„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე.
– ბატონო დემურ, როგორ შეაფასებთ ხელისუფლების მიერ დაწესებულ ლოკდაუნს, რომელსაც წერტილოვანი შეზღუდვები დაარქვეს. რამდენად ადეკვატური და ეფექტურია ეს გადაწყვეტილება პანდემიასთან საბრძოლველად?
– მე ვფიქრობ, რომ არაადეკვატური იყო დაწესებული შეზღუდვების შერბილება გაზაფხულზე, როდესაც შეუდარებლად კარგად იყო საქმე პანდემიის თვალსაზრისით. შემდეგ ზაფხულის სეზონის დროს, ამ შეზღუდვების მოხსნამ, არამკაცრმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რაც დღეს გვჭირს. ათასობით უცხოელი იქნა შემოშვებული, ტურისტიც და სხვა მიზნებისთვისაც. ამან იქონია გავლენა პანდემიის კატასტროფული მასშტაბის გავრცელებაზე. ხელისუფლების ეს მიუტევებლი შეცდომა, ასმაგად ძვირად დაუჯდა ხალხსა და ქვეყანას. ახლა, როგორც ჩანს, მოჭერა გარდაუვალია. რა გამოვა ამ ახალი შეზღუდვებიდან, ძნელი სათქმელია.
– რა გამოვა აქედან, მეც ეგ მაინტერესებს. თითქმის ყველა ბიზნესი დაიკეტა, ეს ბიზნესები გაკოტრების პირას არის, იქ დასაქმებული ხალხი უმუშევარი დარჩა. ყველამ ვიცით, ჩვენში ბიზნესებს, მოქალაქეებს ბანკის ვალები აქვს და ბანკები სესხების გადავადებაზე უარს აცხადებენ. უმძიმეს მდგომარეობაშია ხალხი.
– თავისთავად ცხადია, ბიზნესს ძალიან გაუჭირდება. ეკონომიკური შედეგები რომ ცუდი იქნება, ამას უნდა შევეგუოთ. ახლა მთავარია, ადამიანები შევინარჩუნოთ. ეს არის მთავარი პრიორიტეტი და მთელი მსოფლიო ამ მიმართულებით მიდის. ეკონომიკა აუცილებლად გაჩერდება, სხვაგვარად შეუძლებელია. შემოსავლები მოიკლებს კატასტროფულად. ჩვენ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს თბილისში მომრავლებულმა ავტომობილებმა და „შავ პარასკევს“ მოლებში დიდმა რიგებმა. ეს მცირე რაოდენობას ულხინს ამ ქვეყანაში და უმეტესობას უჭირს. მაქსიმუმ, ჩვენი მოსახლეობის 5% ცხოვრობს ფუფუნებაში ან გამართულად, დანარჩენი 95% მძიმე დღეშია. ხელისუფლებას მართებს დახმარების სერიოზული პაკეტი მისცეს ხალხს და არა ის, რაც პრემიერ–მინისტრმა გაახმოვანა. ეს ხელისუფლებისგან გადაგდებული კაპიკები არ ეყოფა ხალხს. უფრო მეტი უნდა მისცენ. საიდან? ბიუჯეტში არის საამისო რესურსი. 4 ათასამდე სსიპ– და აიპ–ია სხვა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში და მათი უმეტესობა რას აკეთებს, რა ფუნქცია აქვს, არავინ იცის. იქ დასაქმებული ხალხი არაფრის კეთებაში იღებს სოლიდურ ხელფასს. გარდა მაგისა, სხვა უამრავი ხარჯები აქვთ. გააუქმონ უნდა ეს აიპ–ები და სსიპ–ები და დაზოგილი თანხები ნორმალური პრიორიტეტებით დახარჯონ. უმუშევრად დარჩენილ ხალხსაც ღირსეულად დაეხმარება სახელმწიფო და სხვა, მნიშვნელოვან საქმეებშიც გამოიყენებს. ხელისუფლება დასცილდა ხალხს, აღარც მისი ხმა ესმის და არც გასაჭირი. ჩემთვის უახლოესმა ადამიანმა, მამიდაჩემმა მთხოვა, სახელმწიფო კანცელარიაში წამეღო მისი წერილი და ფოსტაში ჩამეგდო. 