სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანზე, სოსო გოგაშვილზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მართალია, მან რამდენიმე წლის წინ თანამდებობა დატოვა და გასულ წელს – პარტიაც მაგრამ აქამდე არავისთვის და არსად უთქვამს, რა უთხრა, ივანიშვილმა, როცა პარტიის დატოვების შესახებ ესაუბრა, არასოდეს უსაუბრია პირად ტრაგედიებზე, ოჯახზე, არასოდეს უსაუბრია პერიოდზე, როცა ყველაზე მეტად უჭირდა და ცოტამ თუ იცის, რა საჩუქრით დააჯილდოვა უფალმა. „ალია“ ეცდება, პასუხი მოგაწოდოთ, ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ბოლო წლების მანძილზე გქონდათ, სოსო გოგაშვილის პირადი ცხოვრების, ოჯახის, ფინანსების შესახებ, მოგიყვებით სოსო გოგაშვილის ცხოვრებაზე „ოცნებამდე“, „ოცნებაში“ და „ოცნების“ გარეთ.
„ქართულ ოცნებამდე“
პირველი პოლიტიკური აქტივობა 1995 წელს დაიწყო, სახალხო პარტიაში, მარიკა ბაღდავაძესთან ერთად, როგორც გვიყვება და იყო ვაკის ოფისის ახალგაზრდული მოძრაობის კოორდინატორი. მომდევნო პოლიტიკური აქტივობა იწყება 2009 წელს, როცა ბანკებს და ბანკების პოლიტიკას აპროტესტებდა ბლოგების საშუალებით. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ორი შვილიშვილი. განათლებით ეკონომისტია, ასპირანტურა დაამთავრა 2016-2019 წლებში ტექნიკურ უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.
სოსო გოგაშვილი:
– ძირითადად, ვაჭრობის და წარმოების სფეროში ვიყავი. მქონდა გამაგრილებელი სასმელების საამქრო, ცქრიალა ღვინის საამქრო, მქონდა სასურსათო ობიექტები, სუპერმარკეტი. თვეში 12-13 ათასი შემოსავალი გვქონდა. 2009 წელს საგადასახადომ ორჯერ დამილუქა ერთი და იგივე ობიექტი. იძულებული გამხადეს, ბიზნესი დამეხურა. დავრჩი უმუშევარი. ჩემზე კი ამბობდნენ, რომ არც წერა-კითხვა ვიცოდი, არც ენები, არც განათლება მქონდა და ა.შ. მაგრამ სხვათა შორის, სკოლაც წარჩინებით დავამთავრე და ჯავახიშვილის უნივერსიტეტიც, „წითელ დიპლომზე“. მოკლედ, დავრჩი უმუშევარი და დავიწყე ოჯახიდან ნივთების გაყიდვა. 2010 წლის 31 დეკემბერს, მახსოვს, ძვირადღირებული მაგიდის და სკამების კომპლექტი 2 000 დოლარად გავყიდეთ და კარგა ხანს გვეყო. ბოლოს, საერთოდ აღარაფერი დაგვრჩა, ბანკმა კახეთში სახლი წაგვართვა და დედ-მამას ბებიის და პაპის სახლში მოუწიათ გადასვლა, დავკარგეთ თბილისშიც სახლი, მანქანა. მოგვიანებით, დავიბრუნე კახეთის სახლი, აუქციონზე გამოიტანეს და შევიძინე. დედაჩემი და მამაჩემი ისევ დავაბრუნე უკან ჩვენ სახლში, რომლიც მამაჩემმა მაშინ ააშენა, როცა მე დავიბადე. ბიჭი ეყოლა და თოფი ისროლა, სახლი ააშენა და ვენახი გააშენა.
„ქართული ოცნება“
გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, გააკეთა განცხადება. შეიქმნა თემატური ჯგუფები, კულტურის, განათლების, ეკონომიკის და ა.შ. ერეკლე კუხიანიძე იყო კულტურის ჯგუფში. ერეკლე არის ჩემი შვილის, პეტრეს ნათლია. მოკლედ, ერეკლემ მიმიყვანა „ოცნებაში“. მე უკვე მქონდა რამდენიმე მზა პროექტი, 2 პროექტი მივიტანე ეკონომიკურ ჯგუფში.
– განხორციელდა?
– ერთი კი, განხორციელდა, ოღონდ ბიძინასთვის არ უთქვამთ, ვისი მიტანილი იყო პროექტი, თვითონ მიიწერეს. ალბათ, არქივში, ელექტრონულ ფოსტაზეც უნდა იყოს შენახული იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ჩემი გადაგზავნილია.
– რომელი განხორციელდა და რომელი არა?
– ერთი პროექტი სასაზღვრო რეგიონებზე იყო. როცა კვირიკაშვილი იყო პრემიერი, კიდევ წამოვწიეთ ეს პროექტი, გვქონდა საპატრიარქოსთან კომუნიკაცია, ძალიან გაუხარდა პატრიარქს, მაგრამ მერე კვირიკაშვილი მოხსნეს და ისევ გაჩერდა პროექტი… მეორე იყო სატელიტების პროექტი, მაშინ შეზღუდვა იყო რეგიონებში მედიის, მეცხრე არხის, მაგალითად. მე დავწერე პროექტი, რომელიც ცოტა განსხვავებული იყო იმისგან, რაც შემდეგ გააკეთა „გლობალ ტვ“-მ.
