ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საქართველოს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი, სამხედრო ექაპერტი, გიორგი თავდგირიძე.
– ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, ბევრს არ სჯერა, რომ ის მისი მოწყობილია. საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ტერაქტი რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებულია. თქვენ რას იტყვით, რუსეთის მოწყობილია თუ არა და თუ ასეა, რაში აწყობდა ეს ტერაქტი რუსეთს?
– მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად. ვიდრე დეტალებში შევალთ, მანამდე რაც ზედაპირზე დევს, ამ ტერაქტზე, ამ უზარმაზარ მსხვერპლზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო ვლადიმერ პუტინმა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპის ქვეყნებმა საჯაროდ გააფრთხილეს რუსეთის მოსახლეობა და თავისთავად ხელისუფლება, რომ რუსეთში და კერძოდ, მოსკოვში მოსალოდნელი იყო ტერორისტული აქტი და ის დიდი სახალხო ღონისძიების დროს მოხდებოდა. ეს გაფრთხილება უყურადღებოდ დატოვა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა და პირდაპირ დასცინა ევროპასაც და ამერიკასაც ამ გაფრთხილების გამო, აბსურდი და პროვოკაცია უწოდა მათ განცხადებებს. მათ ჩვენი შეშინება უნდათ და ჩვენ არ შევშინდებითო, მერე დასძინა. ერთი თვეც არ გავიდა ამ გაფრთხილებიდან და მოხდა ეს ტერაქტი და თან ზუსტად მოსკოვში. პუტინი არის პასუხისმგებელი ამდენი ადამიანის სიკვდილზე, რადგან ყურად არ იღო ეს გაფრთხილებები, ეს იყო დანაშაულებრივი გულგრილობა მისი მხრიდან. ახლა დეტალებს მივყვეთ. ეს არც შეთქმულების თეორიაა და არც მიზანმიმართული ძიება მიზეზებისა, რომ ტერაქტის მოწყობა რუსეთს დაბრალდეს. მხოლოდ მშრალი ფაქტები გავაანალიზოთ, რაც საინფორმაციო საშუალებებით თუ ინტერნეტით გავრცელდა, ის ინფორმაცია და ვიდეოები. საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვაა, მათ უნდა გაეცეს პასუხი და ამ კითხვებს რუსებიც სვამენ. ეს კითხვები იქიდან გაჩნდა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები არ შეესაბამება გავრცელებულ ვიზუალურ და სხვა სახის ინფორმაციას. ეს ყველაფერი აჩენს საფუძვიან ეჭვს, რომ ტერაქტში რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი. პირველ რიგში, ეჭვს იწვევენ ტერაქტში ბრალდებული ტაჯიკები, რომლებიც შორს არიან სამხედრო საქმისგან, სპეციალური მომზადებისგან. ამ დროს ასეთი ადამიანები ახერხებენ კარგად ორგანიზებული სპეცოპერაციის ჩატარებას. კი, ეს ტერაქტი კარგად იყო ორგანიზებული. ტერორისტებს ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, სად და როგორ უნდა მისულიყვნენ, შესწავლილი ჰქონდათ სავაჭრო ცენტრი და იქ მდებარე საკონცერტო დარბაზი თავიანთი საევაკუაციო გასასვლელებით და სხვა ადგილებით, ჰქონდათ მოქმედების ზუსტი გეგმა. ყველა ნაბიჯი ჰქონდათ გათვლილი, დაგეგმილი. შემთხვევითი პირები როდესაც ერთად იკრიბებიან, ისინი ასეთ კოორდინირებულ მოქმედებას ვერ ახერხებენ. 4 ადამიანი 150–მდე ადამიანის მოკლას და ლამის ერთი ამდენის დაჭრას ახერხებს, ესეც იმას ნიშნავს, რომ ტერორისტები კარგად იყვნენ მომზადებულნი ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად. ფიზიკურ მხარეზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, ვინც დააკავეს, ის ადამიანები აშკარად არ სტოვებდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მომზადებული ტერორისტების შთაბეჭდილებას. სავაჭრო ცენტრიდან ერთ კილომეტრში მდებრეობს „ომონის“ ბაზა, საიდანაც ცენტრამდე მირბენას ფეხით 4 წუთი სჭირდება და ამ დროს, ამ რაიონში ანტიტერორისტული ჯგუფი 1 საათში გამოჩნდა. ეს პირველ და მთავარ კითხვას აჩენს – რატომ არ მოხდა სამართალდამცავთა დროული რეაგირება?
