“დაცვის მხარემ თქვა, ბრალდების მხარე ცდილობს თეთრზე თქვას შავიაო. მე გეტყვით, ნათელსა და ბნელზე. ნათელი იყო ნიკო კვარაცხელია, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრებით უდიდესი რამე გააკეთა და ბნელია ბრალდებულების მოქმედებები, რაც გააკეთეს” – ამის შესახებ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
პროკურორმა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ რეპლიკით ისარგებლა. ის ადვოკატების განმარტებას გამოეხმაურა ბრალდებულ გიორგი კავილაძესთან დაკავშირებით, რომ ის “შოკურ მდგომარეობაში” იმყოფებოდა.
“შოკური მდგომარეობა მესმის 5 წუთი, ნახევარი საათი, 21 დღე იყო შოკურ მდგომარეობაში? პოლიციელების დანახვაზე გაიქცა. რომელ მოტივზე უნდა გვესაუბრა? ვეკითხებით მოტივს და იმის ნაცვლად, სასამართლოში მაინც თქვან სიმართლე, გარდაცვლილს აყენებენ შეურაცხყოფას – “მექალთანე, მშიშარა, არაფრისმაქნისი”.
თითო ჩანთა ტანსაცმელი ჰქონდათ მომზადებული, რომ გაქცეულიყვნენ. თბილისიდან ბორჯომში წასასვლელად პასპორტები არ მიაქვთ, იქ საბაჟო არ არის. ესენი მთელი ამ ხნის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ, ტანსაცმლით, ფულით, პასპორტით. ეს სრულიად სამართლიანი ბრალდებაა და პასუხი უნდა აგოთ ორივე ბრალდებულმა! ყველამ თავისი როლი შეასრულა კონკრეტულ მოქმედებაში, მკაცრად გადანაწილებული როლები ჰქონდათ – ვინ საჭესთან, ვინ იარაღთან და მივიღეთ ეს შედეგი. დაცვის მხარემ თქვა, ბრალდების მხარე ცდილობს თეთრზე თქვას შავიაო. მე გეტყვით, ნათელსა და ბნელზე. ნათელი იყო ნიკო კვარაცხელია, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრებით უდიდესი რამე გააკეთა და ბნელია მათი მოქმედებები, რაც გააკეთეს”,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.
მისივე თქმით, არც ბრალდებულებს და არც ადვოკატებს არ დაუსახელებიათ გოგონას ვინაობა, რომლის გამოც მოკლა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელია.
კომენტარები