საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
რუსეთ-უკრაინის ომი [შეჯამება | 19.09.2024]:
– პუტინს სამხედრო ძალების გაზრდა 180 ათასი ადამიანით სურს. ომის დაწყებიდან დღემდე მან 130 ათასითა და 170 ათასი პერსონალით გაზარდა სამხედრო ძალების შემადგენლობა. ბოლო ზრდა კი ცოცხალი ძალის სერიოზულ დეფიციტს უკავშირდება, რომელიც ერთდროული, სინქრონიზებული და მრავალმიმართულებიანი იერიშების საშუალებას არ აძლევს რუსეთს.
– The Wall Street Journal-ის ინფორმაციით რუსეთის რიგებში 200 ათასი მოკლული და 500 ათასი დაჭრილი სამხედროა. ამ ციფრებში არაა შეყვანილი 60-70 ათასი მოკლული სეპარატისტი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ისევე როგორც კერძო სამხედრო ორგანიზაციების (მაგ. “ვაგნერი”) გამოყენებული პატიმრები ან კონტრაქტორები. მათი დამატებით რუსებს 270 ათასამდე მოკლული ჰყავთ.
უკრაინელთა დანაკარგებზე საუბრისას წყარო აღნიშნავს, რომ 80 ათას მოკლულსა და 400 ათას დაჭრილსა და დაშავებულზე. ზოგადად, ვარაუდი, რომ უკრაინელებს სამჯერ ნაკლები ექნებოდათ დანაკარგი, ამ მონაცემებიდანაც ჩანს. მაგრამ არის აქ ერთი ცვლადიც: რუსული ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების სახით ბევრად ბუნდოვანი და აღურიცხავია. თუმცა The Wall Street Journal-ის ინფორმაციაზე გვაქვს საუბარი, რაც ცხადია არც უკრაინელთა მხრიდანაა დადასტურებული და არც რუსების მხრიდან.
საინტერესოა კიდევ ორი დეტალი:
1. უკრაინელები 25 წლამდე ასაკის მამაკაცების მობილიზაციას ერიდებიან, რადგან მათ ჯერ კიდევ არ გაუჩენიათ ბავშვები. შესაბამისად, მათი დაღუპვა ერისთვის ორმაგი მსხვერპლი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, დაღუპულების ასაკი შუახნის მამაკაცებზე მოდის.
2. რუსეთში სანახევრო მობილიზაცია 2022 წლიდან მიმდინარეობს. მოკლული რუსი სამხედროების ასაკი განსხვავებულია, რადგან პუტინი ამ მხრივ არ ერიდება საკუთარი მოსახლეობის ცოცხალ მასად გამოყენებას. მაგრამ არის ერთი საინტერესო ამბავიც: არის ვერსია, რომ პუტინს ამ წლის გაზაფხულზე შესთავაზეს საყოველთაო მობილიზაცია ცოცხალი ძალის დეფიციტის გამო, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი კი არა შობადობის საკითხი, არამედ ეკონომიკური კრიზისია – შრომისუნარიანი ცოცხალი ძალის დეფიციტი რუსეთზე უკვე მძიმედ მოქმედებს, ომმა და სანახევრო მობილიზაციამ კი ქვეყნიდან კატასტროფულ მიგრაციას შეუწყო ხელი (ახალგაზრდა, შრომისუნარიანი მოქალაქეების). საყოველთაო მობილიზაციამ კი სრულიად შეიძლება გამოფიტოს ქვეყნის ეკონომიკა. ეკონომიკური მხარდაჭერის გარეშე კი ისედაც დემოტივირებული ჯარი სრულიად უპერსპექტივოა.
სხვა დეტალი კი კიდევ ისაა, რომ უკრაინელებს ტექნიკური უპირატესობა არ აქვთ. ამ მხრივ თუკი ისინი შესამჩნევ ტექნიკურ უპირატესობასა და მასშტაბურ დასავლურ შეიარაღებას მიიღებენ, მაშინ დაღუპულების შეფარდება 1/5-ზეც შეიძლება გახდეს.
