თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შოვში გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საპონტონე ხიდებიც:
პრემიერმინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ.
შოვში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად კოპიტნარის ბაზიდან კი, ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება. ქვედანაყოფი უახლესი თაობის სამაშველო საშუალებებით არის აღჭურვილი, რომელიც ქართულ მხარეს დანიის სამეფომ გადასცა. პირად შემადგენლობას ასევე, გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის მიმართულებებსა და საჭიროებებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური სამხედრო ტექნიკითა და საშუალებებით, რომლებიც ამოცანების მიღებისთანავე ჩაერთვებიან სამაშველო და გაწმენდით ღონისძიებებში” ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრო თავის განცხადებაში წერდა, რომ ბატალიონი შოვში უკვე გაემგზავრა. ჩვენ ვკითხეთ, იციან თუ არა, სიტყვა უკვეს მნიშვნელობა და რას მოიაზრებენ ფრაზაში – უკვე გაემგზავრა? მაშინ, როცა თავდაცვის ძალების ჩართვას მოსახლეობა გუშინდელი დღიდან ითხოვს, პრემიერმა დღეს, 14 საათისთვის დაანონსა და თავდაცვის მინისტრმა კი, იგივე დროისთვის განაცხადა, რომ სამაშველო სამუშაოებში, კერძოდ კი, გზების გაწმენდის ოპერაციებში, რამოდენიმე საათში ჩაერთვება ჯარი. როგორც ჩანს რამოდენიმე საათი, 6 საათზე მეტია, და მაინც, უკვე დანაყოფი გაემგზავრა, განა ჩავიდა უკვე, გაემგზავრა უკვე. იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის სამინისტრო გვიპასუხებს რას მოიაზრებს სიტყვა უკვეში, მასალა განახლდება.
შეგახსენებთ, გზების გაწმენდას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ღამის საათებში, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენები ვერ მონაწილეობენ და არც მეზობელ ქვეყნებს ვთხოვთ დახმარებას. ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ გზების არარსებობის გამო, ვერ მოხერხდა ცხედრების საფეხმავლოდ გადმოსვენება და ცხედრები, თითქმის მთელი დღის მანძილზე იყო ერთად თავმოყრილი და მოქალაქეები ელოდნენ, როდის გადაასვენებდა მათ ვერტმფრენი.
მართალია, ჯარი უკვე გაემგზავრა, მაგრამ, ბოდიში, მეორედ დაღამდა ამასობაში…
მეშვიდე ცხედარი და ჯარისკაცები სტიქიის ზონაში – “მადლობა, გათენდა”
კომენტარები