2 იანვარს, ახალი წლის მეორე დღეს საქართველოში ბედობა აღინიშნება. ეს დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც დღესასწაულია, თუმცა მას ისეთი დატვირთვა არ აქვს, როგორც ჩვენთან.
საქართველოში 2 იანვარი საკრალურ მნიშვნელობას იძენს და ადამიანებს სჯერათ, რომ თუ დღეს სასიამოვნოდ გაატარებენ, თუ სასიამოვნო მოვლენებს დაიბედებენ მთელი წელი ბედნიერი და წარმატებული ექნებათ.
2 იანვარს, ძველი სტილით კი, 15 იანვარს ბედობის აღნიშვნა საქართველოში უკვე საუკუნეებს ითვლის. ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მეკვლეს ენიჭება, რომლის მარჯვენა ფეხსა და კეთილ გულს უკავშირებენ მომდევნო წლის წარმატებას და იღბალს.
ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს აუცილებელია კარგ განწყობაზე ყოფნა, არ უნდა უნდა მისცეთ საკუთარ თავს უხასიათოდ ყოფნის უფლება, უნდა გაიღიმოთ, სხვებსაც გაუღიმოთ, დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ, დაიბედოთ მხიარულება და ის საქმეები, რომელბიც ბედნიერებას განიჭებთ.
ეცადეთ, არ იჩხუბოთ, არ იკამათოთ, იყავით ისეთი მშვიდები, როგორც არასდროს. გაეცით დახმარება და გამოიჩინეთ კეთილგანწყობა ადამიანებისადმი.
დღის „უბედურებად“ ითვლება, თუ იჩხუბებთ, მთელი წლის მანძილძე ჩხუბი და უბედურება დაგებედებათ.
ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი ირჩევდა მეკვლეს, ანუ “კაი ფეხის” ადამიანს. ამ დღეს ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ. თუ ვინმე მეკვლის სტუმრობას ისურვებდა, ამ შემთხვევაში, სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა შეეძლოთ. სტუმრად წასული “მეფეხური” მასპინძელს ლამაზად გამოწყობილი უნდა წვეოდა, ოჯახისთვის ტკბილეული უნდა მიერთმია და მხიარულ განწყობაზე ყოფილიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული. ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში, ამ დღესასწაულს აქტუალობა არ დაუკარგავს და 2 იანვარს „კაი ფეხის “ ადამიანისაგან შემდეგ სიტყვებს ისევ ელიან:
„შემოვდგი ფეხი,
გწყალობდეთ ღმერთი.
ფეხი ჩემი
კვალი ანგელოზისა“.
ქართველებს განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში ახასიათებთ ძალიან ბევრი ალკოჰოლური სასმელის მიღება, თუმცა ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ 2 იანვარს ზომიერება გამოეჩინათ და ბედობის დღეს ზედმეტი არ დაელიათ. ესეც ერთგვარად იმის მცდელობა იყო, რომ სიფხიზლე, ფხიზელი გონება დაბედებოდათ.
ამასთან, ძველად ბედობის დღეს ადამიანები ცდილობდნენ, რომ დილით ადრე ამდგარიყვნენ. ეს ერთგვარად სიმბოლური გამოხატულება იყო მათი ჯანმრთელად ყოფნის. სჯეროდათ, რომ თუ დილით ადრე ადგებოდნენ, ჯანსაღად გაივლ-გამოივლიდნენ, ამით სამყაროს აჩვენებდნენ, თუ როგორი ჯანმრთელები, ძლიერები და მოტივირებულები იყვნენ და მიიჩნევდნენ, რომ მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები არ შეაწუხებდათ.
მსოფლიო და 2 იანვარი:
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მართალია, 2 იანვარს ბედობის დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ის უქმე დღეა და უმეტეს ქვეყანაში ადამიანები საახალწლო ზეიმს აგრძელებენ, თუმცა არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც 2 იანვარს ახალი წლის დღესასწაული გარდა, სხვა დატვირთვაც აქვს.
მაგალითად, 2 იანვარს ჰაიტიზე გმირებისა და წინაპრების დღეს აღნიშნავენ და მათ სხვადასხვა რიტუალებით პატივს მიაგებენ.
შოტლანდიელებიც განსაკუთრებით აღნიშნავენ ამ დღეს, თუმცა ისინი არ მიიჩნევენ, რომ ეს დღე ბედობის დღეა. 2 იანვარი შოტლანდიაში ოჯახის დღეა. თუ პირველ იანვარს ოჯახი ერთად ვერ იკრიბება, ცდილობენ, რომ 2 იანვარი აუცილებლად ერთად გაატარონ.
ბჰუტანში კი, 2 იანვარს ზამთრის მზის დღესასწაული აქვთ და მას განსაკუთრებით ხვდებიან. ატარებენ ტრადიციულ სადღესასწაულო რიტუალებს.
კომენტარები