ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.
– ის, რაც ისნის მეტროში მოხდა, აღმაშფოთებელი იყო და მეც შემძრა. რამდენი ხდება ასეთი, რომელიც არ ვიცით და რომლის ჩაფარცხვასაც ახერხებს პოლიცია? ეს არავინ იცის. ეს ერთეული შემთხვევა არა მგონია იყოს. მიდგომაა ასეთი. დამნაშავე პოლიციელებს სისტემა აფარებს ხელს, ნაცვლად იმისა, რომ დასაჯონ. ეს ორი პოლიციელი კი დაისჯება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კადრები რომ არ გასაჯაროვებულიყო, ხახვივით შერჩებოდათ იმ ბავშვის ცემა. მიდგომა უნდა შეიცვალოს. თუ მოქალაქეთა ცემას, მათზე ძალადობას სისტემური ხასიათი აქვს და ვფიქრობ, ასეც არის, მაშინ მთლიანად გადასახედია პოლიციის საკადრო შემადგენლობა… სახელმწიფო შერწყმულია კრიმინალთან. ყოველწლიურად არჩევნებია ჩვენთან. არჩევნების პერიოდში ხელისუფლება დავალებებს აძლევს კრიმინალებს, ხდება მათი მობილიზება და არჩევნებში გამოყენება. ამ კრიმინალებს არჩევნების დროს პოლიცია აკონტროლებს. პოლიცია ხელს უწყობს კრიმინალს დანაშაულის ჩადენაში. მეტიც, თანამზრახველები არიან, ერთად აყალბებენ არჩევნებს, კრიმინალები ზეწოლას ახდენენ ხალხზე და პოლიციამ ეს იცის და რეაგირება არ აქვს. პოლიციამ შეიამხანაგა კრიმინალი. რა ქნას ამ პოლიციამ? იძულებითი დავალებები მოდის პარტიიდან, ხელისუფლების სხვა და სხვა შტოებიდან და იძულებულია, ეს დაკვეთები შეასრულოს. არ შეასრულებს და სამსახურიდან გააგდებენ და შეიძლება, უარესიც დამართონ. ეგუება პოლიციელი ამ რეალობას, რადგან უმეტესობა სხვა გზას ვერ ხედავს. თუმცა, არიან პოლიციელები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის მარაზმი. ერთმა პოლიციელმა მითხრა, საკუთარი თავი მძულს, რომ ფორმა მაცვია, ჩემს წინ კრიმინალები დათარეშობენ და უფლება არ მაქვს, რომ ისინი დავაკავოო. ამიტომ არის მერე, როდესაც მიტინგზე მიჰყავთ ეს პოლიციელები, არბევენ ხალხს, უმოწყალოდ სცემენ და ბევრ უკანონო დავალებას ასრულებენ. აგერ, ორხევში სახლები რომ დაუნგრია თბილისის მერიამ ხალხს, იქაც პოლიცია მოჰყავთ იმისთვის, რომ ძალა იხმარონ, ხალხს გადაუარონ. მიტინგების დარბევასა და ზოგადად, საპროტესტო აქციების დროს პოლიციელის მიერ ძალადობა, უკვე ჩვეულებრივი ამბავია. პოლიცია არბევს ხალხს და ეს აღარ უკვირთ აქციების მონაწილეებს. პოლიციელთა ამ სახის ძალადობამ უკვე ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო. ჩვენი პოლიცია არის არა საზოგადოებრივი ინტერესების, უფლებებისა და წესრიგის დასაცავად, არამედ იქცა მოძალადედ. ეს არის საგანგაშო. ძალადობა დაკანონდა პოლიციელთათვის. თუ ვინმემ უჩივლა, სურათი გადაუღო ან ვიდეო, მაშინ ხდება პოლიციელის ძალადობებზე რეაგირება და ისიც ყოველთვის არა. სხვა შემთხვევაში, პოლიციელები როდესაც სცემენ ხალხს, თუ არ არის ასეთი უტყუარი მტკიცებულებები, არ სჯიან არავის. ამიტომ, გადასახედია პოლიციაში მარტო საკადრო პროცესი კი არა, შერჩევაც, სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროცესიც. საზოგადოებრივი და არასამთავრობო სექტორიდან ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ რაიმე შეიცვალოს. მონიტორინგი მაინც მოითხოვონ, რომ პოლიციელთა ცოდნა შემოწმდეს. არანაირ სტანდარტს დღევანდელი პოლიციის ხარისხი არ შეესაბამება და ეს არის საგანგაშო. თუ ენდობა ხალხი საკუთარი ქვეყნის პოლიციას, ის ამ ნდობას უნდა იმსახურებდეს და ამას საქმით ამტკიცებდეს. თუ არ ენდობა ხალხი პოლიციას, მაშინ პოლიციელი არ დგას არც მორალურ სიმაღლეზე, არც კანონის დამცველად ვარგა და არც ხალხის დამცველად.