– და ბიძინა ივანიშვილი ახლა „ალიასგან“ გაიგებს, რომ ეს პროექტი თქვენ მიიტანეთ „ქართულ ოცნებაში“?
– დიახ, თუ წაიკითხავს, გაიგებს. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ამ პროექტებს და შემდეგ თავისად ასაღებდნენ. არ მინდა მათი გვარები დავასახელო, ისინი ახლა სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობენ. სხვათა შორის, შეხვედრა მქონდა შემდეგ რამდენიმე ბიზნესმენთან და ზუსტად მსგავსი ისტორიები მათგანაც მოვისმინე, თქვეს, რომ ფონდში მიჰქონდათ პროექტები, უარს ეუბნებოდნენ და ცოტა ხნის მერე იგებდნენ რომ ეს პროექტი, სულ მცირედი ცვლილებით განხორციელდა.
ამის შემდეგ უკვე გადავერთე „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისკენ – თვითორგანიზებით შეიკრიბნენ ახალგაზრდები, რომლებიც არც ერთ სხვა პარტიასთან არ ასოცირდებოდნენ, მოვიდნენ გულანთებულნი. ჩანერგილებიც იყვნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობა, გულწრფელი იდეების მატარებელი იყო. სხვა პარტიების წარმომადგენლები ამათ ჩაგრავდნენ, გეხსომებათ, კოალიციაში, სხვადასხვა პარტიები იყვნენ. მოვახერხეთ და ჩავატარეთ შიდა ყრილობა, გამოვარჩიეთ ჩვენი ჯგუფი. შემდეგ, კომუნიკაცია შედგა ანზორ ჩუბინიძესთან და ვახო გომელაურთან და მოვუყევით, რაც ხდებოდა რეალურად. ეს ყველაფერი გადასცეს ბიძინას. ბიძინამ, ასე ვთქვათ, მხარი დაგვიჭირა და შეიკრა გუნდი, რომელიც უზრუნველჰყოფდა აქციების ორგანიზებას. 500-კაციანი აქტივი გვყავდა, რომელიც ერთი ზარით გამოდიოდა. ეს იმ დროს არ იყო პატარა აქტივი. მე ჩამბარდა, უსაფრთხოების კუთხით, ამ ჯგუფის კონტროლი. ახალგაზრდულშიც ჩანერგეს ხალხი, კომპრომატები უნდოდათ, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს, პირიქით, იქეთ გავშიფრეთ არაერთი. არ ვიტყვი ახლა გვარს და სახელს, მაგრამ ერთი გამოვიჭირეთ აჭარაში, იმ პერიოდში სოდ-ის ხელმძღვანელი აჭარაში იყო – ჩიქოვანი. დღეს, სწორედ ის ჩიქოვანი, ბათუმის მერია (გულისხმობს არჩილ ჩიქოვანს – თ.კ.). ეს ბიჭი რომ გავშიფრეთ, მოვარდა ჩიქოვანი სოდ-თან ერთად და წაიყვანეს თავისი აგენტი.
– არჩევნების მერე რა მოხდა?
– ჩვენ, ვის კისერზეც გადაიარა აქციების ორგანიზებამ, შეხლა-შემოხლამ კუდ-თან, სუს-თან და ა.შ. ყველანი უმუშევარი დავრჩით. ჩვენ, მე და დიტო სამხარაძეს (გულისხმობს დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს – თ.კ.), უნდა დაგვეწყო მუშაობა ფინანსთა სამინისტროში რიგითებად, საბაჟო დეპარტამენტში. ბიჭები უმუშევრები იყვნენ და ჩვენ, ლიდერებს დაგვეწყო მუშაობა, არ გამოდიოდა, ვუპასუხეთ, ჩვენ ნაცვლად მიიღეთ ეს ბიჭები-თქო. ეს იყო პირველი დასაქმება ჩვენი ახალგაზრდული გუნდის წევრებიდან.
მოგვიანებით, ზვიად ჯანყარაშვილმა (შსს-ს მაშინდელი გენერალური ინსპექციის უფროსი – თ.კ.), რომელიც 2012 წელს გავიცანი, სიღნაღში აქციის მზადების დროს, დამიბარა, გადმოიღო საშტატო ნუსხა, რა თანამდებობა გინდაო, მკითხა. ჩამოვყევი და ბოლო ადგილს დავადე ხელი, ეს იყო ინსპექტორის თანამდებობა. ასე ვმუშაობდი რაღაც პერიოდი ინსპექტორად, მერე დამაწინაურეს ნაბიჯ-ნაბიჯ სამმართველოს უფროსამდე. ნაცების პირველი გაძლიერების ტალღა რომ წამოვიდა შიგნიდან – გამომწიეს შსს-ს გენ.ინსპექციიდან და „გადამაგდეს“ სასაზღვრო პოლიციაში მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. გადამიყვანეს, თუმცა, დაქვემდებარებაში არავინ მყავდა, თავად შევარჩიე 14 თანამშრომელი და დაზვერვის მიმართულებით მომუშავე გუნდი შევქმენი.
