აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, სათაურით – “პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში”.
დასაწყისშივე ერთმანეთისგან გამიჯნეს ქართველი ხალხი, რომელსაც, მათივე თქმით, დასავლეთში ინტეგრაციის ძლიერი სურვილი აქვს (NATO-ში გაწევრიანება მოსახლეობის 75%-ს, EU-ში – 88% სურს), და ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოქმედებებით ამომრჩევლის სურვილის საწინააღმდეგო კურსს ირჩევს.
“ქართული ოცნება, რიტორიკულად კვლავ უჭერს მხარს დასავლეთში ინტეგრაციის პოლიტიკას. თუმცა, მათი მოქმედებები გვიმტკიცებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება წარმატების მისაღწევად არასწორ ფსონს დებს.
ჩვენ ვალდებულნი ვართ იმ ქართველის წინაშე, რომლებსაც სურთ ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, რომ აეკრძალოთ მოგზაურობა და დაუწესდეთ სხვა სანქციები იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან დასავლეთთან საქართველოს მომავალს”. – ვკითხულობთ სტატიაში.
“მთავრობამ აწარმოვა დევნისა და დემონიზაციის კამპანია ქვეყნის ოპოზიციის, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის, ლიდერების წინააღმდეგ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შარშან შემოდგომაზე უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა, დააპატიმრეს – მან ციხეში ჯანმრთელობის გაუარესება და არასათანადო მოპყრობა განიცადა”. – წერს კრამერი და კელი საერთო სტატიაში.
ავტორთა შეფასებით, ქართული ოცნება გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით იღებენ, თუ რა სურს პუტინს. ამასთანავე, მათი თქმით, პუტინის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლება ომს ხედავს, როგორც ოპონენტის განადგურების საშუალებას.
“პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტი (და ახლა პატიმარი) სააკაშვილი მმართველობაში ჯერ კიდევ რომ ყოფილიყო, საქართველოში “მეორე მარიუპოლი” იქნებოდა”. – ვკითხულობთ სტატიაში.
“საქართველოს მთავრობა არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, არ აძლევს საკუთარ მოქალაქეებს შესაძლებლობას იბრძოლონ უკრაინაში, სავარაუდოა, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებიდან თავის არიდებაში, ამასთანავე, აიძულა უკრაინა საქართველოდან ელჩი გაეწვია”. – წერია სტატიაში.
კელისა და კრამერის თქმით, აუცილებელია არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესდეს.
“კოლომოისკისა და პლაჰოტნიუკის მსგავსად, რომლებიც აღარ იყვნენ მთავრობაში სანქცირების დროს, ივანიშვილი და მისი ახლო წრე ამომრჩევლების წინაშე ანგარიშვალდებულნი არ არიან, თუმცა აშკარად აქვთ დიდი გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკაზე”. – წერს კრამერი და კელი.
საბოლოოდ, ავტორთა შეფასებით, ჯერ კიდევ არის შანსი, შეჩერდეს საქართველოს მარიონეტ რეჟიმად ქცევა. ამისათვის, მათი განმარტებით, აუცილებელია გაძლიერდეს დასავლეთი, რათა შეაჩეროს მთავრობა, განსაკუთრებით “ისინი, ვინც კულისებიდან მართავენ”, რომ “არ დასცილდეს საქართველო დასავლეთს და არ დაუხლოვდეს რუსეთს”.
წყარო – ტაბულა
კომენტარები