15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე დაიკითხა.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ბექა სირაძემ სასამართლოს პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
„დღეს ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა, საუბარია, გარდაცვლილ არასრულწლოვან ლუკა სირაძის ძმაზე, ბექა სირაძეზე. მან სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან ინფორმაცია მიიღო უშუალოდ პოლიციის შენობაში მყოფი პირებისგან, მათ ბექა სირაძეს განუცხადეს, რომ ლუკა სირაძის მიმართ, ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის მიერ განხორციელებულ იქნა ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჩვენების იძულებით მიცემის მიზნით. ამ ეტაპზე სხვა პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს”
“ალია” – ლუკა სირაძის ძმამ “ალიასთან” ინტერვიუში ისაუბრა ვიდეოზე, რომელიც პოლიციის კამერებითაა გადაღებული, არსებობს უამრავი მოწმე, პროკურორს კი სიმართლის დადგენა სურს მისი ძმისგან, რომელიც მაგ დროს განყოფილებაში არ იმყოფებოდა. მეტიც, ქალაქშიც არ იმყოფებოდა.
ჩვენ ყველას კარგად გვაქვს სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ თავად იძიებს ამ საქმეს და პირველად, სწორედ სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურმა განაცხადა, რომ მარიანა ჩოლოიანმა დაარღვია არასრულწლოვნის დაკითხვის წესი და კანონი.
ამ პროცესს ესწრებოდნენ სხვა პოლიციელებიც, თუმცა, რატომღაც მათი ბრალეულობა ვერ დგინდება.
საინტერესოა, როდის დაიკითხება სასამართლოში, ლუკა სირაძის საქმის პროკურორი – ანჟელა გეთია და დაიკითხება თუ არა სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის უფროსი, რომელიც უფრო დაწვრილებით მოუყვებოდა პროკურორს, რა დარღვევები იპოვნა საქმეში.
კომენტარები