თამო კეშელავა, ალია
“ქართული ოცნების” მმართველობის მეათე წელს და პრემიერობის მეორე წრეზე, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მედიკამენტების ძალიან მაღალი ფასი, როგორც იქნა “დაინახა” და განაცხადა, რომ შესაძლებელს გახდის თურქეთიდან წამლების შემოტანას. საქმე ისაა, რომ უკვე კარგა ხანია, უამრავი პოლიტიკოსი და მოქალაქე საუბრობს იმაზე, რომ თურქეთში მედიკამენტები ლამის 300-400 პროცენტით ნაკლებ ფასად იყიდება. რამდენიმე წლის წინ პარტიამ “თავისუფალი საქართველო” მედიკამენტების შემოტანა დაიწყო, რა გზით და რის ფასად უწევდა წამლების შემოტანა პენსიონრებისა და მოქალაქეებისათვის, რატომ ვერ ახერხებდა მასშტაბურ იმპორტირებას, რა დაბრკოლებებს ხვდებოდა გზად, რა პრობლემებია ქართულ ფარმაბაზარზე და ზოგადად, ჯანდაცვაში და რამდენად რეალურად ეჩვენება პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივა, ამ და სხვა საკითხებზე “ალიას” პარტიის ლიდერი, კახა კუკავა ესაუბრება.
– ბატონო კახა, თითქმის 3 წელია, რეალური გზით ცდილობთ აჩვენოთ ხალხს, პოლიტიკოსებს, მთავრობას, რამდენად იაფია მედიკამენტები მეზობელ ქვეყნებში და რამდენად მაღალია მათი ფასი საქართველოში. ცოტა ხნის წინ, პრემიერი გამოვიდა ინიციატივით, თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის შესახებ – რა მოხდა, გაიზიარა ღარიბაშვილმა თქვენი ინიციატივა, თუ მოიპარა? რომელია სწორი ფორმა?
– ჩვენი ინიციატივა თეორიულად იყო ის, რასაც ამბობს დღეს პრემიერ-მინისტრი, რამდენად კეთდება, ეს ცალკე ამბავია. გაკეთებადი ნამდვილად არის, მაგრამ რეალურად რამდენად ხორციელდება ცხოვრებაში, ამას სჭირდება შემოწმება, იმიტომ რომ ჯერჯერობით აფთიაქებში ფასები დაკლებული არ არის, ან დაკლებულია, უმნიშვნელოდ.
– ზოგ პრეპარატზე მომატებულიც დაგვხვდა…
– კი, ბატონო. მე პირადად ვაპირებ უახლოეს დღეებში წავიდე თურქეთში და განვაახლო იქედან მედიკამენტების შემოტანა, პირდაპირ ეთერს ჩავრთავ სარფის საბაჟოდან და ყველა ნახავს რეალურად არის ეს შესაძლებელი, თუ კვლავინდებურად, რამდენიმე ფარმაკომპანიის ხელში იქნება მონოპოლია. შეიძლება, ცოტა საწყენიცაა, იმიტომ რომ, შე მამაცხონებულო, თუ იდეა მოიპარე და რასაც პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდა, შეამჩნევდით, რომ წერტილ-მძიმეც არ იყო გადაადგილებული, ჩემი ტექსტები პირდაპირ ჰქონდა გადატანილი, ერთი-ერთში… თუ ეს გადააკოპირე, მკითხე და ეგება საქმეშიც გასწავლო, რაღაცა გადაგაკოპირებინო? წმინდა საქმიანი კუთხით ვამბობ, პრემიერი ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვდა გარკვეულ კომპანიებს – ე.