“ალიამ” გაარკვია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის დროს, კონსოლიდირებული, აუქციონის გარეშე ტენდერი გამოაცხადა საოჯახო ტექნიკის შეძენაზე – სასმელების მაცივარი, პიცის ღუმელი, კონვექციური ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ნამცხვრის მაცივარი… რას არ ნახავთ ამ ტენდერში… სატენდერო წინადადების ფასი – 54 ათასი ლარია.
ტექნიკა სამინისტროს შენობაში მდებარე სასადილოსთვისაა განკუთვნილი და მათ საფასურს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ხაზინა იხდის.
იმ ფონზე, რომ პანდემიის დროს, უმუშევრად დარჩენილ ოჯახებს 200-200 ლარით დაეხმარნენ ხაზინიდან, ცოტა უცნაური კი არის სამინისტროს სამზარეულოს ტექნიკის განახლება, მაგრამ, ფასზე მეტად, დრო გვენანება, ის დრო, რომელიც შეიძლებოდა, ბევრად მნიშვნელოვან საკითხებს მოხმარებოდა, მაგალითად, ყველას გვახსოვს, ამერიკიდან ჩამოსულმა ქართველმა ექიმმა, დავით მრელაშვილმა, კახეთის კლინიკებისთვის როგორ მოიფიქრა საავადმყოფო საწოლების აწყობა, მეორე ტალღის დროს, ახლა, როცა დაანონსებული მესამე ტალღა დაატყდა ქვეყანას, ისევ საწოლფონდის პრობლემაა და კახეთის მაგალითის გამოყენებაც კი არ მოხდა, არათუ ახლის მოფიქრება, აქეთ, ვაქცინის რეგისტრაციის საიტი ჭედავს, იქეთ, გარდაცვლილი ექთნის საქმე არ არის ბოლომდე მიყვანილი… არც ვაქცინა გვაქვს სამყოფი, ამიტომ, ანტივაქსერებს ვეჩხუბებით და ასე გადის დრო…
რაც შეეხება საოჯახო ტექნიკას:
2021 წლის 28 აპრილის ოქმის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2021 წლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს დაევალა ბაზრის კვლევა, შეთავაზებები დაეგზავნა 15 კომპანიას, ბაზრის კვლევის პროცედურის შემდეგ, სავარაუდო ფასები გადაეგზავნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. 2021 წლის 17 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციამ სამინისტროს მისცა თანხმობა ტენდერის ღირებულება განისაზღვროს 54 ათასი ლარით. ამის შემდეგ, სატენდერო კომიიის წევრებმა განიხილეს და მოამზადეს სატენდერო წინადადების განცხადების ტესტი, ანგარიშსწორების პირობები, სატენდერო დოკუმენტაცია და ვადები. და ბოლოს, დაევალა სატენდერო კომისიის აპარატს, სატენდერო დოკუმენტაციის განთავსება.
ძალიან გიშრომიათ, ქალბატონებო და ბატონებო. თქვენ გქონიათ დრო, თუ გქონიათ!
ტენდერი ჩაიშალა, როგორც ჩანს, კომპანიებს ფასი ეცოტავათ, მით უფრო, რომ სამინისტრო ტექნიკის ადგილზე მირთმებას და დამონტაჟებას ითხოვს. გარდა ამისა, თებერვლის ბოლოს რომ ბაზრის ფასები მოიკვლიეს, ახლა უკვე მაისია და თუ ჯანდაცვის მინისტრმა არ იცის, ხალხს მაინც ჰკითხოთ, თვითან თვემდე როგორ ძვირდება ყველაფერი.
ახლა კიდევ იგივე პროცედურებს გაივლიან დოკუმენტურად მაინც და თავიდან განათავსებენ სატენდერო წინადადებას, თუ ისევ არავინ მიიღო მონაწილეობა, იქნებ, ფასიც გაზარდონ. ამიტომ არ პასუხობთ ზარებს, მინისტრო? ამით ხართ დაკავებული?
იმედია, გემრიელ პიცას აცხობთ, მინისტრო.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები