„ალიას“ ესაუბრება „თავისუფალი ზონის“ აღმასრულებელ მდივანს, სამოქალაქო აქტივისტს, დავით დიღმელაშვილს.
-რომელი წლიდან ხარ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში?
-2013 წლიდან, ჯერ საგარეჯოში დავიწყე და მერე უკვე თბილისში გავაგრძელე.
-რატომ დაინტერესდი პოლიტიკით?
-ეს ის პერიოდი იყო, როცა არჩევნები წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მე მანამდე ვიყავი ერთი ჩვეულებრივი ამომრჩეველი ახალგაზრდა და ვიყავი მიშა სააკაშვილის იდეების მხარდამჭერი. ზუსტად მაშინ, როცა არჩევნები წააგო, გადავწყვიტე, მეც ჩავრთულიყავი პროცესებში. ეს ის პერიოდი იყო, როცა ეშინოდათ ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანების და პარტიის წევრების ნაწილი სარფიანად დაპორტირებას ცდილობდა.
-ყოფილი „ნაციონალები“, დაპორტირებული „ნაციონალები“, მერიის, სამინისტროს თანამშრომლები – არჩევნებზე ხმას ვის აძლევენ? ამბობენ, რომ ისევ თქვენი მომხრეები არიან.
-ეს ქოცური ნარატივია. სინამდვილეში, ეგ ადამიანები არიან ჩვეულებრივი მედროვეები, რომლებიც ერთი მთავრობიდან მეორეს გადაყვებიან, მერე მესამეს და ასე შემდეგ.
-პორტირებული „ნაცი“ – „ნაცი“ აღარ არის?
-პორტირებული ნაცი
“ქოცზე: უარესია! ადამიანი როცა არ არის იდეის მატარებელი, ადამიანს, როცა არ გააჩნია პრინციპი და ფასეულობა – მას ერთგულებასაც ვერ მოსთხოვ. იდეის გარშემო გაერთიანებულნი ვინც ვიყავით, ისინი ბოლომდე ერთად და ერთ მხარეს დავრჩით, ვინც არ იყო იდეის გარშემო გაერთიანებული, ისინი დაპორტიდნენ…
-შენთვის რა არის ეს იდეა?
-ჩემთვის ეს იდეა არის მიშას იდეა, მიშას საქართველოს იდეა, ის, რაც იყო საქართველო მის დროს და საითკენაც მიდიოდა. სააკაშვილი არის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი პოლიტიკოსი და არამარტო ქართველი, ეს უკვე დრომ და ისტორიამაც გვიჩვენა და აგერ 45 მილიონიან უკრაინაში წამყვანი რეფორმატორია. გარდა სააკაშვილისა, უამრავი კარგი კადრი და კარგი პროფესიონალი, რომლებიც საქართველოს აშენებდნენ სააკაშვილთან ერთად, დღეს მუშაობენ უცხო ქვეყანაში, უკრაინაში, მაგალითად, ლევან ვაშალომიძე, გიზო უგულავა, დათო საყვარელიძე და ასე შემდეგ. კარგი კადრი ყველას უნდა, ბიძინა ივანიშვილის გარდა.
-სოციალურ ქსელში წერდი, ვერ გავიგე, როგორ აჯობა დავით ბაქრაძემ და გიორგი ვაშაძემ – გრიგოლ ვაშაძეს და მიხეილ სააკაშვილსო. მეოთხე იყო „ფორმულას“ მიერ შეკვეთილი კვლევის თანახმად სააკაშვილი ამ რეიტინგში და მას გამოკითხულთა მხოლოდ 7 პროცენტი თვლის რეიტინგულ პოლიტიკოსად. თვლი, რომ კვლევის შედეგი არ შეესაბამება რეალობას?