ი. “თავისუფალი საქართველო” იბრძოდა ფასების კლებისთვის, ეს კომპანიები ხელს გვიშლიდნენ, პრემიერი ამბობს, მინდა, რომ ფასებმა დაიკლოსო და იმ ხალხს ხვდება, ვინც ფასებს აძვირებდა? თუ მართლაც, რელური ამოცანაა მედიკამენტებზე ფასების კლება, ხომ შეიძლებოდა ჩვენც შეგვხვედროდა? რომ ვთქვა, რომ ამ თემაზე მარტო ჩვენ ვლაპარაკობდით – არა, ბევრი ლაპარაკობდა, მაგრამ რეალურად ნამდვილად ჩვენ შევქმენით გამონაკლისი, როდესაც მედიკამენტების იმპორტი დავიწყეთ თურქეთიდან. ბევრი ადამიანი გვირეკავს და გვეკითხება, როგორ გავაგრძელებთ მედიკამენტების იმპორტს და მინდა მათ “ალიას” მეშვეობითაც ვუთხრა – ჩვენ რაღაც პერიოდი შეჩერებული გვაქვს მედიკამენტების იმპორტი, იმის გამო, რომ შეიცვალა რეგულაციები, ჩვენც უნდა გადავეწყოთ ახალ სქემაზე. ძალიან დიდი სირთულეები გადავლახეთ ჩვენი ფინანსების და დროის ხარჯზე, რომ მოვრგებოდით იმ რთულ კანონმდებლობას, რომელიც აქამდე იყო. კანონმდებლობით, არ შეიძლებოდა ერთ ადამიანს 10 კოლოფზე მეტი მედიკამენტის შემოტანა, ფარმაკოლოგიურ კომპანიებს საერთოდ არ შეეძლოთ შემოეტანათ, შემოტანა ნებადართული იყო მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, არაუმეტეს 10 კოლოფისა ჯამში და და თითო დასახელება არაუმეტეს სამი კოლოფისა. მთელი პარტია იყო ჩართული ამ საქმეში, ორგანიზაციის ბათუმის და ხელვაჩაურის წევრები გადაგვყავდა საზღვარზე, ყიდულობდნენ და თითოს გადმოჰქონდა 10-10 კოლოფი, მერე კი ნაწილდებოდა ქვეყნის მასშტაბით, ზოგი თბილისში, ზოგი – ქუთაისში, ყველგან სადაც ადამიანებს სჭირდებოდათ.
– როგორც მივხვდი აპირებთ იმპორტის გაგრძელებას. შესაძლებელია, აფთიაქიც გახსნათ?
– როგორც უკვე ვთქვი, პირველ რიგში, პირადად წავალ და გავარკვევ, მართლა შეგვიძლია, თუ არა, საზღვარზე მედიკამენტების შემოტანა. შიდა ბაზარზე დისტრიბუცია უკვე მეორე საკითხია. მთავარი პრობლემა აქამდე იყო საზღვრის გადმოკვეთა. თუ საზღვარი გადმოკვეთა თურქულმა მედიკამენტებმა, მერე აფთიაქიდან გავრცელდება, პარტიის ოფისიდან, თუ მიტანის სერვისით – ეგ უკვე მეორე საკითხია. აუცილებლად გავაგრძელებთ იმპორტს, თუ იქნა ამის შესაძლებლობა. თუ არ იქნა ამის შესაძლებლობა, ჩვენც ღიად ვიტყვით და მოსახლეობაც დაინახავს. 40 ლარიანი ტრიფლიქსამი ჩვენ შემოგვქონდა 10 ლარად. თუ მისი ფასი მხოლოდ 35 ლარამდე დაიკლებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტყვით მოსახლეობას, რომ ეს თაღლითობაა.
– რა ხდება ამ კუთხით სხვა ქვეყნებთან მიმართებაში? ევროპიდან შემოტანაზე, მაგალითად? და რატომ თურქეთი?
