15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ბრალდების მტკიცებულებებიც კი ადასტურებს მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიწყება ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების გამოკვლევა. ეს იქნება როგორც წერილობითი, ასევე მოწმის ჩვენები. რაც მთავარია, თავად ბრალდების მტკიცებულებებიც კი ადასტურებს მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას. სამართლიანი სასამართლო არის გარანტი მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობის დადასტურების“,- განაცხადა მოსიაშვილმა.
ჩოლოიანის სასამართლო პროცესი დახურულია.
ცნობისთვის, მარიანა ჩოლოიანს ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებას ედავებიან. ის ბრალს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.
კომენტარები