– ნორმალურ ქვეყანაში ხალხი გამოვიდოდა გარეთ და მინიმუმ, ვიდრე შს მინისტრს არ გადააყენებდნენ, სახლებში არ შევიდოდნენ. ვფიქრობდი, რომ ეს შემზარავი ფაქტი გამოაფხიზლებდა ჩვენს საზოგადოებას. პოლიციელთა დასჯის მიუხედავად, ხალხი, უპირველესად ახალგაზრდები გამოვიდოდნენ და სხვა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდნენ, მაგრამ ეს სისტემური დანაშაულიც შერჩა ხელისუფლებას, ასე გამოდის?
– არ გამოდის ეს ხალხი გარეთ და ძალაზე ხარ? ამაზე ჩვენ ბევრი გვილაპარაკია. ხალხი, როგორც ჩანს, ეგუება ყველანაირ უღირსობას, უსინდისობას, ამორალურობას, კრიმინალს პოლიციაში და მთლიანად, კრიმინალურ სახელმწიფოს. ისეთი საზოგადოება გვყავს, რომ არ აწუხებს სხვისი ტკივილი და გასაჭირი. ვერ ხვდება, რომ ეს გასაჭირი, შესაძლოა, მასაც დაუდგეს და ბევრს ისეთს მართლა დაუდგა, რომლებიც ამას ვერ წარმოიდგენდნენ. ვიდრე სხვებს გადახდებათ ასეთი უბედურება, მანამდე უნდა დაუდგნენ ერთმანეთს გვერდში, სხვისი ჭირი გაიზიარონ. ქართველებს არ გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გრძნობა, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო, – ჩვენებური ანდაზაა. დღვანდელობამ დაადასტურა, ისტორიულად დადასტურებულია და საერთოდ, ყველაფერში დადასტურებულია, რომ ქართველებს არ გააჩნიათ სოლიდარობის გრძნობა, სხვის მიმართ არ აკისრიათ პასუხისმგებლობა. ტელევიზორთან და „ფეისბუკში“ იოხებენ გულს და მორჩა. ხელის განძრევა, რომ ამგვარი რა აღარ მოხდეს, აღკვეთოს ასეთი დანაშაულებები, არავის უნდა. ასეთი ამბავი შევარდნაძის დროს რომ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, პარლამენტის განხილვის საგანი გახდებოდა. შს მინისტრს დაიბარებდნენ პარლამენტში და მოსთხოვდნენ პასუხს. მას შემდეგ, რაც ერთპარტიული პარლამენტებია, სააკაშვილის დროსაც და ახლაც, საკუთარ მინისტრებს პარლამენტში არ ეძახიან და არ სთხოვენ პასუხს. პარლამენტი თანამონაწილეა იმ დანაშაულებებისა, რაც პოლიციაში და ზოგადად, ძალოვან უწყებებში ხდება. სულ მცირე, მინისტრის იმპიჩმენტი იყო დასაწყები ამ ფაქტის გამო, საპარლამენტო კონტროლი რომ ხორციელდებოდეს მთავრობაზე.
კომენტარები