საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა პოლონეთს დიდი გამოწვევა ედგა წინ. ვარშავას 1939 წლამდე – საბჭოთა და გერმანულ ოკუპაციამდე – არსებული სახელმწიფო ტერიტორიის 50% დაკარგული ჰქონდა. იყო დრო და ჟეჩ პოსპოლიტა (პოლონეთ-ლიეტუვას გაერთიანება) ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო იყო. ყველა აღმოსავლური თუ დასავლური სახელმწიფო ფრთხილი ყურადღებით აკვირდებოდა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა პოლონეთის ახლადფორმირებული მთავრობა და დააყენებდა თუ არა დღის წესრიგში სახელმწიფო საზღვრების ცვლილების მოთხოვნას. საუბარი იყო იმაზე რომ შესაძლოა კონფლიქტი უკრაინაში ლვივისათვის (პოლონურად ლვუვი), ბელორუსში გროდნოს, პინსკის, ბარანოვიჩისა და ბრესტისათვის, ხოლო ლიეტუვაში უშუალოდ დედაქალაქ ვილნიუსისათვის (პოლონურად ვილნო) დაწყებულიყო. მაგრამ პოლონეთმა ისტორიული იმპერიის აღდგენის მცდელობას და უაზრო სისხლისმღვრელ ომს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ წამყვან და ლიდერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ამჯობინა. მოსკოვი ბელორუსებში, უკრაინელებსა და ლიეტუველებში პოლონეთის საწინააღმდეგო სენტიმენტებს აღვივებდა და ცდილობდა ვარშავა უნდობელ ძალად წარმოეჩინა. თუმცა პოლონეთი წინდახედული სახელმწიფო იყო და აღმოსავლეთში დიდ სისხლისღვრას სამაგალითო მოკავშირედ ჩამოყალიბება ამჯობინა. ასე არ მოიქცა რუსეთი რომლის გადაწყვეტილებასაც რაიმე ფორმით აღედგინა ახალი იმპერია სისხლში ჩაძირა მისი სამეზობლო და ბალკანეთამდეც კი გადასწვდა.
ისტორიულად პოლონეთის სამეზობლოში არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობისა და კონფლიქტების ტრადიციიდან, პოლონეთმა თანამშრომლობა არჩია, ხოლო რუსეთმა კონფლიქტი. ამიტომაცაა რომ დღეს ევროპის ქვეყნებში უკრაინისათვის პოლონური მხარდაჭერა სამაგალითოა, რუსული აგრესია კი სამაგალითოდ დასაგმობი. დღეს პოლონეთი საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან და რეგიონული ლიდერის პოზიციიდან მოქმედებს და ეხმარება უკრაინას, რომელიც ვარშავის ისტორიულ მეტოქეს, რუსეთსა და მის აგრესიას აკავებს.
კომენტარები