– რის შეცვლას ფიქრობდით, როცა პირველად მიხვედით „ოცნებაში“? რა გახდა იმედგაცრუების მიზეზი?
– ბევრი რამის შეცვლა მინდოდა. ის, რისი გაკეთებაც მინდოდა და ვერ გავაკეთე, პროექტის სახით მაქვს დაწერილი, რეფორმების პაკეტი, რომელიც უნდა განხორციელდეს ძალოვან უწყებებში, შსს-ში, სუს-ში, ფინანსთა სამინისტროს ძალოვან უწყებაში, პროკურატურაში. ერთ-ერთი მთავარი ძარღვი პროექტის ესაა – სხვადასხვა უწყებიდან საგამოძიებო დანაყოფების გამოტანა და ერთი მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნა. უწყება შეიძლება იყოს პრემიერის, ან პარლამენტის დაქვემდებარების ქვეშ, მეტი დამოუკიდებლობისთვის. ასევე ეკონომიკური ტიპის საინტერესო და ამბიციური პროგრამებიც მაქვს.
„ქართული ოცნების“ გარეშე – რა უთხრა ივანიშვილს წამოსვლის წინ და რა უპასუხა მან?
– ვუთხარი, რომ მქონდა ჩემი ხედვები, რომლის განხორციელება მსურდა და ვერ მოვახერხე. ვუთხარი, რომ გუნდში ძალიან ცუდი სიტუაცია, ზურგსუკან ყველა ყველას ებრძვის, ყველა ყველაზე რაღაც კომპრომატს აგროვებს, დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან და ეს გუნდი ჩამოიშლება, თუ ასე გაგრძელდება. მიპასუხა, რომ იცის, რა სიტუაციაა გუნდში. იმ პერიოდში მე უკვე მქონდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილის წასვლას აპირებდა, ეს უკვე ვიცოდი…
მე სპეციალურად წამოვედი არჩევნებამდე და არა – არჩევნების მერე. იმ დროს გუნდი იძახდა, რომ მაღალი რეიტინგი აქვს, ამბობდა, რომ 63 პროცენტს აიღებდა არჩევნებზე. მე კი ვამბობდი, რომ არ ჰქონდა გუნდს მაგხელა რეიტინგი და მაგდენ პროცენტს ვერ ავიღებდით, ეს იყო ბლეფი, იტყუებოდნენ. რადგან არ მოხდა ჩემი აზრის გათვალისწინება, მე ივანიშვილს მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა მინდოდა, თუ სამომავლოდ, რამე ფორმით მოხდება თანამშრომლობა, მოხარული ვიქნები-მეთქი. მიპასუხა, რომ თავადაც კმაყოფილი იყო ჩვენი თანამშრომლობით, შეიძლებოდა, უკეთესი რაღაცები გაგვეკეთებინა, მაგრამ არ გამოვიდაო… როგორც გითხარით, მას წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, მაგრამ ელოდა არჩევნების ჩამთავრებას, არ უნდოდა არჩევნებამდე წასულიყო. მე გამიზნულად წამოვედი არჩევნებამდე, ისე არ გავაკეთე, რომ აი, ცუდი შედეგი დადო „ოცნებამ“, აირია ქვეყანა და მერე გამოვიქეცი. მე არ ჩავრეულვარ არჩევნებში საერთოდ. თუმცა, ივანიშვილმა მაინც გამიწია რეკომენდაცია რამდენიმე მნიშვნელოვან პოზიციაზე, სურდა, საქმე მეკეთებინა, თუმცა, გუნდიდან წამოვიდა წინააღმდეგობა და რომ არ დაგიმალოთ, მითხრა კიდევაც, ვისგანაც წამოვიდა წინააღმდეგობა, მაგრამ არ დავასახელებ ახლა.
– შეიცვალა თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ამაზე ბევრს და ბევრნაირად საუბრობენ – ამბობენ, რომ მილიონერი ხართ და ასეა? ახლა რითი ირჩენს თავს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი?
– გეტყვით, რა ქონება მაქვს და რის ბიზნესი. ეს სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, თავის დროზე 75 ათასად ვიყიდე, ახლა ისე გაიქცა ფასები, ალბათ, ბევრად მეტი ეღირება. 2018 წლის სექტემბრიდან მე თანამდებობაზე აღარ ვმუშაობ, თუმცა, პარტიაში მქონდა ხელფასი 2020 წლამდე, რა ხელფასიც მქონდა სუს-ში, იგივე შემინარჩუნდა პარტიაში. ამ წლების განმავლობაში ხელფასის სახით მილიონ ლარამდე მაქვს აღებული. დღევანდელი მდგომარეობით კი, აი სამი სესხი მაქვს გამოტანილი, მთლიანობაში ეს სამივე სესხი 700 ათასი ლარია. გასავალიც დიდი მქონდა, ჩემ გარშემო იმდენ ადამიანს უჭირდა.
– მითხრეს, რომ თხუთმეტზე მეტ ოჯახს უხდით ყოველთვიურად თანხას, ასეა?
– დიახ, ასეა, მაგრამ ჯობს დავუბრუნდე ქონების საკითხს, ეს ჩემი ბინა გახდა სალაპარაკო, 250 კვ.მ. მიწაზეა საუბარი, რომელზეც დგას 160 კვ.მ. სახლი თბილისის გარეუბანში. იპოთეკური სესხით ვიყიდეთ. ვკარგავდი ამ ბინას, ვერ ვასწრებდი სესხის აღებას. დახმარება ვთხოვე ქვისლს, სახლი გადაფორმდა ჩემ ცოლის დაზე, ერთ თვეში გავაკეთეთ სესხი, დავუბრუნე მათ თანხა და იპოთეკით დაიტვირთა სახლი. ცოლის დაზე ეს სახლი გადაფორმებული იყო სულ ერთი თვით. რა იპოვნეს ამაში სენსაციური, დღემდე არ ვიცი. 2018 წელს, გარკვეული სახის დანაზოგი მქონდა, შევიძინე მაინერები, ბიტკოინების ფერმა, ძალიან გამიმართლა, კარგ ფასად მოვახდინე რეალიზება. წელში გამართვის წელი იყო, მაგ კუთხით. გარდა მაგისა, ვენახები მაქვს და ღვინის წარმოება. სესხი ავიღე და დავიწყე კახეთში ტურისტული ბიზნესის განვითარება ზუსტად პანდემიამდე, მაქედან ჯერ ერთი თეთრი შემოსავალი არ მაქვს, ასევე, სამი წლის წინ, კერძო პირებისგან იჯარით ნაკვეთები ავიღე და პროდუქტების წარმოება დავიწყე. ნორმალურად მიდის, მადლობა ღმერთს, მოსავალიც კარგია და ამინდებიც ხელს მიწყობს. ესაა ჩემი ქონება.
– თქვენი უფროსი შვილები, ნინიკო და ნიკა გოგაშვილები რას საქმიანობენ?
– ჩემი შვილები, ნინიკოც და ნიკაც, ორივენი მუშაობენ კერძო კომპანიებში, არ აქვთ დიდი ანაზღაურება, ორივენი არიან ტურიზმის სპეციალისტები. ნიკა არის ჩართული ღვინის წარმოების და ტურიზმის ბიზნესში, რომელიც კახეთში წამოვიწყე, თუმცა, მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, ამ ბიზნესს ახლა ძალიან უჭირს. ალბათ, ნინიკოც გადაერთვება. იმედია, 2022 წლიდან სიტუაცია შეიცვლება, მომავლის იმედი მაქვს, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ.
– შვილი გარდაგეცვალათ ექიმის შეცდომის გამო, რამდენადაც ვიცი, რა შეცვალა ამან თქვენ ცხოვრებაში?
– კი, ბიჭი. ეს იყო ჩვენი მეორე შვილი. ჯანმრთელი დაიბადა, ექიმების უყურადღებობის გამო გარდაიცვალა, არ მინდა ახლა იმ ადამიანებზე საუბარი, ვისი ბრალიც იყო, ერთ-ერთი ჩემი შორეული ნათესავი იყო. შოკში ჩავვარდი, რომ მივედი მეხუთე დღეს ბავშვის გამოსაყვანად და მითხრეს, რომ გარდაიცვალა. წავიყვანეთ და ჩემი მეუღლის ბაბუის საფლავზე, მკერდზე დავასაფლავეთ. ასე ვასაფლავებდით მაშინ, მოუნათლავ ჩვილებს. კვირაში მინიმუმ ორჯერ, საფლავზე ვიყავი ხოლმე. ისე, რომ თეას არ გაეგო. ძალიან განიცდიდა. ღმერთმა გაგვაძლიერა და შეგვკრა. ოჯახები ინგრევა ფინანსური სიდუხჭირის, შვილის გარდაცვალების გამო, ჩვენ პირიქით, უფრო და უფრო დავახლოვდით და გავძლიერდით. მეუღლე – მეუღლეა, მაგრამ ჩემთვის ის ძმაკაცი უფროა.
– როცა მასზე საუბრობთ, ყოველ ჯერზე აღნიშნავთ, რომ გარდა სიყვარულისა, თქვენი თანამებრძოლია, „ქვა და რკინაა“, მეგობარია, ძმაკაცია – როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია და რა შეცვალა მან თქვენ ცხოვრებაში?
