როგორც უკვე ცნობილი, წუხელ ღამით ტყვიას ემსხვერპლა ქალბატონი, რომელიც თავის სახლში ტელევიზორს უყურებდა.
“ალია” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მეზობელთან, რომელიც თვლის, რომ იგივე პირმა ტყვია ახალ წელს მის სახლსაც მოარტყა:
წინა ახალ წელს, ასევე რამდენიმე მჭიდი დაცალეს ჩვენს ეზოში და ტყვია მოხვდა კონდიციონერს, რომელიც ფანჯრიდან არის დაშორებული 30 სანტიმეტრით სულ რაღაც.
ახალ წელს ფანჯრებთან ვერ მივდივართ და აივანზე ვერ გავდივართ, ტყვიების ზუზუნის ხმა ისმის.
ბედობა დღე იყო, დავრეკე პოლიციაში, ვუთხარი რომ კონდიციონერს მოხვდა ტყვია, იქაა ჩარჩენილია და წამიყვანეს გაგარინის მოედანზე, პოლიციის განყოფილებაში.
პოლიციის განყოფილების უფროსი, აშკარად ნასვამ მდგომარეობაში, იჯდა მაგიდასთან, უყურებდა თურქულ სერიალს და მითხრა, რა გინდა, დალიეს, ისროლეს, რა ზიანი მოგადგა, კონდიციონერი გაფუჭდაო?
ვუხსნიდი, რომ საქმე კონდიციონერში არ იყო და ბევრად უფრო დიდი პრობლემის წინ ვდგავართ, გავახსენე გლდანში მომხდარი ფაქტი, მთვრალმა პოლიციელმა გასროლით რომ ბავშვი მოკლა – ვუთხარი, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოჰყვებოდა ჩვენს სამეზობლოშიც მსხვერპლი ასეთ სროლებს, რადგან მთვრალი კაცი, გასროლას კი არა, სიარულს ვერ ახერხებს სრულფასოვნად. დღეს 30 სანტიმეტრით ასცდა ფანჯარას, ხვალ შეიძლება ზუსტად ფანჯარას მოახვედროს და ვინმე იმსხვერპლოს-თქო, ვაფრთხილებდი.
დავწერე განცხადება, მხარზე ხელი მომითათუნეს და გამომიშვეს. დღემდე ის ტყვია ისევ ჩემ კონდიციონერშია, არავის ამოუღია, არავის შეუმოწმებია, მაქვს ეჭვი, რომ წინასწარვე იცოდნენ, ვინ ისროდა და იცოდნენ, რომ თანამშრომლის იარაღი ამოვარდებოდა. შესაბამისად, არ შეამოწმეს.
ჩემ კონდიციონერში ჩარჩენილი ტყვია არის 9 მილიმეტრიანი, ანუ, იგივე მილიმეტრის, რაც არის “მაკაროვის” ტყვია. მე ბალისტიკურ და სხვა ტიპის ანალიზებს ვერ ჩავატარებ, ეგ პოლიციის საქმე იყო. ტყუილად გავატარე ბედობა დღე პოლიციაში ახლობლებთან ერთად, ტყუილად მქონდა იმედი, რომ გამოიძიებდნენ და მიიღებდნენ ზომებს, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.
წუხელ ღამითაც გავიგე სროლის ხმა, ჯერ ერთი მჭიდი დაცალეს და დაახლოებით 1-2 წუთში მეორე. ხმის მიხედვით ვიეჭვე რომ გასროლა იგივე სახლიდან მოხდა.
არ დამეძინა და მოგვიანებით აივნიდან გადავიხედე, იმ სახლში, საიდანაც გასროლა მოხდა, ერთ-ერთ ბინაში პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი და ეზოშიც ვიღაცეები დადიოდნენ და ტყვიებს ეძებდნენ – ოღონდ, არ ვიცი, ტყვიებს ეძებდნენ გამოძიებისთვის, თუ იმ პირის მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, ვინც ისროლა.
ტრაექტორიის დადგენა რთული არ იქნება, შეუიარაღებელი თვალითაც შეგვიძლია ვნახოთ, რომ იმ ბინიდან, ჩემი ბინისკენაც თავისუფლად შეიძლებოდა სროლა და გარდაცვლილის ბინისკენაც.
ვწუხვარ, რომ არ მოისვენებს, არ გამოიძიეს მანამ, სანამ ადამიანი არ მოკვდა.
დღემდე არ ვიცი, სად წაიღეს ჩემი განცხადება, სად შეიტენეს, ვფიქრობ და არ ვიცი, მეტად როგორ უნდა მომეხდინა რეაგირება? თავად უნდა გამომეძიებია?
ალია
კომენტარები