ფოტო – ტვ პირველი
პოლიციელის საეჭვო გარდაცვალება – ოჯახი ხელს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკს ადებს. გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი ირწმუნება, რომ სწორედ ზვიად პაპუაშვილი ფიგურირებს მუქარის შემცველ შეტყობინებებში, რომელიც სულაშვილს გარდაცვალებამდე მისდიოდა.
ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურისგან მადლობის სიგელიც აქვს მიღებული, კომენტარს არ აკეთებს.
სულაშვილის და ტვ პირველთან ამბობს:
ტრაგედიაა ერთი ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვა, მეორეა ასე უყურადღებოდ დატოვება. არსად არ გახმაურებულა, არაფერი არ უკითხავთ. გამოძიებაც როგორ დაიწყო, უკვე ერთი კვირა იყო გარდაცვალებიდან გასული და ტელეფონიც კი არ ჰქონდათ ექსპერტიზაზე გადაგზავნილი, არც იარაღი. არც ის არ ჰყავთ დაკითხული, ვინც ბოლოს ჩემ ძმასთან ერთად იყო, არც კამერები არ აქვთ ამოღებული, რომ ენახათ სად იყო, ჩემი ძმა.
მთავარი ფაქტი არის ტელეფონში, მინაწერებშიც ჩანს, ჩემი ძმა ამბობს, რომ ცოტა დრო მაქვს დარჩენილიო. ვერ მოვხსენით, ბლოკი ედო ტელეფონსო. მეც არ გამოვუკითხივარ არავის. არავინ არ მოსულა, ერთხელ იყო მამაჩემი, იმ დღეს, შემდეგ მამაჩემმა, რომ დარეკა გასაგებად, რა ხდებოდა, უთხრეს, რომ დაბარებას ვაპირებდით თქვენსასო და იყო წასული. რაღაცას იგონებენ, ისეთ რაღაცებს, რომ ბავშვიც არ დაიჯერებს. ალბათ, იმიტომ, რომ დამალონ, რაც მოხდა”, – ამბობს სულაშვილის და.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 წლის პოლიციელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ლევან სულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით საფეთქლის არეში აქვს მიყენებული. ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდანაა. შემთხვევა 6 ნოემბერს მოხდა.
ლევან სულაშვილის გარდაცვალების საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. მომხდარის შესახებ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები