ფოტო – Anadolu Agency
რამდენიმე დღეა თურქეთში პოპულარულ კურორტებზე მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ცეცხლი უკვე გავრცელდა დასახლებულ პუნქტებსა და სასტუმროებზეც. ხანძარი მოედო პოპულარულ კურორტებს ბოდრუმსა და მარმარისს, სადაც რამდენიმე სასტუმროდან ადამიანები ევაკუირებულნი არიან. ტურისტები სხვა სასტუმროებში გადაიყვანეს…
თურქეთში მცხოვრები ქართველების თქმით, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ადანში, სადაც ტყის ხანძრის ექვსი კერაა, ხოლო ანტალიასა და მერსინში – ოთხ-ოთხი.
AMBEBI.ge-სთან თურქეთში, ცნობილ კურორტ ბოდრუმთან ახლოს მცხოვრები ქართველი ნინი ჩალიკი ამბობს, რომ ხანძარი სულ უფრო მეტ ტერიტირიას მოიცავს.
– ძალიან მძიმე სიტუაციაა. მასშტაბური ხანძრის გავრცელებას ისიც უწყობს ხელს, რომ მესამე დღეა ცხელი ქარია, იმდენად ძლიერი, რომ სახლის აივნიდან ნივთები გადაგვიყარა. ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს და ცეცხლს ყველანაირი პირობა აქვს, უფრო მეტი ფართობი მოიცვას.
გუშინ ჩვენთან კურიერი იყო მისული,. ჩვენთან 38 კი-ში არსებულ ადგილზე მუმჯულარზე გვითხრა, იწვის, კვამლი იდგაო, არ დავიჯერეთ… მაგრამ მართალი აღმოჩნდა. არ ვიცი რა იქნება. მეხანძრე-მაშველები თავგანწირვით იბრძვიან ცეცხლის გასანეიტრალებლად. ჯერჯერობით ხაძრის მასშტაბები ძლიერია. მეგობარმა, რომელიც ბოდრუმში ისვენებდა, მომწერა, აქაურობა იწვისო, ვიდეო ჩამიგდო, რაც ხდებოდა. კიდევ ერთი ახლობლის თქმით, ფაქტობრივად გადაიწვა, რუკიდან წაიშალა ანტალიის ახლოს მდებარე სოფელი, მანავგატი.
– მსხვერპლის შესახებ რა ინფორმაცია ვრცელდება?
– აქაურ მედიას ყველაფრის გაშუქების უფლება არ აქვს, ხალხი რომ არ დასტრესონ, ცუდი შედეგები ხელისუფლებისთვისაც წამგებიანია, ამიტომ რეალურ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით და თვითმხილველების პოსტებით ვიგებთ. ბევრ ადგილას კი მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან დიდია ხანძრის მასშტაბი. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია, უბრალოდ, ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია და შემდეგ თანდათან გაირკვევა.
აქაურ სოფლებში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ფრინველები და ცხოველები, ძროხა, ცხვარი, ძაღლი, ქათმები. ძალიან მშრომელი ხალხია და ამ შემოსავლით ცხოვრობენ. სიმინდის ყანები აქვთ, ავოკადოს ახარებენ. რასაკვირველია, მათი გადარჩენის თავი არავის აქვს, მაგრამ მაინც ცდილოვბენ რაღაც მაინც გადაარჩინოს და ევაკუაციის ტალღას არ მიჰყვებიან.
ვნახე კადრები, როგორ ტირიან უზარმაზარი ცეცხლმოკიდებული სახლის მცხოვრებნი. ერთი ბიჭის ამბავი დაწერეს, მშობლები ჰყოლია იმ სოფელში, ხანძრისგან გაქცევა უცდიათ, მაგრამ ხანძრის ალყაში მოქცეულა. ერთი სიტყვით, დედა აბაზანის ოთახში იპოვეს და მამა სამზარეულოში, დამწვრები. ყველაზე საშინელება ის არის, რომ არ ვიცი, რა იქნება ხვალ და ზეგ.
მძიმე დღეში არიან მეხანძრე-მაშველებიც. ოთხი დაკარგული იყო, ორი იპოვეს და დამწვრობის სხვადასხვა ხარისხით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენ ორს კარგა ხნის ძებნის შემდეგ მიაკვლიეს, კვამლით გაგუდულან. ყოველ დღე უფრო მეტ და უფრო უარეს ამბებს ვკითხულობთ. ვრცელდება დამწვარი და გაგუდული ცხოველების ფოტოები.
– ცეცხლის გავრცელების რა ვერსიები ვრცელდება?
– ბევრნაირი, ოფიციალური ვერსია მაღალი ტემპეტერტურაა, მაგრამ ასევე აქტიურად საუბრობენ საბოტაჟზცე. ითქვა, რომ ვიღაც ცდილობდა რაღაცისთვის ცეცხლი წაეკიდებინა, ადგილობრივებმა დაიჭირეს და პოლიციის მოსვლას ელოდებოდნენ. ხელისუფლება ხალხს მოუწოდებს, რომ თუ ვინმეს საეჭვოს შენიშნავთ, პოლიციას შეატყობინეთო. ვფიქრობ, მიზეზი ორივეა. ვიზიტორებმა ზღვიდან დაინახეს, როგორ გავრცელდა ხანძარი იმ სასტუმროზე, რომელშიც თავად იყვნენ დაბინავებული.
– ქართველებზე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ვინმე ხომ არ დაზიანდა?
– არა, იქ, სადაც ხანძრის მასობრივი გავრცელების კერაა, ქართველები ძალიან ცოტაა. სულ ვწერთ ერთამანეთს ემიგრანტები და მსგავსი არაფერი დაწერილა. არსებული ინფორმაციით, 13 რეგიონში 53 მასშტაბური ხანძრის კერაა. მეხანძრეეები აქტიურად მუშაობდნენ, მაგრამ ამის გამკლავება ადვილი არ არის.
ერთმა ბიჭმა დადო ვიდეო, ცეცხლმოკიდებული ზონიდან როგორ გამოდის. გზის ორივე მხარეს ხანძარი მძინვარებს… ასფალტი ისეთი გახურებულია, მგონი საბურავები სამშვიდობომდე ვერ გაგვიყვანსო, მეხანძრე უყვირის, ძალიან სწრაფად იარეთო… საბედნიეროდ, გადარჩა. ასე მეგონა, ჰოლივუდში გადაღებულ ფილმის კადრებს ვუყურებდი.
https://www.facebook.com/v2.6/plugins/quote.php?app_id=&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df14db1ae4a237d%26domain%3Dwww.ghn.ge%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fwww.ghn.ge%252Ff3e265ea3c0ec%26relation%3Dparent.parent&container_width=800&href=https%3A%2F%2Fwww.ghn.ge%2Fnews%2F267660-turketi-gamanadgurebel-tqis-khandzrebs-ebrdzvis&locale=ka_GE&sdk=joey
ფოტო: Anadolu Agency
კომენტარები