– დონეცკის ოლქში, ქალაქი დონეცკის დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით, ვუჰლედარის მიმართულებაზე რუსები მასირებული იერიშით ცდილობენ წინ წაწევას. თუკი პოკროვსკის მიმართულება უკრაინელებმა შედარებით დაასტაბილურეს, სამხრეთ ნაწილში სიტუაცია დამძიმდა. ნათელია რომ რუსები 2023 წლიდან განმეორებადი შტურმების სამიზნე ვუჰლედარს უმიზნებენ, ისევე როგორც კურახოვესა და კურახივკას.
რუსები ჩქარობენ და არ ერიდებიან ცოცხალი ძალის მასობრივ შეწირვას. თავად ხუმრობენ, რომ ამ მიმართულებაზე ადამიანთა ხორცსაკეპია მოწყობილი, მაგრამ პრაქტიკულად უწყვეტი, მცირე დაჯგუფებებისაგან შემდგარი ტალღებით ცდილობენ თავდაცვის პოზიციების გარღვევას.
– უკრაინელებმა შეძლეს და ხარკივის ოლქში, ხარკივი-ლუგანსკის ოლქების მიმართულებაზე კუპიანსკის აღმოსავლეთით დაიბრუნეს ტერიტორიები. რუსეთი მდინარე ოსკილამდე – ერთგვარ ბუნებრივ ბარიერამდე – ცდილობს მიღწევას. მაგრამ ბოლო ერთ თვეში უკრაინელთა მხრიდან ეს უკვე მესამე წარმატებული ლოკალური შეტევაა ამ მიმართულებით. საინტერესოა, რომ რუსებს ამ სექტორში იერიშები არასდროს შეუწყვეტიათ და 2022 წლის შემოდგომიდან მოყოლებული პრაქტიკულად უწყვეტი საბრძოლო მოქმედების არენადაა ქცეული.
– დონეცკის ოლქში, უკრაინელებმა მარიუპოლში რუსულ იარაღის საწყობზე მიიტანეს იერიში და გაანადგურეს ის. ასეთი საველე ან დროებითი საწყობები ბევრი აქვთ რუსებს მოწყობილი, რაც პერიოდულად ხდება უკრაინული სამიზნე.
– უკრაინელებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში, პოჩეპში 856-ე საარტილერიო ბრიგადის ბაზა დაბომბეს. არის ვერსია რომ გამოყენებული იყო უკრაინული ახალი დრონი/ფრთოსანი რაკეტა “პალიანიცა”.
– უკრაინელები რუსეთის კურსკის ოლქში აგრძელებენ შეტევას ვესელოეს მიმართულებით, გლუშკოვოს რაიონში. ამ მიმართულებაზე სიახლე მხოლოდ ისაა, რომ შეტევის არა სიღრმე, არამედ ჰორიზონტალური გაფართოება მოხდა. შეტაკებები უშუალოდ ვესელოეში მიმდინარეობს. ტყვეებს შორის კვლავ გაწვეული რუსი წვევამდელები არიან.
– უკრაინელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის მთავარი სუსტი წერტილი როტაციაა – როდესაც ერთი დანაყოფის მეორე დანაყოფით ჩანაცვლება ხდება. ამ დროს რუსები იწყებენ ორგანიზებულ თავდასხმას უკრაინელებზე, რაც ახალმოსულ დანაყოფებს ურთულებს პოზიციებზე განლაგებასა და მათ შენარჩუნებას. არადა როტაციის გარეშე გამოფიტული ძალების დასვენება და გადახალისება ვერ მოხდება.
– რუსეთში 5.5 წელი მიუსაჯეს იური კოხოვეცს, ადამიანს, რომელმა რადიო თავისუფლებას ქუჩაში ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ ომი ცუდი იყო. რუსეთი სრულფასოვან ტოტალიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელშიც აზრის გამოთქმის საშუალება აღარ აქვს უბრალო მოქალაქეს. მას მხოლოდ სიკვდილი შეუძლია მითიური იმპერიისათვის.
კომენტარები