გიორგი გახარია ექიმებს – მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ
მთავრობის მეთაური ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ექიმებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლის პროცესში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და პაციენტების მდგომარეობის შესახებ.
„მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. რა თქმა უნდა, თქვენი პერსონალური დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ. მესმის, წინ რთული გამოწვევები გველოდება და აქაც თქვენი იმედი გვაქვს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს. კარგად ვიცით პრობლემებიც, შენობიდან დაწყებული, სხვა მიმდინარე თემებიც, რომლებსაც სწრაფად მოვაგვარებთ. ახლა მთავარი ამოცანაა ამ ვირუსის დაძლევა და მაინტერესებს, როგორია თქვენი პროფესიული მოსაზრება, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისე გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს მოქალაქის ჯანმრთელობამაც, ეკონომიკამაც და საერთოდ ქვეყანამაც. ის, რაც ახლა ევროპაში ხდება, ჩვენ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და გაგვიჭირდება მსგავსი შედეგებით ამ გამოწვევიდან გამოსვლა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ ზიანის მინიმიზებისთვის. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარებით. ამიტომ, ბატონო თენგიზ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მთელ გუნდს. დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ. მინდა, მთავრობის თითოეული წევრის და მთლიანად, გუნდის სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს და კლინიკის ექიმებს.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პრემიერ-მინისტრს კლინიკაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა უშუალოდ გიორგი გახარიას და მისი პირდაპირი სამთავრობო მმართველობის უმნიშვნელოვანეს როლს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ეფექტურობაში.
თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, სახელმწიფო მფლობელობაში არსებული 4 წამყვანი ჰოსპიტალის – რესპუბლიკური საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკის, გორის ჰოსპიტალისა და ბოჭორიშვილის კლინიკის უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის გამოყოფა და კლინიკური მართვის ერთიანი სისტემის დაწესება ძალიან დროული და სწორი იყო.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს
კომენტარები