– 28 წელია ცოლ-ქმარი ვართ, დღემდე ასე მეგობრულად მოვდივართ, ჩხუბითაც ისე ვჩხუბობთ, როგორც ძმაკაცები ჩხუბობენ. ვკამათობთ იშვიათად და რაღაც წვრილმანზე, თორემ სერიოზულ საკითხზე ჩხუბი არ მოგვსვლია, სერიოზული ჩხუბისთვის ცოლ-ქმარს უნდა ჰქონდეს საბაბად ან ლოთობა, ან ნარკოტიკი, ან ღალატი – ეგეთი ჩვენგან შორს, ორივენი აღმსარებლები და მაზიარებლები ვართ. თეა გავიცანი ჩვენ სოფელში. დიდი კულტურის სახლია, სადაც ფილმები გადიოდა ხოლმე. ვიპრანჭებოდით იქაური ბიჭები ჩამოსული გოგოებისთვის. იქ დავადგი თეას თვალი. სხვათა შორის, ორ თვეში გადავწყვიტეთ დაქორწინება, დიდი ხანი არ ვტანჯეთ ერთმანეთი. წავედი მამამისის გასაცნობად ოჯახში, ხელი უნდა მეთხოვა. წავედი გამოწკეპილი. მამამისი მკაცრი ხასიათის კაცი იყო, თან ფინანსურად ძლიერი ოჯახი ჰქონდა, ყველა ვერ გაბედავდა მათ ოჯახში მისვლას, მე ვთქვი, რატომაც არა, მეც კარგი გვარიშვილი ვარ და გავბედე, თუმცა, სახლში არ დამხვდა, კი ამბობდა მერე, ვერ მოვიცალეო, მაგრამ ვფიქრობ, თავი აარიდა. გავბრაზდი, ცოტა არ იყოს. ერთ დღესაც, გადასასვლელ ხიდთან დავთქვით შეხვედრა და გავიპარეთ კახეთში, 27 ნოემბერი იყო, მახსოვს, დიდი თოვლი იყო… 1 წლის თავზე ქალიშვილი შეგვეძინა, ნინიკო.
გადავწყვიტე, სოსო გოგაშვილის მეუღლისთვის მეკითხა, რით მოხიბლა ახალგაზრდა სოსომ.
თეა მარტყოფლიშვილი:
– მეც გაცნობისთანავე შევამჩნიე და მომეწონა, თუმცა, იმ დღესვე ჩემი სიმპათია არ ვაგრძნობინე.
– ყვავილებს გჩუქნიდათ?
– არა, არ მიყვარს დაკრეფილი ყვავილები, რომ ჭკნება, გული მწყდება. მხოლოდ ქოთნის ყვავილები მიყვარს.
– რითი დაიპყრო თქვენი გული?
– გაბედული იყო და მამაკაცური. ეს ის თვისებებია, რომელიც მასში ყველაზე მეტად მომეწონა.
თეა იურისტია, იგი შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მუშაობს, გვიყვება, რომ პანდემია ძალიან მძიმედ და ცუდად გადაიტანა, ვერ ეგუებოდა კარჩაკეტილ ცხოვრებას.
თეა მარტყოფლიშვილი:
– სასოწარკვეთამდე ვიყავი მისული, ვხვდებოდი, რომ დეპრესია მიპყრობდა. ტაძარში წავედი, მუხლმოდრეკილმა ვთხოვე უფალს, მოეცა ნიშანი, რაიმე გამეკეთებინა. მეორე დღეს, ავდექი, წავედი, ვიყიდე საღებავები და დავიწყე ხატვა. რომ გეკითხათ, რატომ წავედი კონკრეტულად საღებავების საყიდლად, ვერ გეტყვით. მას შემდეგ დავიწყე ხატვა, ზოგჯერ ღამეს ვათენებ ხატვაში. ასე აღმომაჩენინა უფალმა ხატვის ნიჭი ამ პანდემიის დროს.
