აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
„საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის კარდიალური კოდი…
ყველაფერი რაც დღეს რუსთაველზე ხდება, ყოველ წუთს რამდენჯერმე ხდება თითოეული თქვენგანის გულში და მას ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთადერთი განვითარება აქვს.
იმისთვის რომ გული შეიკუმშოს და ორგანიზმი სიცოცხლისთვის აუცილებელი მასალებით მომარაგდეს, ელექტრული იმპულსი უნდა გენერირდეს რითმის წამყვან ლოკაციაზე და შემდეგ წინასწარ განსაზღვრული ვექტორით მოედოს მთელს გულის კუნთს.
აქ მითითებულ ფოტოზე ჩანს გულის მოქმედების პოტენციალის გრაფიკული გამოსახულება. კონკრეტულად ეს გამოსახულება გულის რითმის წამყვანი სინოატრიალური კვანძის ელექტრული ისტორიაა. მოსვენებულ მდგომარეობაში უჯრედის შიდა ზედაპირი -60 mv -მდე ნეგატიურადაა დამუხტული. მოსვენებული მდგომარეობის მოქმედების პოტენციალად გარდაქმნისთვის აუცილებელია ნეგატიური მუხტი შემცირდეს და მიაღწიოს ისეთ ზღვარს, რომლის იქითაც უჯრედის გადამუხტვა გარდაუვალია და დეპოლარიზაცია იწყება. ასეთი ზღვარი სინუსური კვანძის უჯრედებისთვის -30 mv-ია. როგორც კი უჯრედშიდა ნეგატიური მუხტი ამ ნიშნულამდე შემცირდება გამარჯვება გარდაუვალია, დეპოლარიზაცია ავტომატურად ხდება და მოსვენების მდგომარეობა მოქმედების პოტენციალად გარდაიქმნება. შემდეგ ეს იმპულსი მოედება მთელს გულის კუნთს, ის იკუმშება, სისხლს მაგისტრალურ სისხლძარღვებში გადაისვრის და ორგანიზმის სიცოცხლეს უზრუნველყოფს.
ცოტაც და გადატვირთვის იმ ზღვარს მიაღწევენ ჩვენი მებრძოლები რომლის იქით ევროპული საქართველოს ჯანმრთელი და ხანგძლივი სიცოცხლე გარდაუვალია. საზოგადოების დეპოლარიზაცია და ელექტრული ვექტორის სწორი მიმართულებით მიმართვა აუცილებლად გამოიწვევს სისხლის მოძრაობაში მოყვანას და მოხდება დროებით ჩამკვდარი ევროპული საქართველოს რეანიმაცია.
ძლიერო და ნათელო გოგო-ბიჭებო, ფიზიკის კანონები ამბობენ რომ უპირობოდ გაიმარჯვებთ
კომენტარები