რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ გააცოცხლებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის აღდგენა მხოლოდ რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
პუტინის თქმით, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ყველა მოთხოვნის შესრულებიდან რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.
„მინდა, გავიმეორო ჩვენი პრინციპული პოზიცია: ჩვენ მზად ვიქნებით, განვიხილოთ მარცვლეულის გარიგების აღორძინების შესაძლებლობა, ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს და ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც კი შესრულდება ყველა შეთანხმება რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ჩვენ ახლოს ვართ აფრიკის ექვს სახელმწიფოსთან შეთანხმების დასრულებასთან, სადაც ვაპირებთ საკვების უფასოდ მიწოდებას და თუნდაც უფასო ლოგისტიკის განხორციელებას ამ ტვირთის მიწოდებისთვის. მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია, მიწოდება უახლოეს ორ კვირაში დაიწყება. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავაძლიეროთ ინიციატივები, როგორც თურქეთის პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვს, დავუბრუნდეთ შავი ზღვის ინიციატივას და მივაწოდოთ მარცვლეული უღარიბეს ქვეყნებს თურქეთთან და კატართან ერთად“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“
კომენტარები