“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს იუსტიციის ახალი მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც მანამდე, ამავე უწყებაში, მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
2021 წლის 26 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გოჩა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის: 2003 წელს მემკვიდრეობით გადაცემული, ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიის (40 კვ.მ ) 50%-ანი წილი; 2005 წელს ჩუქებით გადაცემული 1210 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სენაკის რაიონში და 2014 წელს, 125 000 დოლარად შეძენილი, 150,81 კვ.მ ბინა თბილისში.
გარდა ამისა, გოჩა ლორთქიფანიძის მეუღლის სახელზეა: 727 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 2401 კვ.მ სახლი ხობის რაიონში. ასევე, 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 33%-იანი წილი გრიგოლეთში.
დეკლარაციის მიხედვით, გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე (2020 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე) ხელფასის სახით – 48 625 ლარი მიიღო; ასევე, გასულ წელს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მიწვეული ლექტორის სტატუსით – 1 620 ლარი, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში – 960 ლარი, ხოლო, სოხუმის უნივერსიტეტში – 6 817 ლარი. უკვე მინისტრის პოსტზე კი, გოჩა ლორთქიფანიძის ხელფასმა, 2020 წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – 1310,86 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში გოჩა ლორთქიფანიძე ფლობდა: ,,თიბისი ბანკის” საბარათე ანგარიშზე – 4 214 ლარს, სახელფასოზე – 183,75 ლარს, ხოლო “საქართველოს ბანკის“ – სახელფასოზე – 500,5 ლარს.
კომენტარები