საკუთარ თავთან დადებული პირობა და უფლის საჩუქარი
სოსო გოგაშვილი:
– როცა ჩემ უფროსს შვილებს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ყურადღება, იმ პერიოდში ფინანსურად გაგვიჭირდა ერთი წელი ძალიან. ნინიკო ჩოგბურთზე დადიოდა, კარგი მონაცემი ჰქონდა, ვერ გავაგრძელე თანხის გადახდა. მწვრთნელი 6 თვის განმავლობაში ფულს არ გვახდევინებდა, თავად იხდიდა იმ ფულს, სანამ შეეძლო. მერე ნინიკომ ერთ-ერთი თამაშის დროს მყესები დაიზიანა. მოკლედ, ნინიკოს და ნიკას სათანადოდ ვერ მივაქციე ყურადღება. მერე მოხდა სასწაული ჩვენ ცხოვრებაში. ყველაზე დიდი ჩავარდნის პერიოდი გვაქვს, პეტრე-პავლობაა და მე მონასტერში ვარ წასული მოსალოცად, ვეზიარე და მირეკავს თეა, ექიმთან უნდა წასულიყო, თავს კარგად ვერ გრძნობდა. მითხრა, ფეხმძიმედ ვარო. სასწაული იყო… მითხრა, რაკი პეტრე-პავლობას გავიგეთ მისი არსებობის შესახებ, ან პეტრე უნდა დავარქვა, ან პავლე და იცოდეო. პეტრეს დაბადებამდე ყველაფერი გავყიდეთ სახლიდან, აღარაფერი გვქონდა დარჩენილი. ქირით ვცხოვრობდით მაშინ ნახალოვკაში. თეამ მითხრა, რაღაც განაცხადებს აკეთებენ, შევიტან მეც განაცხადს, იქნება დაფინანსება მივიღოთო, საკეისრო უნდა გაეკეთებინა. წავიდა და ნაძალადევის გამგეობაში დაწერა განცხადება. აი, ეს არის ის ყბადაღებული თემა, სოციალურად დაუცველი იყო და მილიონერი გახდა… სოციალურად დაუცველობა დამღაა ადამიანის? მთელი ცხოვრება სოციალურად დაუცველი უნდა იყოს? ამ პერიოდმა ძალიან დამთრგუნა ფსიქოლოგიურად და ზუსტად მაშინ დავისახე მიზნად წარმატებისთვის მიმეღწია. კლინიკას 400 ლარი, ანუ, თანხის ნახევარი ჩაირიცხა და დარჩენილი 400 ლარი ხელზე უნდა მიმეტანა. მთავარი ექიმი იყო დათო კობეშავიძე, მივედი, ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ მალე მივიტანდი დანარჩენსაც. სოციალური სტატუსით შევედით კლინიკაში, იცოდა, რომ მესამე შვილი იყო და მეუბნება, შენ მაგაზე არ იდარდო, რადგან გარისკეთ და ამ სიტუაციაში კიდევ გააჩინეთ შვილი, ჩათვალე, ეს თანხა არა გაქვს გადასახდელიო და არ გამომართვა ფული. მოგვიანებით, როცა მუშაობა დავიწყე, მოვძებნე ეს კაცი, ძალიან გაუკვირდა, რომ მახსოვდა, მაგრამ რა დამავიწყებს…
პეტრე, ეს ღმერთის ნაჩუქარი ბავშვი რომ დაიბადა, იმის შემდეგ შეიცვალა ჩვენი მდგომარეობა. იმ პერიოდში ძალიან დათრგუნული ვიყავი, ისეთ ოჯახში გავიზარდეთ მეც და თეაც, რომ არ გვიჭირდა არასოდეს არაფერი, უცებ კი, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაქვს და მშობიარობისთვის დახმარებას იღებ. სწორედ იმ პერიოდში დავისახე მიზნად, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, წესიერების ფარგლებში, რომ ჩემი ოჯახი გაჭირვებიდან გამომეყვანა და ის, რაც ჩემ უფროს შვილებს მოვაკელი, ამ პატარას არ მოკლებოდა. ის სახლი, სადაც დავიბადე, გავიზარდე და მერე ბანკმა წაგვართვა, დამებრუნებინა. ღმერთმა მისმინა და შევძელი ის, რაც შევძელი, თუმცა, ვიცი, ბევრს არ ესიამოვნა ჩემი წარმატება.
მზადება დიდ პოლიტიკაში მოსასვლელად
– ძალოვან სისტემაში ყოფნისას, ყველაფერი ის, რაც ანტისახელმწიფოებრივი ხდებოდა, დავინახე და ვიცი. ახლა ერთი სურვილი მაქვს – ძირეული რეფორმის გატარება. ორგანიზაცია „კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“ ამ იდეის რეალიზაციისთვის შეიქმნა, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, მეეჭვება, ვინმეს რეფორმების განხორციელების სურვილი ჰქონდეს. ისეთი ხალხი შევიდა პარლამენტში, რომ ამ უბედურების დროს საწუწაო თოფებით ერთობიან, სანამ ხალხი შიმშილით იხოცება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, უკვე სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, რომ მომიწევს პოლიტიკური პლატფორმიდან ვიბრძოლო ჩემი იდეებისთვის.
– როგორც მივხვდი, პარტიის შექმნას აანონსებთ, ხომ? და ეს თვითმმართველობის არჩევნებამდე მოხდება?
– პირველად ვამბობ „ალიასთან“, არსად არ მითქვამს ჯერ, რომ ვიწყებ გარკვეულ პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა ჯგუფებთან. რა ფორმით, როგორ ან ვისთან ვითანამშრომლებ თუ საკუთარ გუნდს ჩამოვაყალიბებ, ამაზე უკვე შემდეგ ვისაუბროთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთს ვიტყვი, ჩემი კარი ღიაა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა თუ ფიგურისთვის, ვისაც გულწრფელად სურს დამოუკიდებელი საქართველოს მომავლის შენება.
პატრიარქი და სოსო გოგაშვილი
– რა როლი უჭირავს თქვენ ცხოვრებაში რწმენას? არაერთხელ შემხვდა პატრიარქთან ერთად გადაღებული თქვენი ფოტო. რაზე საუბრობთ, თუ საიდუმლო არა? რა რჩევა მოუცია?
