ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ერთმანეთს “დემოკრატების” კანდიდატი, ჯო ბაიდენი და მოქმედი პრეზიდენტი, “რესპუბლიკელების” კანდიდატი, დონალდ ტრამპი დაუპირისპირდნენ. არჩევნების შედეგი ამ დრომდე უცნობია, რადგანაც ხმები ყველა შტატში ჯერ კიდევ არ არის დათვლილი.
- რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი ლიდერობს ამ ეტაპზე და როდის გვეცოდინება არჩევნების საბოლოო შედეგი?
რთულია იმის თქმა, თუ კონკრეტულად როდის გვეცოდინება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი და ამას შეიძლება კვლავ რამდენიმე დღე დასჭირდეს. ამ დროისთვის უცნობია 5 შტატის – ნევადის, ალასკის, პენსილვანიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის მონაცემები. CNN-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 253 ხმა აქვს, ხოლო დონალდ ტრამპს – 213, The Guardian-ის ცნობით კი, ბაიდენს 264 ხმა აქვს, ხოლო ტრამპს – 214. როგორც ვხედავთ, ამ დროისთვის “დემოკრატების” კანდიდატი ლიდერობს, თუმცა დონალდ ტრამპს გამარჯვების შანსი კვლავ აქვს. ცნობისთვის, რომელიმე კანდიდატი არჩევნებში გამარჯვებულად რომ გამოცხადდეს, მან ამომრჩეველთა კოლეგიის მინიმუმ 270 ხმა უნდა მოიპოვოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნევადას შედეგები 12 ნოემბრამდე არ იქნება ცნობილი. ამის შესახებ შტატის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ჯონ გლორიამ განაცხადა. “რესპუბლიკელები” ნევადაში საარჩევნო პროცესისას დარღვევებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, 3 ათასზე მეტი დარღვევა აღმოაჩინეს და გენერალურ პროკურატურას შესაბამისი საჩივრები გაუგზავნეს.
ერთ-ერთი დარღვევის მიხედვით, ნევადაში ხმა მისცეს ისეთმა პირებმა, რომლებიც შტატის ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ. აღნიშნულ შტატში ამ დროისთვის ხმების 89%-ია დათვლილი და 11 400 ხმით ჯო ბაიდენი ლიდერობს.
ამერიკული ტელეკომპანიების ნაწილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას პირდაპირი ტრანსლაცია შეწყვიტა. ასეთ ტელევიზიებს შორისაა ABC, CBS, MSNBC. ტელევიზიებში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგანაც, ტრამპი ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
“ჩვენ არა მხოლოდ ვაწვეტინებთ დონალდ ტრამპს სიტყვას, არამედ მისი განცხადების შესწორება გვიწევს”, – აღნიშნა ტრანსლაციის გათიშვის შემდეგ MSNBC-ის წამყვანმა.
თავისი გამოსვლის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები თაღლითობასა და არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, ასევე მან განაცხადა, რომ იმარჯვებს იმ შტატებში, რომელთა შედეგები ჯერ დათვლილი არ არის. სწორედ ეს გახდა მისთვის პირდაპირი ეთერის გათიშვის მიზეზი.
- საპრეზიდენტო კანდიდატების განცხადებები საარჩევნო პროცესის შემდეგ
დონალდ ტრამპმა არჩევნებიდან რამდენიმე საათში თქვა, რომ ის გამარჯვებულია. ამის შესახებ მან “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა. აღნიშნული განცხადება კი, სოციალურმა ქსელმა ცრუ ინფორმაციად მონიშნა. მოგვიანებით ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ თუ “კანონიერ ხმებს დაითვლიდნენ”, ის გაიმარჯვებდა.
“უკვე ნამდვილად გავიმარჯვე რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში, მათ შორის ფლორიდაში, აიოვაში, ინდიანაში, ოჰაიოში. ჩვენ ისტორიული რიცხვებით მოვიგეთ. აღმაშფოთებელი არჩევნები გვქონდა. ბევრი სისულელე და ტყუილი იყო და ამას ჩვენს ქვეყანაში ვერ ავიტანთ. ჩვენ იურიდიულად გავასაჩივრებთ ყველა შტატის მონაცემებს, სადაც ბაიდენი იმარჯვებს”, – ამბობს ტრამპი.
რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტობის “დემოკრატ” კანდიდატს, ჯო ბაიდენს, ჯერჯერობით თავს გამარჯვებულად არ აცხადებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ხმის დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კანდიდატი იქნება.
“მე აქ იმისთვის არ ვარ, განვაცხადო, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, არამედ იმისთვის, რომ გაცნობოთ, გვჯერა, როდესაც ხმის დათვლა დასრულდება, გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით,“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, აუცილებელია თითოეული ხმის დათვლა. “დემოკრატიას ვერავინ წაგვართმევს,“- აღნიშნა ბაიდენმა. მან ამომრჩევლებს ქვეყნის გაერთიანებისა და განსხვავებული აზრის დაცვის პირობა კიდევ ერთხელ მისცა. “ვიცი, რომ ეს ადვილი არ იქნება. მე არ ვარ გულუბრყვილო. ვიცი, რამდენად ღრმა და მძიმე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამის შესახებ, მაგრამ ასევე ვიცი, რომ პროგრესის მისაღწევად საჭიროა, შევწყვიტოთ ოპონენტებთან მტრულად მოპყრობა,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
- საპროტესტო აქციები
აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა 50-მდე პირი დააკავეს. Reuters-ის ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობები მოეწყო ქალაქ პორტლენდშიც, სადაც პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა და პიროტექნიკა, უროები და ცეცხლსასაროლი იარაღი ამოიღო.
დემონსტრანტები ხმების დათვლის პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციები გაიმართა ატლანტაში, დეტროიტსა და ოკლენდშიც.
- ირანისა და რუსეთის გამოხმაურება
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს მთელი მსოფლიო ინტერესით აკვირდება, ხოლო არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე უკვე არაერთი შეფასება გაკეთდა, მათ შორის აღსანიშნავია ირანის სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამეინის ერთგვარად ირონიული შეფასება. მან შეერთებულ შტატებში შექმნილ სიტუაციას სანახაობა უწოდა.
რა სანახაობაა! ერთი ამბობს, რომ ეს ყველაზე თაღლითური არჩევნებია ამერიკის ისტორიაში. ვინ ამბობს ამას? პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად მოქმედია. მისი კონკურენტი კი ამბობს, რომ ტრამპი აპირებს არჩევნების გაყალბებას! ასეთია ამერიკული არჩევნები და დემოკრატია – წერს ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი სოციალურ ქსელ “ტვიტერში“.
აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამაც.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აშშ-ში ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შედეგების შეჯამებას. როგორც ვხვდებით, ამჟამად გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა, კანდიდატები თანაბრად მიიწევენ წინ და მათ შორის მინიმალური ზღვარია. მოქმედი პრეზიდენტი საჯაროდ საუბრობს გაყალბების შესაძლებლობებსა და მთელ რიგ შტატებში სასამართლო პროცესების გეგმებზე, სადაც მას ხმების დათვლის წინასწარი შედეგები საეჭვოდ მიაჩნია. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ შედეგების განსაზღვრის პროცესი გაიწელება.
თავს იჩენს ამერიკული საარჩევნო სისტემის აშკარა ხარვეზები, რაზეც არაერთხელ მიუთითეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ნაწილობრივ, ეს აიხსნება შესაბამისი კანონმდებლობის არქაული ხასიათითა და მასში მთელი რიგი პრინციპული მომენტების გაუთვალისწინებლობით“, – განაცხადა ზახაროვამ.
აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს მეთაურის არჩევა არის ამერიკის მოქალაქეების განსაკუთრებული უფლება, რომლებიც ხმების სწორად დათვლას იმსახურებენ.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეერთებულ შტატებში არსებული სამართლებრივი მექანიზმები საშუალებას მისცემს, ამერიკის კონსტიტუციის სრული დაცვით, განისაზღვროს ქვეყნის მომავალი მეთაური და რაც მთავარია, თავიდან იქნას აცილებული მასობრივი არეულობა ქვეყანაში. ამავე დროს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მეთაურის არჩევა არის ამერიკის მოქალაქეების განსაკუთრებული უფლება, რომლებიც იმსახურებენ, რომ მათი ხმები სათანადოდ იქნას დათვლილი“, – აღნიშნა საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
წყარო – ამბები.ჯი
კომენტარები