85 წლისაა მამიდაჩემი, თავად ვერ წავიდოდა, გამოვართვი წერილი და მივედი მთავრობის კანცელარიაში, ჩავაგდე ფოსტაში. კანცელარიის ერთმა თანამშრომელმა მიცნო და მითხრა, ტყუილად აგდებთ, ბატონო დემურ, მაგ წერილებს, ყველას ერთად, მერე ნაგავში ყრიან გაუხნელადო. ასეც არის. 2 თვე გავიდა და მამიდაჩემს პასუხი არ მიუღია. ეტყობა, ის წერილიც ნაგავს გაატანეს. ჩვენ ავაგეთ სახელმწიფო, სადაც მოქალაქეებს არანაირი კომუნიკაციის საშუალება აღარ დარჩა ხელისუფლებასთან. ხალხის წერილებს მთავრობის წევრები საერთოდ არ კითხულობენ. რას გამოაცხადებს მთავრობა ერთია, რეალურად რა იქნება, მეორეა.
– ბიზნესის მცირე ნაწილი მუშაობს, მათ შეზღუდვები არ შეხებიათ, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, მხოლოდ ტაქსები მუშაობს. როგორ წარმოგიდგენიათ, სილამაზის სალონში, თანამშრომლების ყოველდღიურად, ტაქსით მისვლა და მერე სახლშიც ტაქსით დაბრუნება? ეს ხომ აბსურდია? რატომ ღებულობს ხელისუფლება ასეთ არაადეკვატურ, ხალხისთვის დამცინავ და შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებას?
– უსაშველოდ მძიმე პრობლემების წინაშე დგანან ადამიანები, ამ მხრივ სიფრთხილე აუცილებელია. ხალხმა არსებობა უნდა შეინარჩუნოს, საარსებო საშუალებები, ფული ციდან არ ცვივა, უნდა გამოიმუშაო. სად უნდა გამოიმუშაო? ჩერდება ეკონომიკა. ისედაც მწირი სამუშაო ადგილები იყო, ბევრი დაიკარგა პირველი შეზღუდვების შემდეგ, გაზაფხულზე, ახლაც ბევრი დაიკარგება. ამერიკაში, მარტიდან დღემდე 60 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. ჩვენც ამდენი რომ დავკარგოთ პროპორციულად, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. ფაქტობრივად, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაიკარგება.
– სადამდე მივალთ, ბატონო დემურ? ბიზნესიც გაჩერებულია, იქ დასაქმებული ხალხიც და გადასახადებს აღარ იხდიან ბიუჯეტში. იქამდე ხომ არ მივა საქმე, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასებს ვეღარ დაარიგებენ და ჩამოიშლება? ანდა,იმდენად შეამცირებენ სახელმწიფი სექტორში დასაქმებულებს, რომ კონკრეტულ სფეროებს ვეღარ მართავენ? კომფორტი არ აკლიათ და ხელფასები და პრემიები, ახლა ვერ მუშაობენ ხეირიანად და მერე მთლად კატასტროფა არ იქნება? ლოგიკურად, აქეთკენ მივდივართ – ან ერთი იქნება და ან – მეორე.
