რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSO) კაპიტანი გლებ კარაკულოვი, რომელიც დეპარტამენტში 2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ინჟინრად მუშაობდა და პუტინისთვის საიდუმლო კომუნიკაციებს უზრუნველყოფდა, საზღვარგარეთ წავიდა და დაგმო უკრაინის წინააღმდეგ ომი.
ინტერვიუ კარაკულოვთან სამშაბათს „ცენტრმა დოსიემ“ გამოაქვეყნა. არაკულოვი გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ასახელებს.
მან პუტინს უწოდა “ომის დამნაშავე”, რომლის სამსახურში ყოფნა მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.
ოქტომბერში კარაკულოვი მივლინებით გაგზავნეს ყაზახეთში, სადაც მისი ცოლ-შვილიც ჩავიდნენ. იქიდან, კარაკულოვის მივლინების ბოლო დღეს, ის და მისი ოჯახის წევრები სამსახურებრივი პასპორტით სტამბოლში გაფრინდნენ.
ინტერვიუში ოფიცერი დეტალურად საუბრობს, როგორ მუშაობს სახელმწიფო დაცვის სამსახური. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი არ იყენებს არც მობილურ ტელეფონს და არც ინტერნეტს.
“ყველა ინფორმაციას ის იღებს მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მასთან უშუალოდ არიან დაახლოებულნი. ის ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს”, – ამბობს სპეციალური კომუნიკაციების ოფიცერი.
მან ასევე დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებსაც პუტინთან ერთ ოთახში უწევთ ყოფნა, ორკვირიან კარანტინს ისევ გადიან. კარაკულოვის თქმით, მან არ იცის რუსეთის პრეზიდენტის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს FSO-ს ყოფილ თანამშრომელთან ინტერვიუზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
კომენტარები