„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან არანაირ ალტერნატივას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი განმარტებით, დაცვის მხარემ დღეს მოსამართლის წინაშე განაცხადა, რომ ნიკა მელია უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ეს კი პროკურორის თქმით, არის ავტომატური უარი ბრალდების მხარის შეთავაზებაზე.
გულუაშვილის განცხადების თანახმად, 25 თებერვლის შემდეგ, დაცვის მხარისგან რაიმე სახის შეთავაზება, აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, არ მიუღიათ.
„25 თებერვალს, ისევე როგორც 8 აპრილს, ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება დაცვის მხარესთან, ძალიან ნათელი და განვმარტეთ, რომ თუ დაცვის მხარე იქნებოდა თანახმა შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე იშუამდგომლებდა სასამართლოს წინაშე და მოითხოვდა პატიმრობის შეცვლას გირაოთი ანუ ლოგიკურად, იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს ეშუამდგომლა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას და გარკვეული სახით, ეს დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაჭრილიყო.
არანაირი სახის ინიციატივა დაცვის მხარისგან 25 თებერვლის შემდგომ არ დაფიქსირებულა. არანაირი მომართვა ან კომუნიკაცია დაცვის მხარის ადვოკატებს არ ჰქონიათ. უფრო მეტიც, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან არანაირ ალტერნატივას აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, არ შემოუთავაზებიათ სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივა, უბრალოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს განაცხადეს, რომ მიაჩნიათ ნიკა მელია უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ამის გამო, ვერ ვიშუამდგომლებდით პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პროკურორმა.
კომენტარები