ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება გალის რაიონში დაკარგული ნათია ბახტაძის შესახებ – ერთგან დაიწერა, რომ დედის თქმით, ნათია ცოცხალია, ხოლო ვინც გაიტაცა, დააკავეს.
სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, დედას ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ატყუებენ, რათა ხელი დააფარონ ბახტაძის მკვლელობაში ბრალდებულ ვინმე ცვიჟბას თუ წვიჟბას, რომელიც ადრე გალის რაიონის ე.წ. გამგეობაში მუშაობდა, მამამისი კი გავლენიანი პირია. ეს ბიჭი და ნათია ადრე ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ ნათია ბოლოს დაშორდა, რასაც ცვიჟბა ვერ ეგუებოდა.
აფხაზურ ფორუმებზე და ტგ-არხებზე ამის შესახებ თავად აფხაზები წერენ და ცვიჟბას უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
როგორც ირკვევა, ნათია ბახტაძის ცხედარი, რომელსაც ძალადობის კვალი ეტყობოდა, ოჩამჩირის რაიონში, ზღვის ნაპირისგან მოშორებით, ფიჭვნარში იპოვეს. ცხედრის ამოცნობა შეუძლებელი იყო გასაგები მიზეზების გამო, რაზეც აქ დაწვრილებით არ დავწერ (ველურ, უკაცრიელ გარემოში ამდენი დღის განმავლობაში ცხედარი რა დღეში იქნებოდა, თავად წარმოიდგინეთ). დნმ-ის ნიმუში სასწრაფო წესით გაიგზავნა მოსკოვში და მოვიდა პასუხი, რომ ცხედარი ნამდვილად ბახტაძისაა.
კამერების ჩანაწერებიდან ამოღებული ფირიდან ჩანს, რომ ცვიჟბა მივიდა ნათიასთან სახლში მანქანით, ცოტა ხანს ისაუბრეს, შემდეგ კი ძალით ჩაისვა მანქანაში გოგო და დიდი სიჩქარით დაიძრა. მოგვიანებით, გზის სხვა მონაკვეთში უკვე ჩანს, როგორ ართმევს ბიჭი გოგოს მობილურ ტელეფონს. ამის შემდეგ (28 ივლისი) ნათია ბახტაძე კავშირზე არ გამოსულა.
მოკლედ, ძალიან არეული მდგომარეობაა, წერენ კიდევ ერთ დაკარგულ გოგოზე და იმაზე, თითქოს ნათია ცოცხალია და ადრე დაკარგული იმ სხვა გოგოს ცხედარია ნაპოვნი, მაგრამ დნმ-ის ნიმუშისა და მასზე პასუხის გათვალისწინებით, ეს ძნელი დასაჯერებელია.
ამავე დროს, ეს ბიჭი, ცვიჟბა, მამამისთან და ადვოკატთან ერთად გამოცხადდა გუშინ მილიციაში აღიარებით რომ კი, ნათია მანქანაში ჩაისვა და ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა, ხოლო შემდეგ გაექცა და ვერ იპოვა. ამაზე აფხაზები წერენ, რომ ეს ვერსია საგანგებოდ მოფიქრებულია, რომ ნამდვილი მკვლელი სასჯელს აარიდონ.
ასეთი ამბებია და დღევანდელი გაგრძელების შესახებ ცალკე გიამბობთ.
კომენტარები