფიცრი და ფაქტებით დავამტკიცოთ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ნათქვამის საპირისპირო.
ალია
კომენტარები