– პატრიარქთან ჩემი პირადი დამოკიდებულება მაქვს და მადლობა ღმერთს ამისათვის. 1995 წელს დავიწყე ეკლესიაში სიარული და ქაშუეთის ეკლესიის მრევლი ვარ. რამდენიმე წელში შემმოსეს სტიქარით. იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ სტიქაროსნები, მეუფეები გახდნენ, იერარქიულად წინ წავიდნენ. ჩემთვის ეს იგივე ოჯახია, სულიერი მამა, პატრიარქი კი, უმთავრესია. ეს არის ადამიანი, რომელიც გამოც, არასოდეს, არავისთვის კომპრომისს არ გავაკეთებ. პატრიარქის გულისთვის, ჩემი სიცოცხლის გადადებაც შემიძლია, თუ ეკლესიაში ვინმე რამით ბოროტად სარგებლობს, ამაზე თვალებს ვერ დავხუჭავ, რა თქმა უნდა, როგორც ერშია ბევრი რამ შესაცვლელი, ასევეა ბერშიც. მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ უღირსი წევრები, რომლებიც ეკლესიას ჩირქს სცხებენ და არაეკლესიურად იქცევიან, ჩამოშორდნენ ეკლესიას. რაშიც და როგორც დაჭირდება პატრიარქს ჩემი დახმარება, ისე მივეხმარები. პატრიარქთან მიახლების ფუფუნება რომ მაქვს, მარტო მაგითიც ვარ ბედნიერი. მასთან ძირითადად მიწევს საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლებოდა საპატრიარქოს და ეკლესიას შექმნოდა, ძალიან ბევრი საკითხი გადაჭრილა. უძლიერესი გონების ადამიანია. თავად იღებს გადაწყვეტილებებს, როცა მივდივარ და ვსაუბრობთ, ყოველთვის ერთი ერთზე ვხვდები. მას იმდენად ძლიერი ენერგია აქვს, რომ შეხვედრის შემდეგ გაძლიერებული გამოდიხარ. შეიძლება თავად სუსტდება ამ დროს, როცა ამხელა ენერგიას გაძლევს, მაგრამ შენ გაძლიერებს. როცა ბინძური კამპანია დაიწყო მის წინააღმდეგ, რომელიც კარგად ვიცი, ვისი პროვოცირებული იყო, ვინ დააფინანსა, სწორედ იმ პერიოდში მომიწია პატრიარქთან შეხვედრა. მძიმედ მივიღე ეს ამბავი და მეტყობოდა კიდეც, ალბათ, რომ შეიძლებოდა რამე არაადეკვატური გამეკეთებინა. რაზე ვისაუბრე იქ, ამას ვერ მოვყვები, მაგრამ მან მითხრა – „მათ იციან დიდი შური და არ მემეტები მაგისთვის, არ მინდა დაზიანდე, არ მინდა ამ ომში ჩაერთოო.“ მე ვთვლი, რომ ჩემი ოჯახია ეკლესია და საერთოდ, ოჯახში ასე ხდება, თუ პრობლემაა და შენ რამის გაკეთება შეგიძლია, უნდა გააკეთო. ამიტომ, არასოდეს დაველოდები იმის თქმას, რომ ჩემი გასაკეთებელი უნდა გავაკეთო.
ყოფილი თანაგუნდელების უპატიებელი ღალატი
– თქვენ გამოიარეთ შვილის გარდაცვალება, იყავით მაღალჩინოსანი, როგორც გვიყვებით, ფინანსური გაჭირვებაც იყო და სიძლიერეც თქვენ ცხოვრებაში, იყო წლები, როცა იყავით ლაფის სროლის ობიექტი სწორედ იმ გუნდში ყოფნის გამო, რომელი გუნდის წევრებმაც ახლა ზურგი გაქციეს. ერთხელ წავიკითხე, თქვენმა ვაჟმა გააპროტესტა, სოციალურ ქსელში, მეტი სხვა განცხადება თქვენ ოჯახს არ გაუკეთებია. როგორ გადაიტანა თქვენმა ოჯახმა ეს პერიოდი და რა გაკვეთილი მოგცათ ცხოვრებამ?
– ურთულესი პერიოდი იყო. ცხოვრებაში რამდენიმე მძიმე სტრესი გვაქვს მე და ჩემ მეუღლეს გადატანილი. გარდა იმისა, რომ ერთი შვილი გარდაგვეცვალა, ჩემი უფროსი ქალიშვილი, ნინიკო, მეორედაა დაბადებული. სამი წლის ასაკში, დეიდასთან ერთად იდგა ტროტუარზე, როცა მთვრალმა მძღოლმა ავარია გააკეთა, ჩემი შვილი მოჰყვა მანქანის ქვეშ, გრძელი დალალები ჰქონდა, ჩაითრია მანქანამ თმით და 30 მეტრი ათრია ასფალტზე. ეს მოხდა ქავთარაძეზე. არ გვახსოვს პირველი სამი დღე რა ხდებოდა. დღესაც არ მავიწყდება, რა ხმით გვეძახდა ნინიკო რეანიმაციიდან. მთელი წელი გადახეხილი ჰქონდა ძვლამდე. მოკლედ, უსაშინლესი პერიოდები გვაქვს გადატანილი მე და თეას, მაგრამ სულ სხვაა, როცა მოულოდნელად აგორებენ შენ წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას, ისე, რომ არაფერი დაგიშავებია. თავიდან ბოლომდე ვიცი, ვისგან მოდიოდა დაკვეთა, ვინ იხდიდა ამაში ფულს, ვინ იყო შემსრულებელი… ამ სტრესზე თეას პანკრეასის პრობლემები დაეწყო და ზოგჯერ ისეთი ტკივილები აქვს, ვერაფრით ვუყუჩებთ. სამი დღის წინათაც ჰქონდა შეტევა. ნიკას და ნინიკოს ძლივს ვამშვიდებდით. ამ ნერვიულობაზე მამაჩემს, 81 წლისკაცს, რომელსაც მანამდე კბილიც არ წამოსტკიებია, განუვითარდა კუჭის პათოლოგია, 2 თვეში კაცი გარდაიცვალა. აუნაზღაურებელი დანაკარგი მივიღებთ ოჯახმა და ამას ჯერ ერთი, ღმერთი არ აპატიებს, მერე – მე არ ვაპატიებ.
