პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, ვარშავამ თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 4%-მდე გაზრდის სახით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გადაწყვეტილებით, პოლონეთი თავდაცვაში პროპორციულად აშშ-ზე მეტ თანხას დახარჯავს.
“უკრაინის ომი გვაიძულებს კიდევ უფრო სწრაფად შევიარაღდეთ. სწორედ ამიტომ, წელს ჩვენ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ვიღებთ: მშპ-ის 4% პოლონეთის არმიისთვის”. – უთხრა მორავიეცკიმ ჟურნალისტებს.
პოლონეთმა 2022 წელს სამხედროებისთვის მშპ-ს 2,4% დახარჯა, რაც NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მორავიეცკმა თქვა, რომ თავდაცვის ხარჯების ახალ მაჩვენებლამდე გაზრდა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ეს იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის.
2022 წელს მშპ-ს უდიდესი წილი (3,76%) თავდაცვაზე, NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის, საბერძნეთმა დახარჯა. მას მოჰყვა აშშ 3,47%-ით – ვაშინგტონმა თავდაცვაზე 822 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე სამხედრო ალიანსის ყველა სხვა სახელმწიფოს მიერ ერთად დახარჯული თანხა.
კომენტარები