– ეს იმ დროს, როდესაც სამაშველო სამსახურის ცხელ ხაზზე უკვე ათასობით ზარი იქნებოდა შესული, როგორც სავაჭრო ცენტრში, იქ მდებარე საკონცერტო დარბაზში მყოფებისა, ასევე გარეთ მყოფებისაც, რადგან გარეთ ხალხი უკვე ხედავდა, როგორ იწვოდა დარბაზი და სროლის ხმაც ესმოდათ. მომხდარიდან 1 საათში სოც–ქსელებში უარმავი ვიდეო იდო, როგორ იწვოდა სავაჭრო ცენტრი. მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და რუსეთის პოლიციამ და სპეცსამსახურებმა ვერ გაიგეს?
– ფაქტია, ვერ გაიგეს ან გაიგეს და სპეციალურად, გვიან დაიწყეს რეაგირება. კი, ესეც საეჭვო ფაქტია. სავაჭრო ცენტრში პოლიციის 40 კაციანი განყოფილება იყო, რომელთაც ცხადია, მთელი ტერიტორია შესწავლილი ექნებდათ, ეცოდინებოდათ საფრთხის შემცველი ზონები და ისიც ეცოდინებოდათ, ექსტრემალურ და მათ შორის, ტერაქტის დროს როგორ უნდა ემოქმედათ. ასევე, იცოდნენ საეჭვო პირები როგორ უნდა ამოეცნოთ. ამ დროს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 4 პირი შედის სავაჭრო ცენტრში, იწყებს სროლას და დღემდე არაფერი გვსმენია მათი მოქმედების შესახებ. დაუჯერებელია, რომ ორმოცივე პოლიციელი დაიმალა. როგორ დავიჯერო, ერთი ტერორისტის დაჭრა ვერ მოახერხა ორმოცმა შეიარაღებულმა პოლიციელმა? მათ ხომ ტაბელური იარაღი ჰქონდათ, პისტოლეტები. არც პოლიციელთაგან არის ვინმე დაჭრილი. სად იყო ეს ხალხი? გამოდის, ყველა უმოქმედოდ იყო. ეს ეჭვი თუ გაუგებრობა უფრო ძლერდება, როდესაც გავიხსენებთ, რომ იმ სავაჭრო ცენტრში, დარბაზში იმხელა ჩატარდა, იმდენი ხალხი მივიდა დამატებით ცენტრში და ლოგიკურად, პოლიციას საგანგებო რეჟიმში უნდა ემუშავა–განსაკუთრებული ყურადღებით და სიფრთხილით. გარდა მაგისა, საინტერესოა ერთი ფაქტიც. დაუჯერებელია, იმხელა სავაჭრო ცენტრში, იმდენ ადამიანში არ ყოფილიყვენ იარაღის ტარების უფლების მქონე ადამიანები ტაბელური იარაღით, მოქმედი და ყოფილი ძალოვანები. როდესაც სროლა ატყდა, დავიჯერო, არც ერთმა მათგანმა თავდაცვის, ოჯახის წევრების დაცვის მიზნით სროლა არ ატეხა? არც ამაზე არსებობს რაიმე ინფორმაცია. პოლიციელებს ან მოქალაქეებს სატაბელო იარაღიდან სროლა რომ აეტეხათ, ტერორისტები ვერ შესძლებდნენ ამდენი ხალხის ასე ხელაღებით დახოცვას, ისინიც თავდაცვაზე გადავიდოდნენ და შეეცდებოდნენ ცენტრის სასწრაფოდ დატოვებას. ისინი არ იყვნენ კამიკაძე–ტერორისტები, რომელთა ერთადერთი მიზანი ხალხის დახოცვა იყო და მზად იყვნენ თვითონაც დახოცილიყვნენ. მათი გეგმა იქიდან ცოცხლად გამოღწევა იყო და ეს გააკეთეს კიდეც. ბევრი თემაა, მაგრამ რამდენიმეა ნიშანდობლივი. გადაღებულ კადრებში რამდენიმე ადამიანი ჩანს, რომლებიც საკმაოდ აუღელვებლად იქცევიან და სავაარაუდოდ, ისინი არიან რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები. ისინი ორგანიზებას უნდა უწევდნენ ცეცხლოდებული საკონცერტო დარბაზიდან ხალხის გასვლას და ამ დროს, ყველანაირად ხელს უშლიან მათ ამაში. არის მოსაზრება კომპეტენტურ ექსპერტების ჯგუფებიდან, რომ ერთ–ერთი ლურჯმაისურიანი მამაკაცი, რომელიც დარბაზში იყო, გამოსახულია იმ კადრებზეც, როდესაც ერთ–ერთ ტაჯიკ ტერორისტს აკავებენ. დაკავების დროს მას ნიღაბი უკეთია, მაგრამ აღნაგობით და სხვა მახასიათებლებით, ეს ერთი და იგივე პიროვნებაა, რაც თავისთავად ბადებს ეჭვს. უცნაურია, ეს კარგად