სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან ფონიჭალაში, სადაც დღეს დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს, სპეცოპერაცია სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად რამდენიმე ადგილას ჩატარდა – საქმე ეხება ნარკოდანაშაულს, პოლიციამ ათამდე პირი დააკავა.
ფონიჭალას გარდა, საგამოძიებო მოქმედებები ასევე რუსთავის გზატკეცილზე მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა დააკავეს 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.
„კურიერის“ ინფორმაციით, ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკის ღონისძიებაც. 50 წლამდე მამაკაცი პოლიციამ მაშინ აიყვანა, როდესაც ის სახლიდან გამოდიოდა.
„კურიერი“ ესაუბრა მის მამას, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. დაკავების დეტალებზე მამაკაცმა საუბარი არ ისურვა.
„არაფერი არ ვიცი შვილო ჯერჯერობით. მე მამა ვარ. ამ დილით მოვიდა პოლიცია და დააკავეს, რაზე დააკავეს არაფერი არ ვიცი. ნარკოტიკებიო. ჩემი შვილი არაფერს არ აღიარებს, რაზე მაკავებთო და არაფერი ვიცი. გაირკვევა ალბათ რაღაც“, – განაცხადა დაკავებულის მამამ.
ასევე, როგორც „კურიერისთვის“ არის ცნობილი, სპეცოპერაციები ნარკოდანაშაულის საქმეზე ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 10-ზე მეტი პირი დააკავა.
კომენტარები