ნანა სულავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება პირველი პრეზიდენტის პროგრამის მხარდამჭერი, „ქართველთა ეროვნული დარაზმულობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ენერგეტიკოსი კახა სიხარულიძე.
– ბატონო კახა, სანამ ნამახვანჰესზე ვისაუბრებდეთ, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ როდესაც ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარემ და მისმა ამფსონებმა უღალატეს კონსტიტუციურ ხელისუფლებას, მაშინ თქვენ და თქვენი მეგობრები გაემიჯნეთ ასეთ ვაიტრადიციონალისტებს და დააფუძნეთ „ქართველთა ეროვნული დარაზმულობა“. გვიამბეთ ამის შესახებ.
– „ქართველთა ეროვნული დარაზმულობა“ – ქედი – ჩამოყალიბდა სახელმწიფოს არაკონსტიტუციური გადატრიალების შემდეგ, რომლის მიზანი იყო კონსტიტუციური წყობის აღდგენა, ანუ გადამტრიალებლები უნდა გადაგვეტრიალებინა ჩვენ, მაგრამ შევარდნაძემ თავის ბანდასთან ერთად ჩვენი ორგანიზაცია ისე დაშალა და გადაატრიალა, რომ ბევრს წამებაში ამოხდა სული, ზოგს ციხეში და ზოგს კი – ციხის გარეთ. ის წლები ჩვენ დევნაში და რეპრესიებში გავატარეთ.
– უფრო კონკრეტულად?
– ავჭალაში, ერთ-ერთ ჩაის ფაბრიკაში, ჩვენს ორგანიზაციას ყრილობა ჰქონდა დაგეგმილი. უმრავლესობა შევქმენით და უნდა აღდგენილიყო კონსტიტუციური წყობა. ჩვენ გვყავდა სახალხო ჯარი, სადაც 5 ათასამდე მებრძოლი იყო გაერთიანებული. ფაქტობრივად, სამხედრო ორგანიზაცია იყო, მაგრამ აქაც შემოპარულები იყვნენ ხუნტის აგენტები და გაგვცეს იმ დროს, როცა დილის 5 საათზე ყრილობა უნდა ჩაგვეტარებინა. ყრილობა კი არა, ყველანი დაგვიჭირეს. ჩვენ გაგვიშვეს, მაგრამ ციხეში დატოვეს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი მიხეილ მაყაშვილი. ის სასტიკად აწამეს ციხეში. 6 თვის განმავლობაში ცემდნენ და ციხიდან რომ გამოვიდა, ახალგაზრდა კაცი ისე იყო დაუძლურებული, რომ მალე გარდაიცვალა. ჩვენი ორგანიზაციის არსებობა ასეთ მუდმივ დევნაში შეუძლებელი გახდა. ყველგან დაგვდევდნენ. მაშინ ვახტანგ რაზმაძე იყო გენერალური პროკურორი, რომელსაც ქურდის მიერ დანიშნულ პროკურორს უწოდებდნენ. ის ჯაბა იოსელიანის რეკომენდაციით დაინიშნა. ვახტანგ რაზმაძის რეპრესიული პოლიტიკა გააგრძელეს შევარდნაძის დანიშნულმა ჯამლეტ ბაბილაშვილმა და მისმა მოადგილეებმა, „ლეგიონია“ მათი სახელი. მე ისეთ დევნაში ვიყავი, ანაკლიაში წავედი.
– ანაკლიაში რატომ?
– ვფიქრობდი, იქ ვერ მომაგნებდნენ და ძებნას არ დამიწყებდნენ. ჩემთან ერთად იყო ცხონებული სოსო ჟღენტი. ის იმერეთ-გურიის ბატალიონს ხელმძღვანელობდა. მას ხუნტის ბანდებმა ჩასაფრება და სროლა დაუწყეს. მძიმედ დაჭრილს სათანადო მკურნალობა ვერ ჩავუტარეთ და ის სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. აი, ასეთ ტერორში ვიყავით.
– ბატონო კახა, შევიტყვეთ, რომ ახლა თქვენ და თქვენი გუნდი ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ იბრძვით.
