ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, ევროპისთვის ხორბლის მომწოდებელი ორი მთავარი ქვეყანა ერთმანეთს ებრძვის. ბევრი ვარაუდობს, რომ საბოლოოს ეს ევროპაში შიმშილობას გამოიწვევს. თქვენ რა ინფორმაციები გაქვთ?
– ევროპაში არ გამოიწვევს შიმშილს ვიდრე იქამდე მივა საქმე, რომ ერთმანეთს ის სავარგულები არ გაუნადგურეს, სადაც ხორბალი მოჰყავთ. დავუშვათ და ასე მოხდა. ჯერ ერთი, ევროპას სასურსათო მარაგი აქვს და დროებით ამით გაიტანს თავს. მერე, ევროპის ქვეყნები ხორბალს იყიდიან ამერიკისგან, კანადისგან, არგენტინისგან, ავსტრალიისგან. ევროპაში ხორბლის მსხვილი მწარმოებლები არიან გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი. ევროპა არა, მაგრამ თუ ხორბლის და ზოგადად მარცვლეულის კრიზისი შეიქმნა, როგორც ყოველთვის, დაიმშევიან – აფრიკა და აზიის განუვითარებელი ქვეყნები. ასევე, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ ჩინეთსა და და ინდოეთს. ეს ქვეყნები მსოფლიოში ხორბლის წარმოების მხრივ პირველ–მეორე ადგილებზე იმყოფებიან, მაგრამ ხორბალს არ ყიდიან. რაც მოჰყავთ, იმაზე მეტს ყიდულობენ, რადგან ორივე ქვეყანაში მოსახლეობაა ძალიან დიდია. თუ რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა ომი, ყველაფერია მოსალოდნელი. ისე, ვინც იმას ამბობს, რომ ევროპა დაიმშევა, ამ ხალხს ვეტყვი, რომ ევროპა ძვირად, მაგრამ იყიდის ხორბალს, ევროპელები გადაიხდიან ძვირ ფასს პურში და არ იშიმშილებენ. აი, ჩვენ რა გვეშველება, ხორბლის თუ ზოგადად, მარცვლეულის კრიზისი დაიწყო? არც სასურსათო და ამ შემთხევაში, მაცვლეულის მარგი გვაქვს, არც ჩვენი სახელმწიფოა მდიდარი, რომ ძვირი ხორბალი იყიდოს და რომც იყიდოს, ხალხი ვერ იყიდის იმ ძვირი ხორბლით გამომცხვარ პურს. დღეს ვერ ყიდულობს ბევრი 1 ლარიან პურს და 5–10 ლარი რომ გახდება, მერე იყიდის? მოდით, ევროპაზე დარდს მოვეშვათ და ჩვენს გაუბედურებულ ქვეყანას და გაღლეტილ ხალხს მივხედოთ. რუსეთი ახლა ანადგურებს უკრაინულ პორტებს და თუ პორტი არ იქნება, ტერმინალი არ იქნება, ხორბალს გემში ვერ ჩატვირთავ და ვერ გაიტან. რუსეთმა ოდესის პორტები გაანადგურა, ახლა დუნაის პორტებს მიადგა და იმასაც ანადგურებს, ხორბლით დატვირთულ გემებსაც ანადგურებს რუსეთი. საბოლოო ჯამში, რა მოხდება, არავინ იცის. უკრაინამ თუ ვერ გაიტანა ხორბალი, ეს უკვე გაზრდის ხორბლის ფასს, უკვე შეიქმნება დაფიციტი და აფრიკის ქვეყნებს დაეტყობათ პირველ რიგში.
– საკუთარი ხორბალი რუსეთისთვის ამ ომში ბერკეტია და ვის ეგონა, რომ ამას არ გამოიყენებდა ან რატომ არ დაბომბავს უკრაინის პორტებს? ომში ყველა მეთოდი მისაღები არ არის, რაც წარმატებას მოგიტანს?
– არა, ეგ მეორე მსოფლიო ომის დროს და მანამდე იყო, ყველა საშუალება მისაღები, რომ იყო ომის მოსაგებად. 1947 წელს, ვენაში 65 კონვენცია მიიღეს ომის წესების შესახებ და რუსეთი ყველას მიერთებულია. მათ შორის რამდენიმე კონვენციით, დანაშაულია, მიზანმიმართულად გაანადგურო სოფლის მეურნეობის სავარგულები, წყალსატევები და კაშხლები, მოწამლო მდინარეები და ამით აშიმშილო მშვიდობიანი მოსახლეობა ან დახოცო. ეს უკვე გენოციდია. კი, რუსეთი არღვევს ამ შეთანხმებებს, მაგრამ აიძულებენ, შეასრულოს. რუსეთს ჯერ რამდენი პარტნიორი ჰყავს და „შავი ზღვის შეთანხმებიდან“ გასვლით, პირველ რიგში, თურქეთს, ერდოღანს გადაიკიდებს. ეს კი რუსეთს არ აწყობს. ვფიქრობ, რუსეთი არ შექმნის ხელოვნურად ხორბლის კრიზისს და უკრაინული პოეტების დაბომბვასაც შეწყვეტს. პუტინის ამ საქციელს რუსეთში მხარს უჭერენ, მას კი გაისად არჩევნები აქვს. გამოდის, რუსი ხალხი ითხოვს ამ ტიპის აგრესიას და პუტინიც ასრულებს. პროპაგანდა ისევ ეფექტურად მუშაობს რუსეთში, ისევ სჯერათ, რომ დასავლეთ უკრაინაში ფაშისტები არიან, უკრაინის ხელისუფლებაში ფაშისტები არიან და ნებისმიერი მეთოდით უნდა გაანადგურო ისინი. ამ დროს, ზელენსკი ებრაელია, უკრაინის პრემიერი და 6 მინისტრი ებრაელები არიან და ბუნებაში არ არსებობს, ებრაელი ფაშისტი.
