ეროვნული ვალუტა კატასტროფულად გაუფასურდა. რამდენადაც ლარის გამყარება დროებითი აღმოჩნდა, ბუნებრივია, იგი გარკვეული დასახელების პროდუქტის ფასზეც უარყოფითად აისახება. იმპორტიორები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოში ახლა მძიმე დრო დგას და ასეთი მკვეთრი დევალვაცია საქონელს გააძვირებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელი ისედაც გაძვირებული ფასებით დაიწყო, ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი ვარდნა, ვითარებას უფრო დაამძიმებს, შესაბამისად, ფასების მატება უფრო და უფრო რეალური ხდება. ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ქართული ეკონომიკისთვის, მით უმეტეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოსახლეობამ შარშან გადაიტანა.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას აზრით, თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, ფასი ჯერ პირველადი მოხმარების პროდუქციაზე გაიზრდება, შემდეგ სხვა საქონელზეც.
„ბოლო დროს ლარი სტაბილურობისკენ წავიდა, მაგრამ რაც ახლა ხდება, ეს არის სასწაული. ვხედავდით, რომ 1-2 თვის განმავლობაში მყარდებოდა ლარი და შემდეგ უცებ დაუბრუნდა კრიზისულ ნიშნულს. ახლა დანამდვილებით რთული ვითარებააა. თუ კურსი 2.95 ან 3,0-იან ნიშნულს არ გადასცდება, ძირითად პროდუქტებზე ფასების სწრაფად ზრდას არ უნდა ველოდოთ, თუმცა თუ კიდევ გაგრძელდა გაუფასურება, უფრო სწრაფად ვნახავთ მათზე ფასების ზრდას და შემდეგ უკვე სხვა დასახელების პროდუქტიც გაძვირდება“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
ახლა ყველაფერი ეროვნულ ვალუტაზეა დამოკიდებული. თუ ლარი გაუფასურდა, რასაკვირველია, ბაზარზს ვერაფერი შეაჩერებს. იმპორტიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში ფასების მოთოკვა შეუძლებელია, ამიტომ თუ ეროვნული ვალუტა მალევე გამყარებას არ დაიწყებს, გაძვირება გარდაუვალია.
“სამწუხაროდ, საბაზრო კურსი 2.95-ზეა. ვნახოთ, ალბათ, დასტაბილურდება. ახლა ძალიან მაღალია და იმედია ცოტას დაიწვეს. იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ვალუტა არ გამყარდა, ეს, რა თქმა უნდა, ფასებზე აისახება. არავინ არ არის მზად, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და თავს არავინ გაიკოტრებს. ამიტომ, პროდუქტების ფასებზე ყველა შემთხვევაში აისახება”, – განუცხადა “რეზონანსს” იმპორტიორმა გურამ ბროძელმა.
სავალუტო ბაზარზეც პანიკაა. სადამდე შეიძლება მივიდეს სიტუაცია ჯერჯერობით უცნობია. სტაბილურობამ სავალუტო ბაზარზე მხოლოდ 2 თვე გასტანა, ეროვნული ვალუტის გამაყრება, რომ დიდი ხნით ვერ ხერხება ეს ფაქტია.
2019 წელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირი წელი იყო, შესაბამისად, შარშანდელი გარემოები წელსაც მოქმედებს. კომპანია “დუ” ერთ-ერთია სადაც, ფასების გაზრდას გვიდასტურებენ, იმ შემთხვვეში თუ ეროვნული ვალუტა მალევე არ გამყარდა.
“თუ ეროვნული ვალუტამ გაუფასურება გააგრძელა, საქონელი, რა თქმა უნდა, გაძვირდება. ყველაფერი უცხოური ვალუტის კურსით შემოდის და გაანგარიშებაც იმის მიხედვით ხდება, თუ როგორ ყიდულობ საქონელს, ამის მიხედვით იხდი განბაჟების პროცენტს. შესაბამისად, გაძვირება გარდაუვალი იქნება. თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ფასები გაიზრდება”, – უთხრა “რეზონანსს” კომპანიის ხელმძღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა.
საქართველოში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობას თუ ამჟამინდელი სავალუტო კურსის გამო, ფასების გაზრდაც დაემატა, ვითარება კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, რაც პირველ რიგში, მოსახლეობის მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ხალხი ისედაც მძიმე ყოველდღიურობაშია. ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომ პროდუქციას გააძვირებს ამაზე ყველა თანხმდება, მათ შორის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც.
“ლარის კურსის გაუფასურება, აძვირებს იმპორტს და აიაფებს ექსპორტს. შესაბამისად, ვინაიდან საქართველო იმპორტზე დამოკიდბეული ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საქონელი გაძვირდება. ეს ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, არა მგონია ახლა გამონაკლის შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ზუსტად ანალოგიური ვითარება იყო გასულ წელს, როდესაც ეროვნულ ბანკს ინფლაცია გაექცა და 7%-ზე ავიდა. იგი დღესაც მიზნობრივზე მაღალია. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ინფლაცია კიდევ მეტად გაიზარდოს და მოსახლეობის ყოფა კიდევ უფრო დამძიმდეს. ამ მხრივ ისედაც სავალალო ვითარებაა ქვეყანაში”, – განუცხადა “რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა.
გაზეთი „რეზონანსი“
კომენტარები