– სხვა ქვეყნებთან რთულია ასეთი ურთიერთობა, გამომდინარე იქედან, რომ სახმელეთო საზღვარი ევროპის ქვეყნებთან არა გვაქვს. რუსეთთან, იცით, რომ ზოგადად გართულებულია ყველა ტიპის ურთიერთობა, თურქეთია ის გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ფასებიც იაფია და თანაც საქართველოსთან აქვს სახმელეთო საზღვარი და პირდაპირი გაგებით, ფეხით შეგიძლია გადმოიტანო. რაც შეეხება ევროპას, ევროპიდან არ არის მედიკამენტების შემოტანაზე შეზღუდვა და თურქეთიც ახლა ნომინალურად გაუთანაბრდა ევროპულ ქვეყნებს.
– როცა მედიკამენტების შემოტანა დაიწყეთ, მაშინ “ოცნების” დამცველები იძახდნენ, უხარისხოა თურქული მედიკამენტიო, მაგიტომ არ შემოაქვს ჩვენზე მზრუნველ მთავრობასო და ახლა როგორ იქნება ეგ საქმე? მას მერე რაც ღარიბაშვილმა გადააკოპირა თქვენი ინიციატივა, “გამოკეთდა” ხარისხი?
– რა ვიცით დღეს ჩვენ – ვიცით, რომ თურქული მედიკამენტები ნამდვილად არის ხარისხიანი, შესაბამისად, ყველა, ვინც ამბობდა, რომ ეს მედიკამენტები იყო უხარისხო – ტყუოდა. ახლა უკვე შეგვიძლია ვიმარჩიელოთ, ვინ რატომ ტყუოდა, ვიღაცა სულელი იყო და იმიტომ, თუ ვიღაცა ამაში გამორჩენას ნახულობდა და იმიტომ ტყუოდა? თურქული მედიკამენტები არის ძალიან მაღალი ხარისხის და წარმოდგენა, რომ თურქული არის უხარისხო – მოძველებულია, ასახავს 30-40 წლის წინანდელ რეალობას, მას შემდეგ თურქეთი ძალიან განვითარდა. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ითქვას, რასაც ადრე თურქულ მედიკამენტებზე ვამბობდით, დღეს ის შეიძლება ითქვას ქართულ მედიკამენტზე, ქართული პროდუქტი შეიძლება ჩაითვალოს ახლა უხარისხოდ, განსაკუთრებით ფარმაკოლოგიური.
– მაშინ როცა ერთი ადამიანის, ერთი კომპანიის ხელშია ჩავარდნილი კლინიკა, დაზღვევა, აფთიაქი და მედიკამენტების ქარხნები – რაც ჩემთვის, წარმოუდგენელია, რამდენადაა შესაძლებელი ამ ერთი რეგულაციით მონოპოლიის დასრულება, კონკურენცია და რეალური ფასები წამლებზე?
– არ მინდა ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ მაქვს ჩემი ვარაუდები. ყველა კარგად ვხვდებით, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია მთავრობას ხალხზე ზრუნვით. ხალხზე ზრუნვა რომ ყოფილიყო მათი ამოცანა, ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ 2012-ში, 2013-ში, ჰა-ჰა, 2014-ში, ხო? 3 წლის წინ ჩვენ მედიკამენტების იმპორტი დავიწყეთ, თორემ, ამაზე 2012 წელსაც ვლაპარაკობდი, მაშინვე იცოდნენ, მართალი რომ გითხრათ, ყველანი ელოდებოდნენ ამ მხრივ ცვლილებებს 2012 წელს. ჩემ ბევრ მეგობართან მქონდა მაშინ დისკუსია და ბევრი მეუბნებოდა, რომ აი, ახლა ივანიშვილი ამ ყველაფერს გააკეთებს, საწვავის, პროდუქტების მედიკამენტების ფასები დაიკლებს და ტყუილად ყვირიხარ… არ მქონდა მე ამის იმედი, მაგრამ, ცხადია, თავიდან არც ამისი გამორიცხვა შემეძლო. მერე ჩვენ ვნახეთ, რომ პირიქით, ყველაფერზე ფასები გაიზარდა. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მეათე წელია, არიან ხელისუფლებაში და 10 წლის თავზე რაღაცას აკეთებენ ისეთი მოტივით, რომელიც ადრე არ ჰქონდათ? ფაქტია, ეს არ არის ხალხზე ზრუნვით გაკეთებული, თუმცა, თუ აქედან ხალხი ისარგებლებს, ამას მხოლოდ მივესალმები. ეს არის აბსოლუტურად მახინჯი სქემა, ზოგადად, ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილი საქართველოში არის კორუფციული, მაგრამ განსაკუთრებით ჯანდაცვის ბიუჯეტის. რომ ნახოთ, ჯანდაცვისთვის რა თანხა გამოიყოფა, იმასაც ნახავთ, რომ ამ თანხების 50 პროცენტზე მეტი მიაქვს “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს”, “ევექსთან” დაკავშირებულ კომპანიებს, ერთი ჯიბიდან ამოდის ფული, მეორე ჯიბეში მიდის. რა თქმა უნდა, ეს აისახება, როგორ არ აისახება, განა იმას ვამბობ, რომ მოსახლეობა სარგებელს ვერ ხედავს? მაგრამ მოსახლეობა, დავუშვათ, ყოველი გამოყოფილი 1 მილიარდი ლარიდან სარგებლობს 100-200 მილიონით და 800 მილიონი სხვაგან ილექება, რომ იყოს დაფინანსების უფრო სწორი მოდელი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა, ჯანდაცვის ხარჯები ყოფილიყო ოპტიმალურად ათვისებული.
– და სწორი მოდელი როგორ წარმოგიდგენიათ?
– სწორი მოდელი არის, ყოველთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, შუამავლების გარეშე წარმართული პროცესი, მე თუ მინდა თქვენ ფული მოგცეთ, დაგეხმაროთ, მაგალითად, გჭირდებათ 50 ლარი – ყველაზე კარგი ფორმა თქვენ დასახმარებლად არის ის, რომ ეს 50 ლარი მოგცეთ თქვენ, როგორც კი თქვენსა და ჩემ შორის ჩაერთვება ვაჟა, პეტრე, ქეთინო და ომარი და მათი საშუალებით მოგცემთ თანხას, გასაგებია, რომ თქვენამდე ამ 50 ლარიდან მოაღწევს 10 ლარი. აი, ზუსტად ასეთივე სქემაა, როცა სახელმწიფო თუნდაც თავის თანამშრომლებს აზღვევს კერძო სადაზღვევო კომპანიების საშუალებით. მაგალითად, სამინისტროების თანამშრომლები დაზღვეულნი არიან კერძო კომპანიებში. ხომ ვხვდებით კარგად, რომ კერძო სადაზღვევო კომპანია არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელსაც მიაქვს თავისი პროცენტი. სახელმწიფო რომ უხდის სამხედრო მოსამსახურეს, სოციალურად დაუცველს, პედაგოგს თუ ნებისმიერს, თანხას, დავუშვათ 1000 ლარს სამედიცინო მომსახურებისათვის სადაზღვევო კომპანიის გავლით, ხომ ვხვდებით ყველა კარგად, რომ ეს ათასი ლარი არ მიდის იმ ადამიანამდე. ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, რა ნაწილი მიდის მოქალაქეებამდე. ამაზე უკმაყოფლობას გამოთქვამენ, არა მხოლოდ პაციენტები და პოლიტიკოსები, არამედ, მათ შორის კლინიკები. ისინიც რთულ დღეში არიან ჩავარდნილი და ბევრი ექიმისგან მომისმენია, რომ ნახევარ დროს ანდომებს პაციენტის მკურნალობას და ნახევარ დროს ბუღალტერიების შედგენას.
