ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:
“პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვა იყო მარტივი, პრაქტიკულად დაცლილი პათეტიკისაგან, მაგრამ იმდენად დამუხტული ემოციით, რომ ფეხზე წამოაყენა ამერიკის კონგრესი. პირველად გამოჩნდა კაცი მსოფლიოში, რომელმაც ამერიკის მთელი მთავრობის წინაშე პირდაპირ, მკვახედ უთხრა ამერიკის პრეზიდენტს, რომ სისუსტე და ყოყმანი არ წარმოადგენს სიძლიერეს, და რომ სიძლიერე ძლიერებაშია და არა სისუსტეში. საკუთარ სამშობლოში ნაკლებად პოპულარული ზელენსკი გარემოებამ აქცია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ლიდერად, რადგან მან ზუსტად დაიჭირა მომენტის მუხტი და მყისიერად მოახდინა ამ მუხტის ისეთი ამპლიფიკაცია, რომ ბომბად გახეთქა მთელ პლანეტაზე. ზელენსკის უკან დგას ამაყი, მებრძოლი, შეგნებული, მამაცი, განათლებული და ძლიერი სულის მქონე, დიდსულოვანი ერი; ერთ მუშტად შეკრული და გაერთიანებული; გაერთიანებული ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე.
უკრაინის პრეზიდენტს ბოლომდე გააზრებული აქვს ის ძალა, რომელსაც ის ფლობს ამ მომენტში და ამიტომ მოქმედებს და მეტყველებს მკვეთრად, ყოველგვარი მორიდებისა და რევერანსების გარეშე. ეს გულადი კაცი არის კრებითი სახე დაჩაგრული ერებისა, რომლებსაც ამერიკა-ევროპის ფსევდო-პრაგმატულმა პოლიტიკოსებმა პრაქტიკულად წაართვეს თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლად არსებობის უფლება, გადაანაწილეს რა ისინი დიდი სახელმწიფოების „უკანა ეზოებად და ბაღ-ბოსტნებად“. ის საქართველოს სახელითაც მიმართავდა დღეს ამერიკის კონგრესს და უკრაინული ტრაგედიის კადრების მიღმა ქართული ტრაგედიის კადრებიც იყო მიმალული, კადრები, რომლებიც არ უხილავს მსოფლიოს, რადგან ჩვენ, ისტორიის კრიტიკულ მომენტში ჩავთვალეთ და შევთანხმდით, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო განხეთქილების ვაშლი ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობათა გარკვევების დროს. პრეზიდენტ ზელენსკის კი ერთი წამითაც არ დაუხევია უკან; ისევ მკვეთრად, ბოდიშების გარეშე მოითხოვს დემოკრატიული სამყაროსაგან მოვალეობის შესრულებას. „თუ მსოფლიოს ლიდერი ხარ, მაშინ მსოფლიო მშვიდობის ლიდერიც უნდა იყო; ვალდებული ხარ!“ – მიმართა მან ამერიკის პრეზიდენტს, თავისუფალი სამყაროს პირველ კაცს. ვოლოდიმირ ზელენსკის სიძლიერე უკრაინამ შექმნა; ერისა და ერისთავის უნიკალურად შერწყმულმა ერთიანობამ. სწორედ ამ მოტივის დაჭერამ წამოაყენა ფეხზე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, ქვეყნის, რომელმაც ყველაზე კარგად იცის თუ რას ნიშნავს ძნელბედობის ჟამს ერთსულად და ერთხორცად შეკვრა და მოქმედება.
თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. საქართველოს ისევ მიეცა შანსი, რომელიც ლოგიკურად არ არსებობდა და გარემოებათა უცნაურმა დამთხვევამ შექმნა. შემთხვევითობა არ არის ის ფაქტი, რომ ზელენსკის გვერდით ქართველი კაცი დგას, სწორედ იმ მოკვეთილი მიწიდან, რომლის დაბრუნების იმედიც მხოლოდ სიზმარში თუ ჰქონდა საქართველოს. ეს ბედისწერისგან გამოგზავნილი ნიშანია. ოღონდ, ჩვენც უნდა შევიკრათ ზუსტად ისე, როგორც ეს უკრაინამ მოახერხა, თორემ ეს შანსი ისევ შეუმჩნევლად ჩაივლის.
დიდი მადლობა, პრეზიდენტო ზელენსკი!
დიდი მადლობა, უკრაინა!”
კომენტარები