ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე:
“ეროვნული ბანკის მთავარი ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში ინფლაციის შესამცირებლად არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილების მიზანიც ის არის, რომ მიწოდების ფაქტორებით გამოწვეული მაღალი ინფლაცია არ გახანგრძლივდეს და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნება დროულად უზრუნველყოს. ასე რომ საკმაოდ აქტიური ვართ ამასთან დაკავშირებით. მონეტარულ პოლიტიკას გავლენა აქვს მხოლოდ მოთხოვნაზე და შეუძლებელია ამან მიწოდების ფაქტორებს წინააღმდეგობა გაუწიოს. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ არ ვაწარმოებთ ნავთობს და ამ ნავთობის ფასი 2.5-ჯერ იზრდება, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც ადგილობრივად ამ ნავთობის ფასების შემცირებას ან არგაზრდას გამოიწვევს.
ის გამოწვევები და სირთულეები, რომელიც პანდემიამ შექმნა, გავლენას ახდენს ინფლაციაზე. იყო ეკონომიკის ჩაკეტვები, რომელიც დღეს უფრო ნაკლებად ხდება, მაგრამ მოხდა. ამავე დროს, მოხდა მიწოდების ჯაჭვების რღვევა, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი და აქედან გამომდინარე, გაიზარდა ისეთი ხშირად მოხმარებადი საქონლის ფასი, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი. ეს ადგილობრივ ბაზარზეც აისახა და ამან გამოიწვია ფასების გაზრდა. ასეთ პირობებში, შეუძლებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ან რომელიმე ცენტრალურმა ბანკმა, საერთაშორისო ბაზარზე პანდემიით გამოწვეული დისბალანსი აღმოფხვრას და აქედან მომდინარე ინფლაციური შოკი ჩააქროს.
ის დაშვებაც უნდა გავაკეთოთ, რომ ფასების ზრდა დაუსრულებლად არ გაგრძელდება, რაღაც დონეზე აუცილებლად გაჩერდება და უკვე ამის შემდეგ, მისი ეფექტი იგივე თვიურ და წლიურ ინფლაციაში აისახება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2022 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. დიდი ალბათობით, რომ არა გამკაცრებული პოლიტიკა, დღეს ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა”.
კომენტარები