კარგი ხედისთვის მოჭრილი კლდე – “ტვ პირველის” ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილეს, კახა საბანაძეს სახლის მშენებლობისას ხედი არ მოეწონა და კლდე მოჭრეს!
“კანონი არაფრად ჩაადგეს, ასე უკანონოდ დაადგეს სართულები, ფიქრობენ, რომ თავად არიან კანონი!”
მინისტრის სახლის წინ მიწა სახელმწიფო საკუთრება იყო – უკანონო ფართის დაკანონება თბილისის მერიისგან მოითხოვა და სახელმწიფომ ეს მიწა სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა.
“შს მინისტრის მოადგილემ მიწერა მერიას, მე უკანონოდ დავიკავე სახელმწიფო მიწა და დამიკანონეო. რა ქნეს? 1 ლარად გადასცეს.”
რა ფულით აშენებს მინისტრის მოადგილე სახლს, რომლის მხოლოდ ფასადის მოპირკეთება 70 000 ლარი უჯდება?
შეგახსენებთ, რომ უკანონოდ მითვისებულ მიწაზე მშენებლობების გამო, უამრავ ადამიანს დაუნგრიეს უკვე აშენებული, ან უკვე ნახევრად აშენებული სახლი და გვითხრეს, რომ ასე თუ დაუკანონებენ ყველას მიწას, სახელმწიფო დაზარალდება – ოღონდ, მაშინ არ უთქვამთ, რას ნიშნავს – “ასე დაკანონება” როგორც ჩანს, “ასე დაკანონება” ნიშნავს მინისტრის მოადგილისთვის 1 ლარად მიწის ჩუქებას.
არავისთვის საიდუმლო არ არის და უკვე ბევრი საუბრობს იმაზე, რომ კახა საბანაძეს შს მინისტრობა სურს, გომელაურს კი მოადგილის მოშორება, შესაბამისად, როგორც “ალიას” კულუარულად უყვებიან, კომპრომატების ომი, უკვე დაწყებულია. არც ისაა საიდუმლო, რომ კახა საბანაძეს მხარს უმაგრებს სუსიდან ალექსანდრე ხოჯევანიშვილი (სუსის უფროსის პირველი მოადგილე), თავის მხრივ, საბანაძესაც და ხოჯევანიშვილსაც კარგი ურთიერთობა აქვს პრემიერთან, რომელმაც ხოჯევანიშვილი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელადაც დანიშნა. როგორ დასრულდება ფარული ომი საბანაძე, ხოჯევანიშვილი, გახარიასა და გომელაურს შორის, მალე გამოჩნდება. როგორც კულუარულად საუბრობენ, ამ ომში, გომელაური მარტო არ არის, მისი მხარდამჭერია ყველა, ვისაც გახარიას შესუსტება და მართვის სადავეებიდან მოცილება სურს.
კომენტარები