– ჩვენ არაერთხელ ჩავედით ხეობაში. გავიგეთ, რომ ამ საქმეში ჩარეულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელსაც მე პირადად არ ვენდობი, ვესაუბრეთ ხეობის დამცველებს, მე ჩემი მხრიდან ვიწყებ ბრძოლას-მეთქი. იურისტთა ჯგუფმა და ჩვენ, რომლებიც ერთად ვიბრძვით, პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ ამ დანაშაულებრივი პროექტის შესახებ. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. გავასაჩივრებთ ადმინისტრაციული და სამოქალაქო წესითაც, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილში მოსალოდნელია დიდი საშიშროება. არ დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს როკის გვირაბი, რომლიდანაც შემოვიდა 58-ე არმია და დაიპყრო სამაჩაბლო. ამ ნეოკოლონიალურ ხელშეკრულებაში წერია ორი პუნქტი. პირველი – ჰესის მშენებლობა, მეორე – ალპანა-მამისონის გზის რეაბილიტაცია, რომელიც პირდაპირ უერთდება რუსეთის მხრიდან მამისონის უღელტეხილამდე მიყვანილ საავტომობილო გზას.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გზა გამოყენებული იქნება საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ?
– რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენს უსაფრთხოებას და მოკლე გზით სწრაფად შემოდიხარ ქუთაისში. 32 კმ სიგრძის წყალსაცავი დატბორავს უზარმაზარ ტერიტორიას. ხელშეკრულებაში ისიც წერია, რომ აქ თურქული მეჩეთებიც უნდა აშენდეს. ამ დროს არსებობს ზღვის ქარის ელექტროსადგურები. შავ ზღვაზე, სანაპიროზე, საკმარისია დაიდგას 100 ცალი 12-15 მეგავატიანი ელექტროგენერატორი, რომლითაც სავსებით საკმარისია საქართველო გახდეს ენერგოექსპორტიორი ქვეყანა, რასაც სჭირდება 3 მილიარდამდე დოლარი. თუ სახელმწიფო ლაპარაკობს ინვესტიციების შემოსვლაზე, მუშა ხელის დასაქმებაზე და ამით ამართლებს ნამახვანჰესის მშენებლობას, რაზეც მე ვპასუხობ თქვენი გაზეთიდან, რომ არანაირი ინვესტიციების შემომტანი არ არის „ენკა-რინიუებლზი“, რადგანაც ხელშეკრულებაში უდევთ მუხლი, რითაც მათ შეუძლიათ მათ დაქვემდებარებაში არსებული მიწები და არამარტო სახელმწიფო, არამედ კერძო საკუთრებაში არსებული მიწებიც ჩამოართვან უზურფუქტის სახით და ჩადონ ბანკში სესხის ასაღებად. ამ დროს არანაირი მიწების ჩადება არ დაგვჭირდება ჩვენ ბანკებში, რადგანაც ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენს მოქალაქეებს ავუშენოთ 1200 მეგავატიანი ზღვის ქარის ელექტროსადგური, ოღონდ თუ იქნება ნებართვა სახელმწიფოსგან, პირადად მე შემიძლია ვუხელმძღვანელო ამ პროექტს, შემოვიტანო ინვესტიციები და ქართველი ხალხი გახდეს აქციონერიც და ამ პროექტის მესაკუთრეც, მაგრამ ამ მთავრობას ქართული საქმის კეთება არ უნდა. ახლა რაც ხდება ნამახვანჰესთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან არის ხალხისა და ქვეყნის ღალატი. ეს პროექტი არის არაეროვნული პროექტი და ამ პროექტის განხორციელებას აპირებენ ბარბაროსული შრომითი სტანდარტებით, სოციალური დისკრიმინაციით და ეროვნული ჩაგვრის გზით. პროექტი ასევე მიმართულია ჩვენი მომავალი თაობის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ ეს არის დანაშაულებრივი პროექტი. მე პირდაპირ ვუჭერ მხარს რიონის ხეობის მცველებს, მათ გვერდით ვართ მე და ჩემი საინიციატივო ჯგუფი. ჩვენ ვართ საქართველოს პირველი პრეზიდენტის პროგრამის მხარდამჭერები, რომლებმაც საშინელი რეპრესიები გავიარეთ შევარდნაძის მმართველობის წლებში, მაგრამ არც სააკაშვილის რეჟიმის აპოლოგეტები არ გავმხდარვართ.