– ევგენი პრიგოჟინი გამოჩნდა, რუსეთისა და აფრიკის ქვეყნების სამიტის დროს, საკუთარ სასტუმროში, აფრიკის ერთ–ერთი ქვეყნის წარმომადგენელთან დაფიქსირდაწ და ამის დამადასტურებელი ფოტო გავრცელდა. მოკლედ, პრიგიჟინი ისევ პუტინის გარემოცვაშია. რა მოხდა, აპატია სამხედრო ამბოხი პუტინმა?
– ადრეც გითხარი, პუტინი „კაგებეშნიკია“ და ეგრე იოლად არ პატიობს იმგვარ საქციელს ხალხს, რაც პრიგოჟინმა გააკეთა. დროის საკითხია და აგებს პრიგოჟინი პასუხს და აგებს საკუთარი სიცოცხლით. ბერეზოვსკი რუსეთში ბევრს დავიწყებული ჰყავდა, მაგრამ არ აპატია პუტინმა მასთან დაპირისპირება და კრიტიკა, ლონდონში, წლების მერე მოკლა. 1998 წელს, „ფეესბეს“ ხუთმა ოფიცერმა, პოდპოლკოვნიკმა ლიტვინენკომ, პოლკოვნიკმა შებალინმა, მაიორებმა შჩეგლოვმა და პონკინმა, ასევე, უფროსმა ლეიტენანტმა ლატიშონოკმა მოსკოვში პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადეს, რომ მათ დავალებული ჰქონდათ ბერეზოვსკის და „ფეესბეს“ ყოფილი ოფიცრის, ტრეპაშკინის ლიკვიდაცია. ამის მერე, 2001 წელს, ლიტვინენკომ გამოსცა წიგნი, სადაც დეტალურად აღწერა პუტინისა და „ფეესბეს“ დანაშაულებრივი საქმიანობა. უმთავრესი ის იყო, თუ როგორ აფეთქებდა „ფეესბე“ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში კორპუსებს და ჩეჩნებს აბრალებდა, რათა ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყების მიზეზი ჰქონოდა. ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში მოკლეს და ის 4 ოფიცერიც სხვა და სხვა დროს. მოკლედ, თუ პიროვნება პუტინისთვის, რუსეთის ხელისუფლებისთვის მყისიერ საფრთხეს არ წარმოდგენს, მას „ფეესბე“ ცოტა ხანს აცოცხლებს და მერე იშორებს თავიდან. პრიგოჟინიც ჩავლილი საფრთხეა, მას სამხრეთ აფრიკაში გაუშვებენ და იქიდან ცოცხალი არ ჩამოვა. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა, ასე მოხდება. პრიგოჟინს სერიოზული ურთიერთობები ჰქონდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, რამდენიმე აფრიკული ქვეყნის გავლენიან პოლიტიკოსებთან და იყენებს მათთან ურთიერთობისთვის პუტინი. მერე, აღარ დასჭირდება და მოიშორებს თავიდან.
– აფრიკა ახსენეთ და რამდენად პერსპექტიულია პუტინის გეგმა, რომ აფრიკაში გაყიდის გაზს და სხვა პროდუქციას, რომელსაც სანქციების გამო ვერ ყიდის ევროპაში, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში?
–ცხადია, ევროპას, ამერიკას, კანადას, სამხრეთ კორეას, იაპონიას, ისრაელს ვერ ჩაანაცვლებს აფრიკა. სად აქვთ აფრიკელებს იმდენი ფული, რომ რასაც ეს ქვეყნები უხდიდნენ გაზსა თუ სხვა ნედლეულში, იმდენი გადაუხადონ? მცირედ ამოისუნთქებს ამით რუსეთი, მეტი არაფერი. რაც დაკარგა, იმ შემოსავლების 10–15% თუ ამოიღო აფრიკიდან, ესეც დიდი მიღწევა იქნება. აქ უფრო სხვა რამეშია საქმე. რუსეთმა ყოველნაირი გავლენა დაკარგა ევროპის ქვეყნაზე, რასაც გაზის შანტაჟით ახერხებდა. ხელიდან ეცლება უკრაინა, კავკასიასაც მალე დაკარგავს – აზერბაიჯანი დაკარგა, სომხეთს კარგავს, საქართველოსაც მალე დაკარგავს. ამერიკა არ დაუთმობს კავკასიას და რუსეთს არც ძალა შესწევს, რომ ამერიკას დაეჯახოს. ამას თურქეთის ინტერესები დაამატე შავ ზღვაში. გარდა მაგისა, ჩინეთმა და ინდოეთმაც უარი უთხრეს არათუ მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე – იარაღის, საბრძოლო მასალის მიწოდებაზე, სამხედრო კომპონენტების, ამ შემთხვევაში, ჩიპების მიწოდებაზეც კი უარი უთხრეს. მეტიც, უკვე ირანიც ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას. ბელარუსიღა შერჩა რეალურ მოკავშირედ. რუსეთი აფრიკის რამდენიმე ქვეყანაზე დაამყარებს კონტროლს, გაიხდის სატელიტებად და ამით ეცდება, მსოფლიო პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ მოთამაშედ დარჩეს. რუსეთშიც გაიხარებენ, რომ რუსეთი აფრიკაში რამდენიმე ქვეყანას აკონტროლებს და ამ დროს იმ ხალხს რუკა რომ მისცე, იმ ქვეყნებს ვერ გიჩვენებენ, რომელთაც რუსეთი გააკონტროლებს.
კომენტარები