გამოცემა პუბლიკა აქვეყნებს ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის ბლოგს სათაურით: პროპაგანდისტული მატრიოშკა, ანუ რას ნიშნავს – „ნატოში მაინც არ გვიღებენ“?
ერთ, თითქოსდა უწყინარ ფრაზაზე მინდა მივაპყრო პატივცემული პუბლიკის ყურადღება. ეს ფრაზაა – „ნატოში მაინც არ გვიღებენ“.
ეს ერთი შეხედვით მარტივი წინადადება სინამდვილეში საკმაოდ მრავალშრიანია და, თავის თავში მოიცავს არაერთ ქვეტექსტს. ანუ, როცა ამბობ ამ ფრაზას, იქ ავტომატურად იგულისხმება კიდევ ბევრი რამ და ეს ყველაფერი აღიქმება ერთიანობაში და ერთბაშად.
უფრო გასაგები რომ გახდეს, რაზეა ლაპარაკი, ქვემოთ შევეცდები, დავაკონკრეტო და გავშალო ეს იმპლიციტურად ნაგულისხმევი ქვეშინაარსები და ქვეტექსტები.
არცოდნა როგორც ცოდნა, ანუ დროებითი როგორც მარადიული
დავიწყოთ იმით, რომ აქ მტკიცებით ფორმაშია ლაპარაკი იმაზე, რაც შეუძლებელია ვიცოდეთ. აქ უკვე შემდგარ ფაქტადაა მოწოდებული ის, რაც არ არის ფაქტი.
ის, რომ დღეს ნატოში არ გვიღებენ, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ხვალ, ზეგ ან გაის ამ დროს არ მიგვიღებენ. საქართველოს ნატოში გაწევრება იმდენ ცვლად ფაქტორზეა დამოკიდებული, რომ არავინ იცის, როგორ იქნება საქმე ორი, ხუთი თუ ათი წლის შემდეგ.
როცა ვამბობთ, რომ არ გვიღებენ, ეს გულისხმობს სულ ორ ვარიანტს: ან ლაპარაკია დროის გარკვეულ მონაკვეთზე რა პერიოდშიც არ გამოდის ჩვენი მიღება მიზეზისა გამო სხვისა და სხვისა, ან ეს ხდება რაღაც მეტაფიზიკურ უდროობასა თუ მარადისობაში. ანუ არ გვიღებენ „ვაბშე“, არანაირი სოუსით და არასდროს.
„მაინც არ გვიღებენ“ სწორედ ამ მეორე ვარიანტს ნიშნავს, რადგან თუ ლაპარაკია დროის კონკრეტულ მონაკვეთზე, ეს მონაკვეთი რამენაირად მაინც უნდა იყოს მითითებული, ვთქვათ „ჯერჯერობით არ გვიღებენ“, „ახლა არ გვიღებენ“, ან სულაც „ახლო მომავალში არ აპირებენ ჩვენს მიღებას“, მაგრამ როდესაც არმიღების დრო არ კონკრეტდება და მეტიც, ფრაზას „არ გვიღებენ“ წინ ერთვის სიტყვა „მაინც“, ეს უკვე ერთმნიშვნელოვნად აღიქმება გადაწყვეტილ საკითხად. თითქოსდა საქართველოს მიღება ნატოში არასდროს არ მოხდება და ნატო არის რაღაც ქიმერა.
ყოველ შემთხვევაში, ამ ფრაზის მიხედვით ასე გამოდის.
მატყუარა და გადამგდები დასავლეთი
როგორც ცნობილია, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუმცა, არ დაუზუსტებია, როდის მოხდება ეს.
ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს ფრაზას. თუ ფრაზის ერთ–ერთი ქვეტექსტი არის ის, რომ ნატოში საქართველოს მიღება არასდროს არ მოხდება (იხ. ზემოთ), ესე იგი ნატოს ოფიციალური დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, არის ტყუილი. შესაბამისად, ნატო არის მატყუარა, გვპირდება იმას, რაც თვითონაც იცის, რომ არ მოხდება.
სხვანაირად რომ ვთქვათ, „ნატოში მაინც არ გვიღებენ“ გარდა იმისა, რომ გულისხმობს მუდმივად დახურულ კარს, ასევე გულისხმობს ნატოს თვალთმაქცობას და ცრუპენტელობას. მართლაცდა, თუ არ აპირებენ ჩვენს მიღებას, რაღას გვპირდებოდნენ?
ეს კითხვა სულაც არ არის რიტორიკული და აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს კიდევ სხვა ქვეტექსტები.
უძლეველი რუსეთი
პირველი კითხვა, რომელიც ავტომატურად ჩნდება, არის „რატომ არ გვიღებენ“? რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი, მიუხედავად დაპირებისა, მაინც დახურულია?
