9 თებერვალს ამერიკის კინოაკადემია საუკეთესოებს დაასახელებს, იქამდე კი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გადავხედოთ ნომინანტებს და მათ ნაშრომებს.
წელს ნომინაციაში „საუკეთესო მამაკაცი მსახიობი“ ოსკარისათვის იბრძოლებენ:
ანტონიო ბანდერასი – ფილმისთვის „ტკივილი და დიდება“ / Pain and Glory
პედრო ალმოდოვარის დრამაში ბანდერასი კინორეჟისორ სალვადორ მალოს როლში გვევლინება, რომელიც კარიერის მიწურულს განვლილ ცხოვრებას იხსენებს. შემოქმედებითი კრიზისის პერიოდში მალოსთვის შვება მხოლოდ წარსულის გახსენებას მოაქვს. სალვადორის დედის, ხასინტა მალოს როლში პენელოპა კრუსი გვევლინება.
ლეონარდო დიკაპრიო – ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“ / One Upon A Time in Hollywood
კვენტინ ტარანტინოს ფილმში ჰოლივუდის შესახებ დიკაპრიო სატელევიზიო სერიალების ვარსკვლავის რიკ დალტონის როლს ასრულებს, რომელსაც კინოინდუსტრიის ახალ მოთხოვნებზე მორგება უჭირს, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც იგი მის მეზობლად გადმოსულ რომან პოლანსკის და მის ცოლს, შერონ ტეიტს გაიცნობს…
ადამ დრაივერი – ფილმისთვის „ქორწინების ისტორია“ / Marriage Story
ნოა ბაუმბახის დრამედია ოდესღაც ბედნიერი წყვილის, ნიკოლ და ჩარლი ბარბერების განქორწინების პროცესის შესახებ. დრაივერი ფილმში ჩარლი ბარბერის როლს ასრულებს, ნიჭიერი რეჟისორის, რომელსაც ყოფილ ცოლთან კარგი ურთუიერთობის შენარჩუნება სურს. მიუხედავად ამისა, მცირეწლოვან შვილზე მეურვეობის მისაღებად ნიკოლსა და ჩარლის შორის ნამდვილი ომი იმართება.
ხოაკინ ფენიქსი – ფილმისთვის „ჯოკერი“ / Joker
ტოდ ფილიპსის ფილმი კომიქსების ყველაზე ბურუსით მოცული, სასტიკი და საინტერესო ვილენის შესახებ „ოსკარის“ 11-გზის ნომინანტია, ხოაკინ ფენიქსი კი ამ ნომინაციის N1 ფავორიტი. ფენიქსის მიერ განსახიერებულმა ჯოკერმა როგორც მაყურებლის, ასევე კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია. მსახიობმა ართურ ფლეკის როლისათვის უკვე დაიმსახურა „ოქროს გლობუსი“.
ჯონათან პრაისი – ფილმისთვის „ორი პაპი“ / The Two Popes
„ნეტფლიქსის“ ფილმი მოგვითხრობს რომის ორი პაპის, კონსერვატორი პაპი ბენედიქტის და მომავალი ლიბერალი პაპის, ფრანცისკის ურთიერთობის შესახებ, რომლებიც ვატიკანის კედლებს მიღმა კათოლიკური ეკლესიისთვის ახალი, საერთო მიმართულების შემუშავებას ცდილობენ. პრაისს ფილმში პარტნიორობას სერ ენტონი ჰოპკინსი უწევს.
„ფორტუნა“
კომენტარები