-ამ კვლევასთან დაკავშირებით გვაქვს პასუხგაუცემელი კითხვები, როგორ შეიძლება, ან გიორგი ვაშაძე, ან დავით ბაქრაძე იყვნენ ამ ეტაპისთვის საქართველოში ყველაზე რეიტინგული ფიგურები, როცა არის ამხელა მიშა, ხო? გრიგოლ ვაშაძე, რომელიც 2018 წელს კინაღამ პრეზიდენტი გახდა და 900 ათასამდე ხმა მიიღო, დღეს არის მესამე პოზიციაზე? მე არ ვენდობი ამ კვლევებს, არ შეიძლება დავით ბაქრაძეს 26 პროცენტი ჰქონდეს და მიშას 7 პროცენტი, ეს გამორიცხულია, წარმოუდგენელია. თუ ვინმეს სჯერა ამის, სჯერა ისევ „ევროპული საქართველოს“ მომხრეებს. „ევროპულ საქართველოს“, პარტიების რეიტინგში 5 პროცენტი აქვს და მის ერთ-ერთ და არც ისე გამორჩეულ ლიდერს 26 პროცენტი? ასეთი სხვაობა შეიძლება რომ იყოს? დღეს ოპოზიციურ სპექტრში არავინ არის მიშაზე მაღალრეიტინგული ფიგურა… ოპოზიციურ პოლიტიკურ ფრონტზე მაჩვენეთ მიშას და მისი პარტიის, ენმ-ის გარდა, სხვას ვის ჰყავს ამხელა ამომრჩეველი? ამ რეიტინგებით ის გამოიკვეთა, რომ მიშა უნდათ გამოიყვანონ ბუად, მიშა უნდათ გამოიყვანონ ურეიტინგო პოლიტიკოსად – ეს არის „:ევროპული საქართველოს“ და „ქოცების“ ნარატივი.
-არ არის მიშა ბუა? არ ფიქრობს რევანშზე, სამაგიეროს გადახდაზე და რეპრესიებზე?
-არავინ არავის სამაგიეროს არ გადაუხდის. ესეც „ქოცების“ აგორებულია, აი, ჩამოვა, ყველას დაიჭერს, ციხეში გაისტუმრებს, სამაგიეროს გადაუხდის, არ არის ასე, ხალხნო. არაერთხელ თქვა მიშამაც, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის აშენებისთვის ჩამოვა და არა სამაგიეროს გადასახდელად ვინმესთვის.
-დავუშვათ დაბრუნდა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე ხალხი რომ დატოვოს სამსახურში, არ დაგასაქმოს შენ მაგალითად, არ გაუშვას სამსახურებიდან „ქოცები“ – არ გეწყინება? ახლა „ოცნების“ მომხრეებს სწყინთ პორტირებული „ნაცები“ რომ სხედან საჯარო სამსახურებში და ისინი არა.
-აქ ჩემზე და ჩემ დასაქმებაზე არ არის საუბარი, აქ არის საქართველოს გადარჩენაზე და წინსვლაზე საუბარი. სამსახურებიდან გაუშვას ვინმე კი არა, მიშას ჩამოსვლის შემდეგ, ველოდებით, უამრავი დაუსაქმებელი ადამიანის დასაქმებას, პენსიების ზრდას, ეკონომიკურ აღმავლობას, ქვეყნის განვითარებას, ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლის გაგრძელებას და ა.შ. იმდენ სამუშაო ადგილს შექმნის და იმდენად წინ წავა ეკონომიკა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“გაიმარჯვებს და მიშა ჩამოვა, რომ არავინ დარჩება უმუშევარი და გაჭირვებული.
-ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამდენი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლებელია. შევარდნაძის „მილიონი სამუშაო ადგილიდან“ დაწყებული, ყველა პარტია ამას ჰპირდება ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ, მაგრამ მერე არავინ არ ფიქრობს ხალხზე.