– თუ კრიზისი ხელისუფლებას უამრავი სამთავრობო სტრუქტურის გაუქმებას აიძულებს, ეს ცუდი არ იქნება. მაგრამ იმ სახელმწიფო სამსახურებშიც ჩვენი თანამოქალაქენი მუშაობენ და სამსახურებიდან რომ გაუშვან, მათაც სხვებივით გაუჭირდებათ. კიდევ გეუბნებით, ერთის მხრივ ჩვენ ვდგევართ საკმაოდ მსხვილი ბიუროკრატიული აპარატის წინაშე, სადაც 4 ათასამდე სსიპ–ი და აიპ–ია, რომლებიც ვის დაკარგვიან, ვის სჭირდება, არავინ იცის. ესენი არის „ქართული ოცნების“ აქტივისტების, ხელისუფლებასთან დაახლოებული სხვა ადამიანების დასაქმების საშუალებები, მუქთახორობის ნათელი მაგალითი. ეს არის დასაქმების კლანური მექანიზმი. მათგან რამდენიმე ათეული უნდა დატოვო, რომელთაც რეალური ფუნქცია აქვთ და საქმეს აკეთებენ, დანარჩენები კი უნდა მიკეტო. გააუქმონ ეს სტრუქტურები, დაზოგონ ამით თანხები, გადაანაწილონ ბიუჯეტში გონივრულად და არ ჩამოიშლება სამთავრობო სტრუქტურები და არც იმდენად მოუწევთ ხალხის შემცირება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულონ. ხომ გითხარით, ამ სსიპ–ები და აიპ–ების გაუქმებით, დაზოგილი ფულით, ხალხსაც დაეხმარებიან და ბევრს სხვა რაიმეშიც მოიხმარენ იმ თანხებს. ეს უკვე ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა.
– თბილისის მერიის ბიუჯეტი 266 ლარით შემცირდა და ამის პარალელურად, მერიის, მერიას დაქვემდებარებული ჩინოვნიკების სახელფასო ფონდი 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რადგან ინფლაციამ მათ ხელფასებს „დაარტყა“ და ამით კომპენსირებას ახდენენ. ეს არ არის ხალხის აბუჩად აგდება?
– ეს უკვე ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს და მე, როგორც რიგით ამომრჩეველს, შესაძლოა, ჩემი აზრი მქონდეს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს აზრი საზოგადოებას არ უნდა მოვახვიო თავზე. ქართული სახელმწიფო ერთადერთი მონაპოვარია ამ 30 წლის განმავლობაში, დანარჩენი ყველაფერი გაანადგურა ქართველმა ხალხმა. ახლა ეს სახელწიფო დარჩა გასანადგურებელი. ცოტას ვფიქრობთ, არათავისუფალი აზროვნების ხალხი ვართ, ვიღაცის იმედზე ვართ, ჩვენი სახელმწიფო გვაქვს და იმის ნაცვლად, რომ მოვუაროთ, დავანგრიეთ, დავაქციეთ და გავაპარტახეთ. ამიტომ ვართ ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში. ზოგადად, კრიზისი დაბნელებული გონების გარეცხვის, არასწორი გადაწყვეტილებებისა და შეცდომების გამოსწორების შანსია. ცხადია, იმ ადამიანებისთვის, ვისაც გონიერებაზე აქვს პრეტენზია. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დიდი კრიზისი რაღაცას შეცვლის საქართველოში.
– რაღაც არამგონია, ამ ხელისუფლებას გონიერება ეყოს და რაიმე სასიკეთოდ შეცვალოს.
– ჩვენ ყველას უნდა გვეყოს გონიერება, სხვაგვარად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. არის გარკვეული ფაქტორები, რომლებზეც ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ და შეგვიძლია შერბილება. არის კიდევ ერთი საფრთხე,რომელზეც გავლენას ვერ ვახდენთ, მაგრამ ჩვენი სახელწიფოს გადასარჩენად, გონივრული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ვგულისხმობ, ძალიან დაძაბულ საერთაშორისო ურთიერთობებს მთავარ მოთამაშეებს შორის, პოლიტიკური და გეო-სტრატეგიული ინტერესების დაჯახებას ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვართ ამ მათი დაჯახების ეპიცენტრში. ამას აქვს ძალიან საშიში სცენარები. მზად უნდა ვიყოთ, რომ რომელიმე არასასურველ სცენარში არ აღმოვჩნდეთ, რამაც ბოლო 100 წლის მანძილზე, ქვეყნის ნახევარი დაგვაკარგინა.
