საქართველოს პრეზიდენტმა დავით ახვლედიანი საქართველოს მრავალი არქიტექტურული პროექტის მაღალპროფესიულ დონეზე წარმატებით განხორციელებისა და არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის (სიკვდილის შემდეგ) ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სახელმწიფო ჯილდო მის დას, არქიტექტორ ნანა ახვლედიანს გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტმა დავით ახვლედიანის მიერ საქართველოსა და ქვეყნის ფარგლბეს გარეთ არქიტექტურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ ისაუბრა.
,,ადამიანი რომელმაც ნახევარი საუკუნე ნამდვილად არქიტექტურას და ამ პროფესიას მიუძღვნა და რომელმაც ამ საქმიანობით თავისი კვალი დატოვა თბილისში, სადაც მისი მთავარი ცხოვრებისა და საქმიანობის ნაწილი იყო, რეგიონებსა და საზღვარგარეთ. ვიცით სამებაში მისი, როგორც თბილისის მთავარი არქიტექტორის ღვაწლი და ბევრი სხვადასხვა შენობის შექმნაში მისი მონაწილეობა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახელის საზღვარგარეთ გატანაში. პავილიონები, რომელიც მან საქართველოს გარეთ წარმოჩენისთვის სხვადასხვა ქვეყანაში ააშენა, ესეც მისი ცხოვრების ერთი ნაწილი იყო – ეღვაწა საქართველოსთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ.
ასევე მინდა აღვნიშნო მისი როლი ,,ექსპო ჯორჯიასა“ და სვანეთში. ჩვენ სვანეთში რამდენიმე ძალიან საინტერესო ეკლესია დავათვალიერეთ, მასთან ერთად ეს კიდევ სხვა რამეს ნიშნავდა, რადგან მას ესმოდა იქაური არქიტექტურა და შეეძლო ამის გაზიარება.
არ შემიძლია აქ არ ვახსენო მისი მეუღლე, ნატო. ერთად ისინი განუშორებლები იყვნენ საქმეშიც, ამ არქიტექტურულ მოღვაწეობაში.
აღსანიშნავია, რომ მან დააარსა არქიტექტორების სამთო-სათხილამურო კლუბი და ამითაც ყველა თავისი მეგობარი დაიმახსოვრებს მას. დამახსოვრება ნამდვილად არ სჭირდება, რადგან დარწმუნებული ვარ, ის მეხსიერებაში არის და იქნება და იმედი მაქვს, ეს დაჯილდოება იქნება ერთი ნაწილი, რითაც მისი შვილები და შვილიშვილები მომავალში იამაყებენ.“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ნანა ახვლედიანმა პრეზიდენტს მისი ძმის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დავით ახვლედიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები.
კომენტარები