– ზოგ პაციენტს ექიმიცა და კლინიკაც ამიტომ ამისამართებს სულაც სხვა ქვეყანაში, იგივე თურქეთში, მაგალითად. წესით, სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს ონკოპაციენტების მკურნალობას, მაგრამ როგორც ჩანს, კლინიკებს არც სურვილი აქვთ და არც შესაძლებლობა, ამ ფასად საქართველოში უმკურნალონ. აი, თურქეთში მკურნალობის შემთხვევაში კი, სახელმწიფო ფინანსურ ნაწილში ხელს იბანს…
– ჩვენთან მთელი ეს სამედიცინო ბიზნესი, დიახ, ბიზნესი გახდა ეს სამწუხაროდ, მოერგო აი, ამ სადაზღვევო სქემებს. სახელმწიფოდან გამოყოფილია, დავუშვათ იქს თანხა, მილიარდი, აი, ეს მილიარდი როგორ აითვისოს და ისეთ ფასებს სთავაზობენ პაციენტებს, რომ მათ შეძლონ საყოველთაო დაზღვევით ანაზღაურება და არა იმ ფასებს, რაც რეალურად ღირს, ესა თუ ის ოპერაცია. თუ რაღაც ოპერაცია ღირს 10 000 ლარი, სახელმწიფო კი ამბობს, რომ არა, მე ამაში 10 000 ლარს ვერ გადავიხდი, მე ამაში ვიხდი 4 000 ლარს, ხარისხიანი, კვალიფიციური ექიმი, ბუნებრივია, ამ ოპერაციას აღარ აკეთებს და სამაგიეროდ ბაზარზე ჩნდება თაღლითი, რომელიც ამბობს, მე გავაკეთებ ამ ოპერაციას 4 000 ლარად. ვერ აკეთებს რეალურად ამ ოპერაციას, მაგრამ აი, ის მახინჯი წესები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვაკრიტიკებთ, უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ ფასის მიხედვით. თვალის კლინიკებზე გეტყვით, მაგალითად, ხშირად მოგვმართენ მოქალაქეები და გვეუბნებიან – სახელმწიფო გვაფინანსებს ამა და იმ კლინიკაში, თუმცა, ყველა მეუბნება, რომ ჯობია სხვა კლინიკა, მაგრამ იქ სახელმწიფო არ მიფინანსებს…
– ან სხვა კლინიკაში თანხის დამატება უწევს, რადგან დაფინანსება არ არის საკმარისი იმ კლინიკებში…
– დამატება რომ უწევდეს, ეგ კიდევ ნაკლები უბედურება იქნებოდა, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო მათ ეუბნება, აქ უნდა წახვიდე და მორჩა. საქართელო პატარა ქვეყანაა და თანამედროვე მედიცინა ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ კომერციული ჯანდაცვა დიდ ქვეყნებშიც კი არ არის ბევრგან და ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. უნდა გვესმოდეს, რომ შპს-ს სახით კლინკა როცა მუშაობს, ის ვერ იქნება ორიენტირებული ხარისხიან ჯანდაცვაზე, ის იძულებული იქნება, იყოს დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რადგან დღეს ძირითადი წყარო სამედიცინო შემოსავლისა, არის არა გადახდისუნარიანი პაციენტი, არამედ, საყოველთაო დაზღვევა და საყოველთაო დაზღვევა კი ითხოვს დაბალფასიან და უხარისხო ჯანდაცვას. ამიტომაც, სწორი მოდელი იქნებოდა, მეტი სახელმწიფო კლინიკები, რომლის დირექტორის საზრუნავი საერთოდ არ იქნება ფინანსური მომგებიანობა, არამედ იქნება, კვალიფიციური, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა. გვესმის, რომ კარგი, კვალიფიციური ქირურგი, იმ ხელფასზე რასაც საყოველთაო დაზღვევა სთავაზობს, ვერ იარსებებს და ურჩევნია მაშინ წავიდეს ბერლინში, ან პარიზში და იცით, იქ ექიმებს რა ანაზღაურება აქვთ. მაგალითი იმისა, თუ როგორ დაანგრია სახელმწიფომ ერთ-ერთი წამყვანი დარგი ქართული მედიცინის – არის ონკოლოგიური კლინიკა, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაანადგურა! ეს იყო კლინიკა, რომელიც არათუ საქართველოში იყო ლიდერი, არამედ მსოფლიო ონკოლოგიურ სკოლაში იცნობდნენ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უპირობო ლიდერი იყო. გაანადგურა “ქართულმა ოცნებამ”, შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ, გაძარცვული კედლებია დარჩენილი მხოლოდ და მხოლოდ.