პასუხი ამ კითხვაზე ასევე ცნობილია. ამის ერთადერთი დაბრკოლება არის რუსეთი, არ გვიღებენ იმიტომ, რომ ეს არ უნდა რუსეთს. რუსეთი საქართველოს ნატოში მიღებას ყველანაირად შეეწინააღმდეგება, მათ შორის იარაღითაც.
აქედან კი რა გამოდის? ის, რომ დასავლეთს ეშინია რუსეთის და ვერ ბედავს დანაპირების შესრულებას. ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს გერმანიას და საფრანგეთს არ უნდა ეს, თუ ამერიკა–ინგლისის ძალისხმევაა არასაკმარისი. მთავარია, რომ ნატო, როგორც ორგანიზაცია ვერ იღებს გადაწყვეტილებას რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ.
აქედან კი თავის მხრივ გამოდის, რომ რუსეთი მაგარია. უფრო მაგარი, ვიდრე ნატოს ქვეყნები. ყოველ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში ნამდვილად ასე გამოდის: არ უღირთ ნატოს სახელმწიფოებს საქართველოს გულისთვის რუსეთთან დაპირისპირება და საქართველოს მიღება ნატოში შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი იქნება ამაზე თანახმა.
ამგვარად, ფრაზა „ნატოში მაინც არ გვიღებენ“ შინაარსობრივად უდრის ფრაზას „ნატოში არ გვიღებენ რუსეთის თანხმობის გარეშე“ და რამდენადაც ნამეტნავად რთული წარმოსადგენია რუსეთი ამას ოდესმე დათანხმდეს, შესაბამისად ხდება იმ აზრის განმტკიცებაც, რომ ნატოში არასდროს არ მიგვიღებენ.
თუმცა, ქვეტექსტები ამით არ მთავრდება.
დამპლური თამაშები
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლოგიკურად ისმის მორიგი კითხვა: თუ დასავლეთმა იცოდა, რომ რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ მიიღებდა საქართველოს ნატოში, რატომ გასცა ასეთი დაპირება? რატომ მოიტყუა?
ცხადია, აქ უნდა გამოვრიცხოთ ის ვარიანტები, რომ დასავლეთში არ იცოდნენ რუსეთის პოზიცია ან ეგონათ, რომ დაითანხმებდნენ, რადგან რა რა და ამხელა ქვეყნებს თავიანთი სადაზვერვო და ანალიტიკური სამსახურებით შეუძლებელია დეტალურად არ სცოდნოდათ რუსეთის დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. ამიტომ რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი: დასავლეთმა შეგნებულად მოიტყუა, ანუ ნატოში იცოდნენ, რომ მათი დაპირება არ შესრულდებოდა და მაინც დადეს მიღების პირობა.
ამის მიზეზი კი, თუ გულუბრყვილობას და არცოდნას გამოვრიცხავთ, შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ საქართველოს შეგულიანება და რუსეთის წინააღმდეგ წაქეზება, ერთი მხრივ, და რუსეთის გაღიზიანება და აგრესიისკენ წაქეზება, მეორე მხრივ. რაში სჭირდებოდა ეს ნატოს და ჭირდებოდა თუ არა საერთოდ – ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა. შეთქმულების თეორიის მეთოდოლოგიით ყველაფრის ახსნა შესაძლებელია.
სხვანაირად რომ ვთქვა, „ნატოში მაინც არ გვიღებენ“ ლოგიკას თუ გავყვებით, გამოვა, რომ ნატო გვითრევდა რუსეთთან დაპირისპირებაში, ფაქტობრივად ომში. რამეს ხომ არ გაგონებთ ეს ნარატივი?
შეჯამება
დასკვნის სახით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაზა „ნატოში მაინც არ გვიღებენ“ ჰგავს ცნობილ რუსულ სათამაშო მატრიოშკას, სადაც ერთ ხის თოჯინას თავს თუ მოხდი, გამოჩნდება მეორე, მეორეს თუ მოხდი თავს კიდევ ერთი გამოჩნდება, მერე კიდევ ერთი და ა. შ. ამ ფრაზის შინაარსი თავის თავში იტევს კიდევ სხვა შინაარსებს, კერძოდ:
ა) „ნატოში მაინც არ გვიღებენ“ ნიშნავს, რომ არ გვიღებენ არა მხოლოდ ამ მომენტში, არამედ საერთოდ;.
ბ) არ გვიღებენ იმიტომ, რომ ამის წინააღმდეგია რუსეთი. ნატო ვერ მიდის რუსეთის წინააღმდეგ, ესე იგი რუსეთი მაგარია;
გ) ნატომ მოგვატყუა, როცა დაგვპირდა მიღებას და მაინც დაგვპირდა იმიტომ, რომ რეალურად მათი მიზანია საქართველოს დატაკება რუსეთთან.
