პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს, ოფიციალურად დანიშნა. ზურაბიშვილმა განკარგულებას ხელი ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე მოაწერა:
,,ხელი მოვაწერე ამ წუთას არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არა გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან….საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს…
და ამიტომაც, როგორც პრეზიდენტი, მე მაქვს ამ არჩევნებზე ჩემი სათქმელი, რაც რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არ ექნებოდა არაფერი სათქმელი. უნდათ, რომ დაგვარწმუნონ რომ ეს იქნება ერთგვარი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის- ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტებისა და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას, ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა , სიცხადე, მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვაა ქვეყნის უსაფრთხოებისა. ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება და მე ამას ვიძახი პირველი დღიდან- რეფერენდუმის ტოლფასი- ევროპა თუ რუსეთი…
…
მჯერა, თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, თუ რა საფრთხის წინაშე ვართ, მაგრამ იმასაც, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის. ახლა დრო არის შემართების და ყველანი არჩევნებზე წავიდეთ. იმედის დაკარგვა არ არის ის, რაც ახასიათებს საქართველოს. ეს არ მომხდარა საუკუნეების განმავლობაში ფერეიდანში გადასახლებულთა შორის, ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციისგან წასულ ემიგრაციაში, ეს არ მომხდარა თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და დამარცხების შემდეგ, ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციების შემდეგ და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერისთვის არის მოცემულობა, ჩვენთვის კი შეუგუებლობა.
უმძიმესი გაუვლია საქართველოს, თუმცა უიმედობას არ გაუმარჯვია. პირიქით, როცა ვკითხულობთ, თუ რამ მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე და შეინარჩუნა მისი თვითმყოფადობა… ამიტომ, მწამს, რომ ასეთი არჩევანის წინაშე არავინ აღმოჩნდება გულგრილი. არავინ დარჩება სახლში. ეს იქნება ჩვენს დიასპორაში თუ აქ, ქვეყანაში. 26 ოქტომბერი არის არჩევნები, როცა თქვენ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას, აძლევთ ხმას ქვეყნის მომავალს და ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს. ვერავინ მოატყუებს ქართველ ხალხს, ვერც ფსევდოპროევროპულებით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი. 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის”
კომენტარები