– ბატონო კახა, ნამახვანჰესის პროექტს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს სწავლობდნენ გეოლოგები, სპეციალისტები და მათ დადეს უარყოფითი დასკვნა, რომ იქ ჰესის აშენება არ შეიძლება. ნამახვანჰესის აშენება შევარდნაძემაც კი ვერ გაბედა. სააკაშვილს არ დასცალდა, თორემ ახლა ეთერში ვიხილეთ, როგორ ტრაბახობს, ენგურჰესზე ორჯერ დიდ ჰესს ავაშენებ ნამახვანშიო. ოცნების მმართველობის დროს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა ნამახვანის კასკადის პროექტის მშენებლობა. ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ ეს საქმე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. ყველა პრემიერი: კვირიკაშვილი, ბახტაძე, გახარია და ახლა ღარიბაშვილი, ყველა მათგანი ამ პოლიტიკურ ჭაობშია გასვრილი, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, საბოლოოდ იქ ღარიბაშვილი ჩაიძირება…
– დააკვირდით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა ნიკანორ მელიას დაჭერის წინააღმდეგ და არ გადადგა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. გახარიამ 2019 წლის 21 ნოემბერს 121 ლარად გადასცა საკუთრებაში „ენკა რინიუებლზს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სამი რაიონის: ტყიბულის, წყალტუბოს, ცაგერის მუნიციპალიტეტებში არსებული მიწები. ხელს აწერს გახარია. საინტერესოა, თუკი ტყიბული, წყალტუბო და ცაგერი თვითმმართველობის ორგანოებია, რატომ არ ჰკითხეს, უნდათ თუ არა ამ მიწების დათმობა. გამოდის, რომ ესეც ფიქცია ყოფილა და არ არსებობს არავითარი თვითმმართველობა. არსებობს მხოლოდ ბურჟუაზიული სიხარბე, რომელიც სახელმწიფოს იყენებს კერძო მოგების მისაღებად. გენერალურ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში ჩვენ ვეყრდნობით ხელშეკრულებას, რომელიც დევს ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ხელშეკრულების ერთ მხარეს არის სახელმწიფო, მეორე მხარეს – თურქული კომპანია „ენკა“.
ბატონ კახასთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ კომენტარი ვთხოვე ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილს, რომელმაც ნამახვაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა გენერალურ პროკურატურაში.
– თუკი სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას შპს „ენკა რინიუებლზის“ წინააღმდეგ, მას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს საქართველოს სახელმწიფომ. ფაქტობრივად, ამ ხელშეკრულებით იზღუდება მართლმსაჯულების აღსრულება. ხელშეკრულების მიხედვით, „ენკას“ შეუძლია საკუთრებაში მიიღოს და გამოიყენოს ყველა ის მიწა, რომელსაც ის საჭიროდ ჩათვლის და ის არ არის ვალდებული, აიღოს ლიცენზია წიაღისეულის მოპოვების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მიწაში აღმოჩნდება წიაღისეული. ასევე სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, „ენკას“ გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას მის საკუთრებაში არსებული მიწები, მოახდინოს ექსპროპრიაცია. თუ მიწის მესაკუთრე თანახმა არ იქნება, მიწა მიყიდოს „ენკას“ მიერ განსაზღვრულ ფასებში, ასეთ ვითარებაში სასამართლოს გადაწყვეტილება თუ იქნება „ენკას“ წინააღმდეგ, სახელმწიფოს ეკისრება კომპენსაცია, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს „ენკა“. აგრეთვე „ენკას“ ეძლევა უფლება, სესხის ასაღებად იპოთეკით დატვირთოს ყველა აღნიშნული მიწა სამივე რაიონში. რაც შეეხება მიწებს, განვლილი ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ მიითვისა ყველა სათემო მიწა და გადაიტანა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. ერთი სიტყვით, მიიტაცა. ეს სათემო მიწები იყო სოფლის მცხოვრებთა საკუთრებაში. და ეს გააკეთა ოცნების ხელისუფლებამ მთელი საქართველოს მასშტაბით, მარტო სამ რაიონში კი არა, ყველგან, რათა მერე ჩალის ფასად გაასხვისოს ეს მიწები. ამის უკან დგას დიდი კორუფცია და ეს მილიონები მიდის სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირველი პირების ჯიბეებში. ამ დროს სახელმწიფოსთვის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწებიც კი არ არის სამართლებრივად ხელისუფლების საკუთრება. მთელ საქართველოში თავის დროზე ბოლშევიკურმა რუსეთმა ჩამოართვა ხალხს მიწები, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ქონება დაუბრუნეს ხალხს. შესაბამისად, სახელმწიფოს ეს მიწები აქვს მმართველობაში, თორემ საკუთრებაში კი არა.
კომენტარები