– რომ არა პანდემია, იგივე ბედი ეწეოდა ინფექციურ საავადმყოფოსაც…
– ინფექციურ საავადმყოფოს იგივე ბედი ელოდა კი არა, ქაღალდზე უკვე იგივე ჭირს, ოღონდ მისი აღსრულება გადაიდო, პანდემიის გამო. ქაღალდზე ინფექციურ საავადმყოფოს უკვე იგივე დაემართა, იურიდიულად, სახელმწიფომ იგივე განაჩენმი გამოუტანა ინფექციურს, ამ შემთხვევაში, ზოგი ჭირი მარგებელიაო და აღსრულება ვერ მოესწრო.
– ბოლოს და ბოლოს, რეალური რომც იყოს პრემიერის ინიციატივა, ისიც ხომ ვიცით, იმდენად გადაჯაჭვულია (ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო) ფარმაბიზნესი კლინიკებსა და დაზღვევაზე, რომ შეუძლიათ, უბრალოდ, არ გამოუწერონ პაციენტს თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტი და უთხრან, რომ აი, საქართველოში დამზადებული, ან ავსტრიიდან შემოტანილი კი ძვირია, მაგრამ ის სჯობს…
– რა თქმა უნდა, მახინჯი სისტემაა. ევროპის ქვეყნებში არავინ იცის აფთიაქის სახელები, იმიტომ რომ არის 100-200 აფთიაქი და ამდენის სახელს ვერავინ იმახსოვრებს. მარტო საქართველოშია ასე, რომ 4-5 კომპანიას გაყოფილი აქვს მთელი ქვეყანა. იგივე ხდება ბენზინგასამართ სადგურებში და ყველა დარგში, ამის გამოა მონოპოლიური ფასები. დააკვირდით, სავაჭრო ქსელებში, იყიდება ნაგავი მაღალ ფასში და კარგი პროდუქტის საყიდლად, უნდა წახვიდე სავაჭრო ქსელის გარეთ, იმიტომ რომ კარგი პროდუქტები არ შეაქვთ. მაგალითისთვის გეტყვით – ჩურჩხელა, ყველამ ვიცით, რომელი კომპანიის ჩურჩხელაა კარგი, მაგრამ არ იყიდება არც ერთ სუპერმარკეტში, სამაგიეროდ იყიდება რაღაც ნაგავი ყველა მარკეტში, იგივე ფასად. რატომ? გასაგებია, რომ ნაგავს თუ გაყიდი კარგი პროდუქტის ფასად, მოგება მეტი დაგრჩება. ერთ შემთხვევაში, 3,5 ლარიდან მოგება რჩება 3 ლარი და მეორე შემთხვევაში, იგივე 3,5 ლარიდან 0,50 ლარი. ბედავს ამის გაკეთებას იმის გამო, რომ ბაზარზე არის მონოპოლისტური მდგომარეობა. რამდენიმე ქსელია და შეუძლიათ შეთანხმებული საბაზრო პოლიტიკა აწარმოონ. როგორც კი იქნება თავისუფალი კონკურენცია, შეუძლებელი გახდება 50-70 სუბიექტს შორის შეთანხმება და დაიწყება ფასებით კონკურენცია.
კომენტარები