-არ იქნება რთული, თუ იქნება პოლიტიკური ნება. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გაწერილი პროგრამა, როგორ შექმნას ქვეყანაში ბარაქა და დოვლათი. რთული ჩანდა ასე, მაგრამ, 2003 წელს ამოიყვანა ქვეყანა ჭაობიდან, არც დენი, არც გაზი, არც სამსახური, პენსია 15 ლარი, კორუფცია, ნეპოტიზმი – ეს რეალობა დახვდა, ხომ გვახსოვს? ახლა ისევ ჭაობისკენ მივდივართ, კორუფციაში იხრჩობა ქვეყანა, ლამისაა ქუჩებში „გაიშნიკები“ დააბრუნონ, გამგეობებში ქრთამები, „ატკატები“, გაყიდული ტენდერები… პარლამენტარები უეცრად მდიდრდებიან, მაღალჩინოსნები უეცრად აგროვებენ ქონებას…
-ნაციონალებმაც უეცრად დააგროვეს ქონება, როცა პარლამენტში იყვნენ, როცა მინისტრებად მუშაობდნენ, გვახსოვს „ცალი კალოშით“ მოსულები და მილიონერებად წასულები…
-არა, ისინი მუშაობდნენ და ჰქონდათ დანაზოგები, ხელფასებიც უკეთესი ჰქონდათ, პრემიებიც, გადასახადებიც დაბალი იყო, ცხოვრებაც უფრო იაფი ჯდებოდა და დააგროვეს დანაზოგი, ეს ჩვეულებრივი ამბავია. საქმეს აკეთებდნენ და დანამატებიც ერიცხებოდათ. „ოცნებამ“ კი ამ 8 წლის მანძილზე მხოლოდ დაპირებები გასცა, მხოლოდ დაპირებების გაცემაში ვუხდით მაღალჩინოსნებს ხელფასებს – 5 მილიონს მივცემთ თითო სოფელსო, ამბობდნენ – რომელ სოფელს მისცეს? 100 ქარხანას ავაშენებთო – ააშენეს? პენსიებს გავზრდითო – მიშას დახვდა პენსია 15 ლარი და გაზარდა 150 ლარამდე, ამათ 8 წლის მანძილზე, 150 ლარიდან, ახლა გახადეს, თუ არ ვცდები 220 ლარი. ხალხი გამწარებულია, მშიერია. მიტოვებული ჰყავს ხელისუფლებას. იმის გასაქანსაც არ აძლევენ, მოსავალი რომ მოიყვანონ და შესაბამის ფასებში ჩააბარონ. ყველაფერი გაძვირდა და გლეხის მოწეული პროდუქტის ჩაბარების ფასი ან იგივეა, ან უფრო ნაკლები – რანაირად?
-მეუბნებით, რომ „ენმ“-ს მაღალი რეიტინგი აქვს, გაერთიანებული ოპოზიცია რაში გჭირდებათ? თუ მარტონიც მოიგებდით ამ არჩევნებს, რაში გჭირდებათ, რომ ბოკერია, ბურჯანაძე და სხვანი გყავდეთ?
-მოცემულობაა დღეს ასეთი, ყველა ოპოზიციური პარტია უნდა დადგეს ერთად ერთის წინააღმდეგ. სხვა პარტიებთან ერთად ხომ არ გავდივართ საარჩევნო სიით? ჩვენ ჩვენი საარჩევნო სია გვაქვს. ესაა ერთობა საერთო მიზნისთვის, მაგრამ ეს არ არის ერთობა საერთო სიისთვის, კოალიცია ხომ არ შექმნილა, არა? გაერთიანების მაგიდამ, კარგი საქმეები გააკეთა, საარჩევნო სისტემა შეცვალა, ორი პოლიტ.პატიმარი გამოუშვეს გარეთ, მესამე, სამწუხაროდ, დარჩა. აი, ამ თემაზე იმუშავა ერთიანად ოპოზიციურმა სპექტრმა, თორემ, საარჩევნო სია ყველა პარტიას თავისი აქვს და ენმ-საც თავისი საარჩევნო სია ექნება.
-რომ წააგოთ, რა გამოვა, ყველა წავიდა ერთის წინააღმდეგ და იმ ერთმა ყველა დაამარცხა?