– ბიზნესი გაჩერებულია, ხალხი უმუშევარია, ეს მათხოვრული დახმარებები, რასაც უმუშევრად დარჩენილებს აძლევს სახელმწიფო, სასაცილოა, არავის ეყოფა. მე ვფიქრობ, ამ ფონზე კრიმინალის მატება გარდაუვალია. შვილს და შვილიშვილს რომ მოშივდება და ვერ დააპურებს, ის კაცი ადგება და სხვა, უკანონო გზით დაიწყებს პურის ფულის შოვნას.
– თავისთავად ცხადია, რომ კრიმინალი იქ არის, სადაც სახელმწიფო ვერ ერევა მას, სადაც სოციალურ ნიადაგზე ჩნდება კრიმინალის საფუძველი. ეს არ არის იმის ბრალი, რომ ხალხი არ ვარგა და საზოგადოება კრიმინალურია. მძიმე სოციალური პირობები, სოციალური უსამართლობა ბადებს კრიმინალის მატების გარდაუვალობას. ბუნებრივია, კრიმინალის მატება იქნება.
– ბატონო დემურ, რა რჩევას მისცემდით ხელისუფლებას? სად, რაში და როდის შეცდა ხელისუფლება, ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ ჩააგდეს ქვეყანა?
– ჩინეთმა მოახერხა და მინიმალური ეკონომიკური დანაკარგებით ჩაახრჩო პანდემია. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა დღეს, რომელმაც დაიწყო ეკონომიკური ზრდა. იმიტომ, რომ ჩინეთი სახელმწიფოა და მას აქვს მიზნები. ეს არის მთავარი, რაც საქართველოში არ არის. ჩინელებს სწამთ თავიანთი სახელმწიფოსი და ხელისუფლებისა და საზოგადოება და სახელმწიფო, შეთანხმებულად მოქმედებდნენ და მოერივნენ კიდეც პანდემიას. მოერივნენ იმიტომაც, რომ ჩინელები თავისუფლები იყვნენ იმ იდეოლოგიზირებული წარმოდგენებისგან, რომელმაც დაიპყრო ამერიკა და ევროპა. ფსევდოლიბერალიზმს და მის თანმდევ, უსაზღვრო, სახელმწიფოს და საზოგადოების დამაზარალებელ ფსევდოთავისუფლებას ვგულისხმობ, რომელიც ადამიანს ადამიანის სახეს უკარგავს. როდესაც ადამიანები კვდებიან, იქ თავისუფლებაზე ცოტა ნაკლები პრეტენზიებით უნდა ილაპარაკო. საბჭოთა კავშირის თაობამ რომ იცის, იდეოლოგია რა არის, ისე არც ამერიკამ იცის და არც ევროპამ. იდეოლოგიამ დაანგრია საბჭოთა კავშირი და იდეოლოგია ანგრევს დღეს მთელ დასავლეთ სამყაროს. ჩინეთში უზარმაზარი, ეშელონირებული ღონისძიებები განახორციელეს, ჩვენთან კი ისევ სიყალბეს გამოკიდებული, თავისუფლების შეზღუდვით აპელირებენ. თურმე, თუ უბედურების თავიდან ასაცილებლად გარკვეულ შეზღუდვებს შემოიღებ, ეს მავანთა თავისუფლების ხელყოფაა. ერთი იმ ხალხის ოჯახის წევრებსაც ჰკითხონ, ვინც კორონავირუსმა შეიწირა, ვინც ახლა ებრძვის სიკვდილს. ჩვენი ხელისუფლება გაზაფხულზე არ გახდა მსხვერპლი ამ ნეოლიბერალური, ტყლაპო, ბოლშევიკური იდეოლოგიისა, მაგრამ ამჯერად ამას ვერ ვიტყვი. ეკონომიკაშიც კი, ეს იდეოლოგია მძლავრობს. წელსაც კიდევ ტურისტებზე ლაპარაკობდნენ, ისევ ტურიზმიდან ელოდნენ შემოსავლებს. ვიღაც მრჩევლები ჰყავთ, რომლებიც მათრახით არიან გამოსაყრელები მთავრობიდან, ყველა სამინისტროდან. პრემიერ–მინისტრსაც ჰყავს მრჩევლები, რომლებიც სისულელის დონეზე დეკლარირებენ. მათი მასალები რომ ნახო და ვიღაც ექსპერტებს რომ კრებენ, შეიძლება გაგიჟდე კაცი. ასეთი უვიცობა შეურაცხმყოფელია. ეს ხალხი ვნებს ქვეყანას და მე კიდევ მინდა, წარმატებული იყოს ჩემი ქვეყანაც, პრემიერიც, ყველა მინისტრიც. თუმცა, იმ გზით, რასაც ესენი დაადგნენ პროფესიული თვალსაზრისით, ვერ იქნები წარმატებული და ეს გამოიწვევს ადამიანურ და ეკონომიკურ დანაკარგებს.
