რამდენიმე დღის წინ, “ალიამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საყოველთაო დაზღვევა შეჩერებულია.
მანამდე რამოდენიმე ადამიანმა მოგვმართა და მოგვიყვა, რომ პოლიკლინიკაში მივიდა და არ დააზღვიეს პოლიკლინიკებმა, უთხრეს, რომ შეჩერებულია საყოველთაო დაზღვევა.
ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ იმ კლინიკებს ეხებათ, რომელსაც 13 000 ადამიანი ჰყავთ უკვე დაზღვეული, მხოლოდ ისინი ვერ დააზღვევენ მოქალაქეებს.
ქვეყნის სამ დიდ ქალაქში – ბათუმში, თბილისში, ქუთაისში – 13 ათასზე მეტი დაზღვეული თუ ჰყავს პირველადი ჯანდაცვის ობიექტს – ვეღარ დააზღვევს პაციენტს, ეკრძალება კანონის მიხედვით.
ხო, აბა ჩემს სოფელში არც ჰყავს პოლიკლინიკას 13 ათასი დაზღვეული – სადაც ჰყავს – თბილისში, ქუთაისში და ბათუმში – იქ შეაჩერეს.
და ეს მაშინ, როცა კორონავირუსის გამო – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია – საგანგაშო მდგომარეობას აცხადებს!
საქართველოს მთავრობის დადგენილება – №15 2020 წლის 9 იანვარი:
გარკვევით წერია – 1 მაისამდე იზღუდება იმ დაწესებულებებში დაზღვევა – რომელსაც ჰყავთ 13 000 და მეტი ბენეფიციარი.
და კიდევ უფრო უცნაურია მეორე მუხლი – იზღუდება გადინება იმ დაწესებულებიდან, რომელსაც ჰყავს 7 ათასი ბენეფიციარი!
მერე კიდევ უფრო უცნაური მუხლი მოდის:
2020 წლის 30 აპრილიდან, რიგი პოლიკლინიკებიდან ჯანდაცვა თავად გადაამაგრებს ბენეფიციარს იმ კლინიკაში, სადაც მოუნდება და ორი თვის მანძილზე არჩევანის უფლება არ გვექნება.
რა ხდება 1 მაისის მერე?
მართალია, ჯანდაცვის სამინისტროში სიტყვიერად გვითხრეს, რომ არაფერი არ ხდება და პირველი მაისიდან რა იქნება, ჯერ არ იციან, მაგრამ – აგერ იგივე დადგენილებაშია ჩაწერილი:
1 მაისისდან იმ პოლიკლინიკებს, რომლებსაც არ ჰყავთ 13 ათასი და მეტი დაზღვეული – აღარ შეეძლებათ დააზღვიონ პაციენტი.
1 მაისამდე ის ვერ დააზღვევს – ვისაც 13 ათასი დაზღვეული ჰყავს და პირველი მაისიდან პირიქით, ვერ დააზღვევს ის, ვისაც 13 ათასი არ ჰყავს.
ჩვენ ვეძებეთ კლინიკები, რომლებსაც არ ჰყავთ 13 ათასი დაზღვეული უკვე – აღნიშნულ სამ დიდ ქალაქში და ჯერ ვერ ვნახეთ.
ჯანდაცვის სამინისტრომ პასუხი გაავრცელა – დაზღვევა არ შეგვიჩერებიაო, ტყუილიაო, ჩვენ უბრალოდ კლინიკებს ვარჩევთ საყოველთაო დაზღვევის პროგრამისთვისო.
კლინიკები დაზღვეულთა რაოდენობით კი არ უნდა შეირჩეს, მით უფრო, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში – უნდა შეირჩეს მომსახურებით! პროფესიონალიზმით და აპარატურით.
გასაგებია, რომ თქვენი მიზანი არ იყო მოსახლეობისთვის საყოველთაო დაზღვევის შეზღუდვა, მაგრამ შემოგეზღუდათ!
გასაგებია, რომ შეიძლება სურვილი გაქვთ, რამდენიმე პოლიკნილიკა დახუროთ და შენობა გაასხვისოთ, მისი პაციენტები კი გადასცეთ დიდ კლინიკებს – არ დავასახელებ, მაგრამ ისეთებს, თქვენ რომ გიყვართ და ჩვენ არა!
პირველი მაისიდან ისე მიგამაგრებენ უკვე დაზღვეულებს დიდ კლინიკებს, ვერც გაიგებთ, ორი თვე ფეხსაც ვერ მოიცვლით, ამასობაში კი, როგორც წყარო გვიყვება, დაიხურება და გასხვისდება ის შენობები, სადაც ოდესღაც თქვენს სახლთან ახლოს პოლიკლინიკა იყო. თან ყველაფერი კანონიერად იქნება – არც არავინ გვაჩვენებს, ჰყავთ თუ არა 13 000 დაზღვეული.
მაგრამ, ამასობაში ჩემს მეგობარს და “ალიას” არაერთ მკითხველს საყოველთაო დაზღვევაზე უარი უთხრეს და პოლიკლინიკიდან უარით გამოუშვეს – მათმა უმეტესობამ ვერ შეძლო ანალიზების აღება და კვლევების ჩატარება.
ხო, ეს არ ეხება ჰოსპიტალიზაციას – საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებზე – ანალიზებზე, კვლევებზე, ოჯახის ექიმზე.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენი ტყუილის მოკლე ფეხი ბიუჯეტში დევს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება მერიიდან თქვენს მხრებზე გადმოვიდა და ბიუჯეტი მაინც შეგიმცირდათ და ნეტავი როგორ?
რომ შევაჯამოთ, თქვენ თუ უკვე არ ხართ დაზღვეული, მიხვედით თბილისის, ბათუმის და ქუთაისის პოლიკლინიკაში, რომელსაც უკვე ჰყავს დაზღვეული 13 000 ბენეფიციარი, უარით გამოგისტუმრებენ და ჯერჯერობით “ალიამ” ვერ იპოვნა კლინიკა, რომელიც გვეტყოდა, რომ არ ჰყავს 13 000 დაზღვეული.
ახლა თავად განსაჯეთ, შეჩერდა საყოველთა დაზღვევა, თუ არა.
და ვისაც შეუძლია თავი იმით დაიმშვიდოს, რომ კი შეჩერდა მაგრამ – ეს შეჩერება კლინიკათა არჩევის დიად მიზანს ემსხურება – კი, ბატონო.
კინაღამ დამავიწყდა, ამ დადგენილებას, რომლითაც საყოველთაო დაზღვევა იზღუდება და ჩერდება კლინიკათა უმრავლესობაში – ხელს პრემიერი, გიორგი გახარია აწერს და ეს დოკუმენტი ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა.
ალია
კომენტარები