-არ მოხდება ეგ, ხალხის მოთხოვნაა უკვე, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შეიცვალოს უკეთესი ძალით. რა თქმა უნდა, ეცდებიან გაყალბებას, „ოცნების“ ხელისუფლება ხვდება, რომ წაგებისკენ მიდის, ყველა გზით ეცდებიან, მოსყიდვით, დაშინებით ფონს გასვლას. რაც იკადრეს ყველა წინა არჩევნებზე, გაორმაგებულად იკადრებენ ახლა. ჩვენ გვახსოვს კორცხელი, ზუგდიდის არჩევნებზე ძველი ბიჭების გამოსვლა, პრეზიდენტად წოდებული ქალბატონის არჩევნების დროს, მეორე ტურში, ყველა, თუ ვინმე მოსასყიდი და დასაშინებელი იყო, მოისყიდეს და დააშინეს. გამოყარეს გარეთ ე.წ. ქუჩის ბიჭები და გაურკვეველი სახის და წარმოშობის „ავტორიტეტებთან“ ითანამშრომლეს. 2018 წლის არჩვენების მეორე ტურში ვიყავი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ორი საარჩევნო უბანი იყო, ერთ საარჩევნო უბანზე რომ შევედი და გავჩერდი დამკვირვებლად, მეორე უბანში რომ ჩავედი, ვხედავ რომ დგას ვიღაც ქალი და რვეულში უწერია ჩემი სახელი და გვარი – ეს იყო, თუ სწორად მახსოვს, სკოლის დირექტორი და ქოც. კოორდინატორი. არ ვიცი, რა დაავალეს, რატომ ჩააწერინეს ჩემი სახელი და გვარი, მაგრამ კონკრეტულად „ენმ“-ის მომხრეებზე იყვნენ მობილიზებულნი. სიმართლე რომ გითხრათ, მე მგონია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიშას ხელმძღვანელობით, ყველაზე მეტ ხმას მიიღებს ოპოზიციურ სპექტრში და არჩევნებშიც გაიმარჯვებს.
-2020 წლის არჩევნები თქვენთვის გადამწყვეტი ბრძოლაა? ბოლო წვეთამდე აპირებთ ბრძოლას?
-ჩვენთვის არა, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, ან მოიგებს პროდასავლური ძალა, ენმ და მიხეილ სააკაშვილი, ან გახდებით რუსეთის გაჭირვებული, დამშეული ოლქი, გუბერნია. ხალხი დაჩაჩანაკებულია, დამშეულია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოგვიწოდებს, რომ წავიდეთ გერმანიაში და იქ ვიმუშაოთ, იქ ვიყოთ…
-ახალი კანონპროექტი შევიდა პარლამენტში, რომლის თანახმადაც, უცხოელებს ექნებათ შემოსვლის და ცხოვრების უფლება, თუ თავის ქვეყანაში იმუშავებენ აქედან დისტანციურად.
-კი, უცხოელების ჩამოსვლა და აქ დარჩენა აწყობს, იმიტომ რომ უცხოელი არ შეაწუხებს, არ მოსთხოვს დახმარებას, ჯანდაცვას და ა. შ. არაფერს არ მოსთხოვს უცხოელი. ჩვენ, ქართველები კი არ დავუშვებთ რაჭის განადგურების მცდელობას, არ შევარჩენთ საყდრისის აფეთქებას, არ ვაპატიებთ არჩევნების გაყალბებას, გავაპროტესტებთ ბიუჯეტის ჭამას და კორუფციას, ასე რომ რატომაც არა, აწყობთ, რაც მეტი უცხოელი იცხოვრებს და რაც ნაკლები ქართველი დავრჩებით.
-სექტემბერში რომ გითხრან, ეპიდემიის საშიშროებამ იმატა და კარდაკარ ვერ ივლითო – ამ შემთხვევაში, რას აკეთებთ?
-არ გამოვრიცხავ, სხვათა შორის, რომ სექტემბერში შესაძლოა, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი გაზარდონ და ისევ დაკეტონ ყველაფერი, ყველაფერს გააკეთებენ, ხელისუფლების შესანარჩუნებლად – მაგრამ, იმ ფაქტს, რომ „ოცნებას“ არანაირი რეიტინგი აღარ გააჩნია, კორონავირუსი ვერ შეცვლის. ვერ შეაკავებენ ხალხს, რომელიც მათი და მათი მმართველობის უკმაყოფილია
-და თუ მაინც გაიმარჯვა არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა?
გამორიცხულია, არ შეეგუება ქართველი ხალხის ამ დიქტატურას, ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოში დიქტატურა მყარდება, ეს არის რუსული „კაგებეს“ მეთოდებით მართვა, ქართველი ხალხი კომუნიზმს არ შეეგუა და „ქართულ ოცნებას“ შეეგუება? ამ გამწარებულ ხალხს ვერ შეაკავებენ, მოხდება ხალხის აფეთქება…
თამო კეშელავა, ალია №24
კომენტარები