ინფორმირებული, მომზადებული ჯგუფი ჩნდება იმ მანქანაში, რომელიც გადაღებული აქვს ოპერატორს. წინ მიდის თეთრი ფერის „რენო“, სადაც ტერორისტები არიან, უკან მიყვება მეორე მანაქანა, რომელიც ტერორისტების მანქანას იღებს, კადრებში ჩანს, როგორ გადმოდიან მანქანიდან ტერორისტები, როგორ შედინ ცენტრში, როგორ იწყებენ სროლას. შემდეგ გადაღებულია, როგორ ჯდება ოთხი ტაჯიკი იმ მანქანაში და როგორ ტოვებს ტერიტორიას. ამ გადაღებული მოქმედებების 90% არ შეესაბამება ამ ჯგუფის მიერ ოპერაციის ჩატარების ადგილის დაკავებას. ეს კადრები არის ლაფსუსი. რუსი და არა მხოლოდ რუსი ბლოგერები აცხადებენ, რომ ჯგუფი, რომელიც გადმოდის მანქანიდან და იწყებს მოქმედებას არიან ნამდვილი ტერორისტები, ხოლო ტაჯიკები, რომლებიც ტერაქტის მერე სხდებიან მანქანაში, ის ხალხია, რომელთაც თითოს 5000$ შესთავაზეს ამ მანქანის გარკვეულ ტერიტორიაზე გადაყვანაში. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ორი სხვა და სხვა ჯგუფია, ტერაქტი სხვა ოთხეულმა მოაწყო და დააკავეს სხვა ოთხეული, რომლებიც წინასწარ „დანიშნეს“ ტერორისტებად. შესაძლოა, ეს „ისლამური სახელმწიფოს“ დაგეგმილი იყო, გაწირეს ტაჯიკები და შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, თუკი მათი ხელი ურევია ამ ტერაქტში. რუსული სპეცსამსახურების ყურები რომ ჩანს ამ ტერაქტში, ეს ცხადზე უცხადესია. მინიმუმ, ისინი შეეცადნენ ეს ტერაქტი თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. რა ნაწილია ტერორისტული ორგანიზაციის მიერ უშუალოდ დაგეგმილი და განხორციელებული, რა ნაწილია დამატებული და ჩამატებული „ფეესბეს“ მხრიდან, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ რუსეთში როგორ იძიებენ ასეთ საქმეებს, მოგეხსენებათ და თუ „ფეესბეა“ ამ საქმეში გარეული, მას არავინ გამოიძიებს. ბევრი კითხვა დარჩება პასუხგაუცემელი, ამას უნდა შევეგუოთ. რა მტკიცებულებებიც არ უნდა ჩაგვივარდეს ხელში, რომ „ფეესბე“ ტერაქტში იყო გარეული, ფუნდამენტური და ობიექტური გამოძიების გარეშე, ბოლომდე ამას ვერ დავამტკიცებთ. აქვე ერთს დავამატებ. მოსკოვში ჩავიდა ტერორისტთა ჯგუფი, სადაც კვირები და შესაძლოა, თვეები ცხოვრობდნენ. დეტალურად შეისწავლეს ის ადგილი, სადაც ტერაქტი უნდა მოეწყოთ–იქ მისასვლელი და გამოსასვლელი გზები, სავაჭრო ცენტრი და იქ არსებული საკონცერტო დარბაზი. მერე იდეალურად ჩაატარეს ტერაქტი და ადგილს ტოვებენ იმავე მანქანით, რომლითაც მივიდნენ. საერთოდ არ სჭირდებოდათ მანქანა იმ ტერიტორიის დასატოვებლად, შეიცვილდნენ გარეგნობას, გამოიცვლიდნენ სამოსს და ისე გამოაღწევდნენ შემთხვევის ადგილიდან. თან, მერე მანქანით რიაზანისკენ წავიდნენ მაშინვე, როდესაც იციან, რომ ეძებენ, ქალაქში უკვე გაძლიერებული ბლოკ–პოსტებია და განსაკუთრებით, უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებისკენ და ჯიუტად იქით წავიდნენ. მოკლედ, იციან, რომ მათთვის ხაფანგებია დაგებული და მაინც და მაინც ერ–ერთი ხაფანგისკენ წავიდნენ. ეს არ ჯდება ლოგიკაში, რაც თავში ვთქვი და რაც ბოლოში, ეს არ ჰგავს და ერთი და იმავე ჯგუფის მოქმედებას. ყველაზე დიდი ალბათობა როგორც და სადაც იყო მათი დაკავებისა, ზუსტად ისე მოიქცნენ და იქ წავიდნენ. გამორიცხულია, ტერორისტებს არ ჰქნოდათ რუსეთის დატოვების ისეთივე იდეალური გეგმა, როგორც იქ შეღწევისა.