– ეს ხალხი ყოფილი თანაგუნდელები არიან? და თანხას იხდიდნენ თქვენ წინააღმდეგ?
– ამ ხალხის ძირითადი ნაწილი ყოფილი თანაგუნდელებია, კი. ეს იყო საწყენი სწორედ. „ნაცმოძრაობისთვის“ მე ვიყავი ადამიანი, რომელიც თანამდებობაზე იყო და უნდა გაენადგურებინათ იმისათვის, რომ ამით ქვეყანა დაენგრიათ და სახელმწიფო ინსტიტუცია შეესუსტებინათ. აი „ნაცებს“ რომ მიუტან რაღაც ინფორმაციებს და შეხედავენ, შიგნიდან მოდის ჩემი გაშავების მცდელობა, განახორციელებენ, აბა, რა იქნებოდა? „ნაცმოძრაობა“ ვიცი, რომ მტერია და გეომება, მაგრამ გუნდიდან რომ გებრძვიან – ეს ყველაზე მძიმეა. თანხას იხდიდნენ კი, აფინანსებდნენ! ურთულესი პერიოდი იყო, მაგრამ რაც არ გკლავს, გაძლიერებს. გამოცდილება მივიღე და ახლა ხშირად ვიმეორებ უძლიერესი პოლიტიკოსის, რეიგანის ფრაზას „ენდე და გაადაამოწმე.“
– რეიგანი თქვენი მისაბაძი პოლიტიკოსია?
– რეიგანი, ჯორჯ ვაშინგტონი და ქართველებიდან დავით აღმაშენებლი, დავით აღმაშენებლზე ძლიერი პოლიტიკოსი, ჩვენ არ გვყოლია. თავისი რეფორმებით, სულიერი და გონებრივი სიძლიერით. აპარტავნებაში ვარდება ხალხი, როცა ხელისუფლებაში მოდის, მერე, შენზე ზრუნვის ეგიდით, ისე გექცევიან, თითქოს მათი ვალი გაქვს. მოქალაქე გიხდის ხელფასს და აქეთ გაქვს მოქალაქის ვალი. იგივე რეიგანის გამოთქმას გავიხსენებთ – „მთავრობების ვალდებულებაა ადამიანებზე იზრუნოს და არა მართონ მათი ცხოვრება“.
– თანამდებობაზე რომ იყავით, მაშინაც ფიქრობდით, რომ ჩვენი ვალი გქონდათ, ჩვენი, ხალხის?
– ენერგიას ვხარჯავდი, ჯანმრთელობას ვიფუჭებდი, ღამეებს ვათენებდი. სახლში მოვდიოდი დილის 5 საათზე, ვითიშებოდი, 9 საათზე ვიღვიძებდი, ვწესრიგდებოდი და გავრბოდი, რომ 10-ზე თათბირი მქონოდა, მაგრამ 12 ათასი ლარი მქონდა თვეში ხელფასი, ძალიან დიდი ხელფასია იმისათვის, რომ შენ ვალდებულება იგრძნო. აქვე ვიტყვი, რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნები, რაც უნდა ეცადო. ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა – „99 პროცენტი წარუმატებელი ადამიანებისა, თავის მართლების რეჟიმშიაო“. თავის მართლების რეჟიმში არ უნდა ჩადგე. როცა ხარ თანამდებობაზე, უნდა იცოდე, რომ მოგიწევს პასუხისგება. თავის მართლების რეჟიმში არ უნდა ჩააყენო ძალოვანი სისტემის თანამშრომელი დამნაშავეა? წაუყენე ბრალი და დაიჭირე, მაგრამ მუდმივად თავი ამართლებინო, რომ არაფერი დაუშავებია და აქლემი არაა და კუზი არა აქვს, ეგ არ უნდა გააკეთო. რაღაც პერიოდი, მომიწია თავის მართლება იმის გამო, რაზეც თავი არ უნდა მემართლებინა და ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. თავის მართლების რეჟიმში აღარასოდეს ვიქნები.
თამო კეშელავა