პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოვდივართ მანქანით, მძღოლი მეკამათება ნარკომოხმარების თემაზე და იმაზე, რომ ნალოქსონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, რომ ზედოზირებით ადამიანები არ კვდებოდნენ საქართველოში. საერთოდ უნდა ამოიღოო გაყიდვიდან, სულაც დახოცილან, ერთი მაგათი დედაც კი ვატირეო. იქნებოდა ასე 60 წელს გადაცილებული მამაკაცი. ამ უბნელი ვარო! აი, ჩემთან აქ, უბანში ეგეთები არ ხდება, კიდევ კარგიო!
გამიჩერე-მეთქი ნებისმიერ ეზოსთან და გიპოვნი სულ მცირე 3-4 გადაგდებულ ნახმარ ნემსთქო. აი, ვინც არაო და ა.შ. და ა.შ.
უზნაძის ქუჩაზე, 4 ნომერში გადავიღე ეს ფოტოები ტელეფონით – პირველი 2 სარდაფის ფანჯრებია, ბოლო კი მეორე მხრიდან ამავე სარდაფში ჩასასვლელი.
ასეთი სურათი დაგხვდებათ ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე, ყველა ეზოში. მე როგორც ვიცი, გუშინ თბილისში ზედოზირებით 2 ახალგაზრდა გოგო დაიღუპა. ამ მძღოლს რომ კითხო – ჯანდაბამდე გზა ქონიათ! დაიხოცონ უნდა, აბა რა უნდა ქნან! ვიღაცის შვილი, ვიღაცის და, ვიღაცის დედა, ნათესავი, მეგობარი, უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქე კვდება იმის გამო, რომ ამ დამპალ ქვეყანაში უკონტროლოდ, შავ ბაზარზე ყიდიან აბსოლუტურად უცხო ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რომლის ზედოზირების ქვეშ ადამიანები ჯერ ღრმა კომაში ვარდებიან, შემდეგ კი კვდებიან! დღეს ვიღაცის მიერ “დაკრიშული” ასეთი ნარკოტიკები იყიდება ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
და, აი, ასეთ ფონზე და ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველოში ფაქტობრივად ვერ იყიდით ნალოქსონს, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ადამიანი ზედოზირების დროს. სახელმწიფომ შეუზღუდა მომხმარებლებს, მათ შორის ამ ორ ახალგაზრდა გოგოს და სხვა მრავალ ადამიანს, სიცოცხლის უფლება! პოლიტიკოსებს გაახსენდებათ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა და ბლა ბლა ბლა არჩევნების წინ და მის დროს, მაგრამ მის შემდეგ გულგრილად გაიმეორებენ ამ მძღოლის მიერ ნათქვამ სიტყვებს “სულაც დახოცილან, ერთი მაგათი დედაც კი ვატირე!”.
კომენტარები