ცენტრალურ ისრაელში უპრეცენდენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება, ადგილობრივი მედიის ცნობით, საბრძოლო რაკეტას ემსხვერპლა ისრაელის ერთი მოქალაქე, ათობით მცხოვრები კი მძიმედ დაშავდა.
პალესტინელმა სამხედროებმა დაბომბეს ეილათ-აშკელონის გაზსადენი, ქალაქ ჰოლონში კი ჭურვი მოხვდა სამგზავრო ავტობუსსაც.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის თელავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ორშაბათს ღამით განახლებულ სამხედრო კონფლიქტს ამ დრომდე 30 ადამიანი ემსხვერპლა – 28 პალესტინელი და ისრაელის 2 მოქალაქე.
ისრაელის ხელისუფლებამ საგანგებო სირენების დახმარებით მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყო, ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან მუქარის განხორციელების შემდეგ შეწყდა ყველა ფრენა თელავივის მიმართულებით, საცხოვრებელ უბნებში კი ელექტროენერგიის მიწოდება შეჩერდა.
Channel 12-ის რეპორტიორის ცნობით, თელავივის ახლოს მდებარე დასახლებულ ქალაქში, ჰოლონში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს საბრძოლო რაკეტა მოხვდა.
“ჩვენ ახლა აღვასრულებთ ჩვენს დაპირებას”, – განაცხადა ჰამასის სამხედრო ფრთამ, – “ჩვენი საბრძოლო ბრიგადები ყველაზე მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ თელავივის და მისი შემოგარენის მიმართულებით, 130 საბრძოლო რაკეტით. ეს არის პასუხი დასახლებულ შენობებზე მტრების თავდასხმებზე”.
რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ თავდასხმისთანავე გაავრცელა მუქარა, რომ საპასუხოდ ისრაელის დედაქალაქს დაბომბავდა.
ისრაელმა ღაზის დასაბომბად 80 საბრძოლო რაკეტა გაგზავნა, სექტორის საზღვართან კი ტანკები ჩააყენა.
სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენს. სადაო ქალაქსა და დასავლეთის სანაპიროს გასწვრივ მიმდინარე შეტაკებების შედეგად 700 პალესტინელი დაშავდა, 500 მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
წყარო – ფორმულა
კომენტარები