და ეს ყველაფერი ჩატეულია ერთ პატარა, თითქოსდა ნეიტრალურ და უწყინარ ფრაზაში. ფსიქოლოგები დამემოწმებიან, რომ ასეთი დაფარული გზავნილები ძალიან ეფექტურად მუშაობს, რადგან ურტყამს პირდაპირ ემოციას და არა რაციოს, ზემოაღნიშნული ქვეტექსტების აღქმა ხდება ერთბაშად და ერთდროულად და არა განსჯა–გარჩევის შედეგად.
ასევე (ახლა უკვე პოლიტიკის ექსპერტები დამემოწმებიან), ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თეზისი არის პირდაპირი რუსული პროპაგანდა. სწორედ რუსეთი ამტკიცებს, რომ ნატო ებრძვის რუსეთს და ამ მიზნით იყენებს და წირავს დაღუპვისთვის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. ეს არის ერთ–ერთი ფუნდამენტური თეზისი, რომელსაც ეყრდნობა რუსეთის პოლიტიკა, როგორც თვითონ უწოდებენ, „ახლო საზღვარგარეთში“. გარდა ამისა, რუსული პროპაგანდის უმნიშვნელოვანესი განზომილებაა რუსეთის უძლეველობის მითის დამკვიდრება პოსტსაბჭოთა სივრცეში და რომ თითქოს დასავლეთი იძულებულია, შეეგუოს იმას, რომ ეს სივრცე რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სფეროა. მართალია, უკრაინაში რუსეთის აგრესიამ და დასავლეთის რეაქციამ აგრესიაზე, ამ აზრს თითქოს საფუძველი გამოაცალა, მაგრამ როგორც ცნობილი ლიტერატურული დეტექტივი ნირო ვულფი ამბობს, ამქვეყნად ყველაზე დიდი ძალა ინერციის ძალაა.
სიმართლე
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი ფრაზა, „ნატოში მაინც არ გვიღებენ“ თავისთავად არის საკმაოდ ეფექტური რუსული პროპაგანდა მთელი თავისი ქვეტექსტებით და ქვეცნობიერზე მოქმედი შიგთავსებით. მით უმეტეს, რომ იგი თავისუფლად შეიძლება წარმოთქვას არაპრორუსმა და პროდასავლელმაც, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ქვეტექსტები და მატრიოშკას ეფექტი იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვირწმუნებთ იმას, რომ ნატოში არასდროს არ მიგვიღებენ. თუ ამას დავიჯერებთ, მაშინ, რასაკვირველია, ყველა ზემოთ ნახსენებ ქვეტექსტებსაც ლოგიკურად მივიღებთ.
მაგრამ საქმეც ის არის, რომ ეს თეზა არ არის სიმართლე და საერთოდ საკითხის ასე დასმა არის პრინციპულად მცდარი. ნატოში შესვლა არის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესი. ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი საფრთხეა რუსეთი და რუსეთისგან დაცვის ყველაზე საიმედო გარანტი არის დასავლეთი. ნატოც ჩვენ გვჭირდება ამისთვის და არა იმიტომ, რომ სახელი მოგვწონს მისი. თუ რაიმე ალტერნატიული ვარიანტების განხილვაა აქ შესაძლებელი, ისევ და ისევ ნატოს წამყვანი ქვეყნების (ამერიკა, ინგლისი) მონაწილეობით. ანუ დასავლეთის სამხედრო სხვა ვარიანტი საქართველოს უსაფრთხოებისა, უბრალოდ არ არსებობს, თუ, რასაკვირველია, სერიოზულად არ განვიხილავთ იმას, რომ რუსებს მოვთაფლავთ და „დავაი გენაცვალე ვიპიმ, ტუდა–სუდა პაგულიაემ“ ტიპის ბაზარ–ვაგზალით გამოვტყუებთ უსაფრთხოებას.
და ის, რომ დასავლეთი დაპირებულია საქართველოს ნატოში მიღებას ტყუილი კი არ არის, არამედ შესაძლებლობა და შანსია, რომლის გამოყენებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ და არა ფეხი-ფეხზე გადადებული ველოდოთ, როდის მოიღებენ ჩვენზე მოწყალებას. ეს გულისხმობს პროაქტიულ საგარეო პოლიტიკას და გარკვეულ რისკებსაც.
ცხადია, ეს არ არის ადვილი, მაგრამ ადვილი, როგორც ძველად იტყოდნენ, ფლავის ჭამაა. პოლიტიკის კეთება კი პროცესია და ამ პროცესში საქართველოს პოლიტიკური მომავალი დიდწილად სწორედ ქართველი ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული.
თუმცა, ეს სხვა თემაა. მანამდე კი, თუ გვინდა უნებლიედ არ შევუწყოთ ხელი რუსულ პროპაგანდას, არასდროს ვთქვათ ფრაზა – „ნატოში მაინც არ გვიღებენ“.
კომენტარები