– დავუშვათ, რუსეთის სპეცსამსახურები ჩარეულნი იყვნენ ამ ტერაქტში რაღაც ფორმით. რაში სჭირდებოდა ეს რუსეთს? რომ უკრაინისკენ გაეშვირა ხელი და მისთვის დაებრალებინა ტერაქტში თანამონაწილეობა? თუ სხვა რამ არის მიზეზი?
– ძნელია, რაიმე დომინანტური მიზეზის გამოყოფა. ეგ უკვე სპეცსმსხურების ძალებსაც აღემატება, ისე დაგეგმო ტერაქტი, ერთმა შეასრულოს და მეორეს გადააბრალო ისე, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არ დატოვო. როდესაც მოსკოვში, რიაზანსა და ვოლგოგრადში ააფეთქეს კორპუსები რუსულმა სპეცსამსხურებმა და ჩეჩნებს დააბრალეს, მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს რუსეთის გაკეთებული იყო. არა მარტო უცხოეთში, რუსეთშიც. წლები გავიდა და ეს დადასტურდა, „ფეესბეს“ ყოფილმა ოფიცერმა, ალექსანდრე ლიტვინენკომ დეტალურად აღწერა, როგორ დაგეგმა და შეასრულა „ფეესბემ“ ამ კორპუსების აფეთქება. რუსული პროპაგანდის მთავარი კოზირი უკრაინის მიმართ ის არის, რომ უკრაინის მიმარულებით წავიდა ტერორისტების მანქანა და რიაზანში დააკავეს. უკრაინაში ჩასვლის მერე კი აორთქლდებოდნენ. სხვა მტკიცებულებები, რომ უკრაინა ტერაქტის დამკვეთი იყო, არ გააჩნიათ. ეს ერთი ხეირი იქნება რუსეთთისთვის, თუ უკრაინას ტერაქტის შემკვეთად დაასახელებს, ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს და ამას არავინ დაიჯერებს, რუსეთის მოსახლეობის გარდა. პუტინს მტრის ხატი, ხალხში ტერორიზმის შიში სჭირდება იმისვის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აიღოს შიდა ვალი. კომერციულ ბანკებში ხალხს რაც ფული აქვს შეტანილი ანაბრების სახით, ეს თანხა შეიძლება გაიყინოს და ომში მყოფმა ხელისუფლებამ მოიხმაროს. ცხადია, ამას ხალხის დიდი წინააღმდეგობა მოჰყვება და პუტინს სჭირდება რაც შეიძლება ბევრი მტერი, ბევრი მოგონილი საფრთხე რუსი ხალხისთვის, რადგან ხალხის ეს უკმაყოფილება, ამ შიშის ფონზე ჩაცხრეს. ფაქტიურად, ძალისმიერი მეთოდით სესხულობს ხალხისგან ფულს სახელმწიფო და მერე ჩაატარებენ ფულად რეფორმას, ან სხვა რამეს დაარქმევენ და იგივე ოდენობის, მაგრამ ნაკლებად მსყიდველობისუნარიან თანხას დაუბრუნებენ ხალხს. მოკლედ, გაძარცვავენ საკუთარ მოსახლეობას. პუტინი ძალიან ბევრი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას აპირებს, რომლებიც მოსახლეობას არ მოეწონება და მათი უკმაყოფილების ჩასაცხრობად კიდევ ბევრ რაიმეს გააკეთებენ. საფრთხის შიში კი საუკეთესოდ მუშაობს ამ დროს. აქვე, პუტინი კიდევ ერთ მოგებას ნახავს. ვინ უნდა შეაკავოს ეს საფრთხე, ვინ უნდა გაანადგუროს გარე მტრები, ტერორისტები იქნებიან თუ სხვები? რა თქმა უნდა მკაცრმა ხელმა, ძლევამოსილმა პუტინმა. რუსული მედია უკვე აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.
კომენტარები