– წელს, იანვარში დაიწყო მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება, ჩვენთან უფრო მოგვიანებით. ჯერ ერთი წელი არ გასულა და ქვეყანა ჩამოქცევის პირას არის. ამათ, პანდემიამდე, 7 წელი რომ იყვნენ ხელისუფლებაში და საქმე ეკეთებინათ, ეკონომიკისთვის მიეხედათ და ქვეყნის ძარცვა–გლეჯვაზე არ ყოფილიყვნენ გადასულნი, ახლა ბევრად უკეთეს და საიმედო მდგომარეობაში ვიქნებოდით, არც ამდენი საგარეო ვალი გვექნებოდა და არც ასეთი მყიფე ბიუჯეტი. ჯანდაცვის სისტემაც უფრო გამართული გვექნებოდა და ბიზნესსაც და უმუშევრად დარჩენილ ხალხსაც დაეხმარებოდა სახელმწიფო.
– კი, ბატონო, შეუძლებელია, არ დაგეთანხმოთ. ამ საკითხზე ადრეც გვისაუბრია და აღარ გავაგრძელებ. პირველი ჩაკეტვები რომ მოხდა, მაშინ ყველა ინტერვიუში იმას ვამბობდი, რომ გაზაფხული მოდის, ახლა დროა, ავითვისოთ ჩვენი რესურსები, სოფლის მეურნეობას მივხედოთ, სასიცოცხლო, კვების პროდუქტები მოვიწიოთ–მეთქი. ათასობით ჰექტარი, ამ პატარა ქვეყანაში, დაუმუშავებელი დარჩა. კვლავ ტურიზმზე ლაპარაკობს ჩვენი ისტებლიშმენტი. ესენი რაღაცას ეწევიან, თუ არ ვცდები. ეტყობა, უცნობ მოსაწევს ეწევიან, იმიტომ რომ დღევანდელ სიტუაციაში საუბარი ტურიზმზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სრული აბსურდია. არ იცი, როგორი იქნება მსოფლიო. ისეთი იქნება, 2 წლის წინ რომ იყო? ცხადია, არ იქნება. ჩვენ არაფერი გავაკეთეთ გაზაფხულზე, საკუთარი არაფერი შევქმენით, ისევ თურქეთიდან, ირანიდან და ჩინეთიდან შემოტანილი პროდუქციით ვკვებავთ ქვეყანას. არადა, მშვენიერი რესურსი გვაქვს, არა მხოლოდ სტრატეგიული მარაგების შესავსებად, არამედ ჩვენი მოქალაქეების მაღალი ხარისხის კვების პროდუქტებით მოსამარაგებლად. არაფერი გავაკეთეთ, 2020 წელი დავკარგეთ. ეს არის ზუსტად იმ ნეოლიბერალური ტლაპო შეხედულების, იდეოლოგიის ბრალი, შედეგი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება ხელმძღვანელობს პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც.
ლევან ჯავახიშვილი
კომენტარები