საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა. ის ბანკის საბჭომ პირველ ვიცე-პრეზიდენტად შეარჩია მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაძლია ვეტო და ამოქმედდა კანონში შეტანილი ცვლილებები. თურნავა სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო წლების განმავლობაში მინისტრი, თანამდებობის დატოვებიდან მალევე კი გახდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
13 ივნისს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. შემდეგ კი მიიღო „ქართული ოცნების” კანონპროექტის პირვანდელ ვერსია და თებერვალში დადებული ვეტო დაძლია.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შორის არ დაასახელა საქართველოს მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელიც მმართველი პარტიის სასურველი კანდიდატია. სწორედ ეს სახელდებოდა კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზად.
ნათია თურნავა 2022 წლის 7 ივნისს პარლამენტმა 80 ხმით აირჩია. ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დანიშნა. თურნავა თანამდებობას ინარჩუნებდა გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც.
9 თებერვალს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას შემცვლელად ლევან დავითაშვილი წარადგინა, თურნავამ განაცხადა, რომ აქვს სურვილი, გარკვეულწილად შეიცვალოს სფერო და სხვა ასპარეზზე მოსინჯოს ძალები.
კომენტარები